Accessibility links

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მე-6 კორპუსის დატოვებისკენ მოუწოდეს „აუდიტორია 115“-ის წევრებს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წევრებს მოუწოდეს, დატოვონ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. სტუდენტების ჯგუფმა აქცია გამართა და სასწავლო პროცესის განახლება მოითხოვა. აქციის მონაწილე სტუდენტების განცხადებით, დღესვე გეგმავენ შეხვედრას „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებთან და თუ მათთან დიალოგი უშედეგოდ დასრულდება, პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების გამო, მათ აუდიტორიები გამოუყვეს ე.წ. მაღლივ კორპუსში, თუმცა პრაქტიკული სწავლებისათვის აუცილებელი ტელე და რადიოაპარატურა მე-6 კორპუსშია განთავსებული. მოძრაობის „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა თსუ-ს მე-6 კორპუსი გასულ პარასკევს დაიკავეს თვითმმართველობის გაუქმების და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG