Accessibility links

ტრამპმა გადამდგარი გენერალი, ყოფილი საზღვაო მედესანტე შეარჩია თავდაცვის მინისტრის პოსტზე


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეარჩია ჯეიმს მეტისი, გადამდგარი გენერალი, ყოფილი საზღვაო მედესანტე, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებებით არის ცნობილი. ქცევის და ლაპარაკის უკმეხი სტილის გამო მეტისს სამხედრო წრეებში "ცოფიანი ძაღლის" სახელით იცნობენ. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ეს 1 დეკემბერს შეატყობინა, ოჰაიოს შტატში, ე.წ. „სამადლობელი ტურნეს“ ფარგლებში: „ჩვენ 'ცოფიან ძაღლს', მეტისს დავნიშნავთ თავდაცვის მინისტრად. მაგრამ ორშაბათამდე ამას ოფიციალურად არ ვაცხადებთ, ასე რომ არავის უთხრათ. 'ცოფიანი ძაღლი'! ის არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივი.“ მეტისი 66 წლის არის, ის ხელმძღვანელობდა საზღვაო მედესანტეთა დანაყოფებს 2001 წელს, ავღანეთში და 2003 წელს ერაყში, სადამ ჰუსეინის დამხობის მიზნით შეჭრის დროს. შემდეგ ის ახლო აღმოსავლეთში ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს, სანამ პოსტიდან გადადგებოდა 2013 წელს. ამის შემდეგ მეტისი მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებულ პოლიტიკას რეგიონში და აცხადებდა, რომ ეს პოლიტიკა იქ ექსტრემიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს. მას მკაცრი პოზიციები აქვს გამოთქმული ირანის და რუსეთის მიმართაც. სავარაუდოდ, მეტისი ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს კონგრესში, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, დამტკიცებამდე მათ მოუწევთ მოქმედ კანონში გამონაკლისის დაშვება. ეს კანონი ითვალისწინებს შეზღუდვებს, რა ვითარებაში შეუძლიათ ყოფილ სამხედროებს დაინიშნონ მნიშვნელოვან სამოქალაქო თანამდებობებზე თავდაცვის სფეროში.

XS
SM
MD
LG