Accessibility links

„ოპეკის“ წევრი ქვეყნების მინისტრები ნავთობის წარმოების შეკვეცაზე შეთანხმდნენ


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, „ოპეკის“, 15 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების დღეში 1,2 მილიონი ბარელით შემცირებაზე. 30 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებით მიზნად ისახავენ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას. საუდის არაბეთის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის განცხადებით, ნავთობის ექსპორტიორი რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ არის „ოპეკის წევრი“, მათ შორის რუსეთიც დათანხმდა ნავთობის წარმოების შეკვეცას. ყატარის ნავთობმრეწველობის მინისტრის, მოჰამედ სალეჰ აბდულა ალ-სადას ინფორმაციით, რუსეთი მზად არის დღეში 300 ათასი ბარელით ნაკლები ნავთობი აწარმოოს. „ოპეკის“ შეთანხმების შესახებ ცნობის გავრცელებას მყისვე მოჰყვა ნავთობის გაძვირება: ნედლი ნავთობის ფასი 15-ოდე წუთში გაიზარდა 8-9%-ით. „ოპეკმა“ 2008 წლის შემდეგ პირველად მიაღწია შეთანხმებას ნავთობის წარმოების შემცირებაზე.

XS
SM
MD
LG