Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მონაცემებით, რუსეთს, სულ ცოტა, 5000 ჯარისკაცი ჰყავს აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთს 5000-დან 7500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს უკრაინის ტერიტორიაზე გარდა კონტინგენტისა, რომელიც რუსეთთან მიერთებულ ყირიმშია განთავსებული. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ დოლგოვმა 29 ნოემბერს კიევში უთხრა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ყირიმში იმყოფება რუსეთის 23 000 სამხედრო მოსამსახურე და მათგან 9000-მდე ჯარისკაცია განთავსებული ყირიმისა და უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ამას გარდა, რუსეთს 55 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული უკრაინის საზღვართან ძალიან ახლოს. ამ ინფორმაციას ჯერ არ მოჰყოლია მოსკოვის გამოხმაურება, თუმცა მას ბევრჯერ აქვს უარყოფილი ბრალდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. ამასთან, უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ მოსკოვი სამხედრო ძალით, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს. მიმდინარე თვეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი შეაფასა, როგორც „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი“ რუსეთსა და უკრაინას შორის. გაეროს მონაცემებით, 2014 წელს დაპირისპირების დაწყების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 9600-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG