Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი უარყოფს, რომ დემონსტრანტებს ორი წლის წინ მისი ბრძანებით ესროლეს


უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის სასამართლოს რუსეთიდან ვიდეოჩართვის დროს უთხრა, რომ არასოდეს უბრძანებია სამართალდამცველებისათვის ცეცხლის გახსნა 2014 წელს ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტებისათვის. ეს იყო 66 წლის იანუკოვიჩის, როგორც მოწმის, პირველი ჩვენება უკრაინის სასამართლოში მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც 2014 წლის თებერვავლში უკრაინიდან მისი გაქცევა მოჰყვა. იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სისხლისღვრას. „რაც შეეხება მაიდანზე ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას, მის შესახებ მხოლოდ მედიაში ახალი ამბებიდან შევიტყვე. მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი“, - განაცხადა იანუკოვიჩმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც განიხილავენ უკრაინის პოლიციის „ბერკუტად“ წოდებული რაზმის ხუთი ყოფილი წევრის საქმეს. მათ წაყენებული აქვთ დემონსტრანტებისათვის სროლის ბრალდება. ბევრი უკრაინელი უკმაყოფილოა, რომ თვითონ იანუკოვიჩი არ არის ბრალდებულებს შორის. 28 ნოემბერს ბრალდების მხარემ გამოაცხადა, რომ დაიწყო პროცედურა იანუკოვიჩისათვის სახელმწიფოს ღალატის ბრალდების წასაყენებლად.

XS
SM
MD
LG