Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია აცხადებს ალეპოში მეამბოხეებთან ბრძოლაში მორიგი წინსვლის შესახებ


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ქალაქ ალეპოში დაიპყრეს მთელი რაიონი, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. მაგრამ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი მებრძოლები უარყოფენ ამ ცნობას და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას მთავრობის ჯარების იერიშის შესაჩერებლად. სირიის მთავრობის ჯარები რუსეთის სამხედრო დახმარებით მოქმედებენ. ბოლო კვირის განმავლობაში მეამბოხეება დაკარგეს მესამედი აღმოსავლეთ ალეპოს რაიონებისა, რომლებსაც 2012 წლიდან აკონტროლებდნენ. 30 ნოემბერს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს ერთ-ერთ რაიონში, რომელიც მეამბოხეების ხელშია, სულ ცოტა, 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ იუწყება „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. მისი ცნობით, დაიჭრა ათობით ადამიანი. დაბომბვის მსხვერპლი გახდნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად გარბოდნენ აღმოსავლეთ ალეპოზე სირიის მთავრობის ჯარების იერიშის ფონზე. სირიის სახელმწიფო მედიამ კი გაავრცელა ცნობა, რომ რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა მთავრობის მიერ გაკონტროლებულ დასავლეთ ალეპოში მეამბოხეების სარაკეტო იერიშის დროს.

XS
SM
MD
LG