Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გია ჯანდიერი
მარტი, 2015 წ.

თავის ნახევრად ჟურნალისტურ წიგნში - ეკონომიკის ერთი გაკვეთილი, ჰენრი ჰაზლითმა აღწერა ეკონომიკის შესახებ მრავალი მცდარი პოლიტიკური შეხედულება. ამ წიგნს როდესაც ხელში დაიჭერ, აღმოაჩენ, რომ ჰაზლითმა იგი მე-19 საუკუნის დიდი ფრანგი მოღვაწის ფრედერიკ ბასტიას იდეაზეა ააგო - "ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს". იგი გვაფრთხილებდა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ავიწყდებათ გადაამოწმონ რა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებები ერთ ადამიანზე და ასევე სხვებზეც, ეკონომიკის ერთ სექტორზე და სხვებზე, მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში.

სწორედ ამ გულმავიწობის შედეგად მიაჩნდათ მათ ორივეს პოლიტიკოსთა მხრიდან

ეკონომიკური პრინციპების იგნორირება. არსებობს ეკონომიკურ სფეროში ცალკე მიმართულებაც - საჯარო არჩევანი - რომელიც უფრო ზუსტად აღწერს პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრობლემურ ხასიათს და იმ გარემოებებს, რომელიც ამას ხელს უწყობს.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ ახლა აღვწერო ეკონომიკური გაკვეთილი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში ჩაგვიტარდა, იმის შესახებ, რა არ უნდა აკეთოს მთავრობამ, უცხოელი ინვესტორები არ გააქციოს, საკუთარი ქვეყნის ვალუტა არ გააუფასუროს, ხალხის მიერ ძლივს ნაშოვნი და დაზოგილი რესურსები არ გააქროს.

პირველ რიგში, ალბათ ახლა უკვე ყველა ხვდება, რომ არსებობს ორი სხვადასხვა პროცესი: საკუთარი სავალუტო ერთეულის გაუფასურება/გაძლიერების და მეორე - ფასების მატება/კლების. ეს ორივე ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ არა აუცილებლად მყისიერად და მყარად. ეს კარგია, რადგან ახლა ის მაინც გავიგეთ, რომ ინფლაცია კარტოფილის ბრალი არაა, იგი ახლა უფრო ძვირია ვიდრე 2010 წელს, მაგრამ ინფლაცია 15% არ გვაქვს.

მთავრობაში არსებული კოალიციის მთავარი შეცდომა იყო აბსოლუტური ილუზია, რომ წინა მთავრობის ეკონომიკური წარმატება ან ტყუილი იყო, და ან გამოწვეუული უცხოური გრანტებითა და კრედიტებით. ეს უკანასკნელი ცალკე გამოკვლევის საგანია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ ადვილად დამტკიცებადი, რომ ასეთი დახმარების გარეშე საქართველოს გაცილებით მეტი შანსები ჰქონდა.

როგორ მუშაობს ზოგადად დახმარება? იგი რყვნის ადგილობრივ მთავრობას, ხაზინაში ფული შემოდის დიდი ძალისხმევის გარეშეც, ეკონომიკური პოლიტიკა მეორეხარისხოვანი ხდება, და შეცდომები გარდაუვალია.

მნიშვნელოვანია ის, რა ხდებოდა ამ საერთაშორისო მხარდაჭერის მიღმა. ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ 2008 წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისი თბილისში დაიხურა, დოკუმენტები კი ეროვნულ ბანკს გადაეცა დასაარქივებლად. ამის მიზეზი იყო საქართველოში 2007 წლისა და 2008 წლის დასაწყისში ჭარბად შემოსული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, საგადასახადო შემოსავლების წარმოუდგენელი სისწრაფით ზრდა. სსფ-ს საქმე აღარ ჰქონდა (იხილეთ გრაფიკი საგადასახადო შემოსავლების შესახებ).

გრაფიკი 1
გრაფიკი 1

ბევრი სკეპტიკოსი, უმრავლეს შემთხვევაში განერვიულებული ექსპერტები დიდხანს ავრცელებდნენ ხმებს, რომ ამის პარალელურად ქვეყანა ინგრეოდა. თუმცა რა თვალსაზრისით ინგრეოდა დღემდე ვერ ასაბუთებენ. ცხადია საუბარია ეკონომიკურ ნგრევაზე, სხვა სფეროებს ამ წერილში არ ვეხები.

იმის დამტკიცება, რომ ეკონომიკა არ ინგრეოდა რამოდენიმე ფაქტით შეიძლება, რომლის გალამაზება და ტყუილებით გაბერვა მაშინდელლ მთავრობას არ შეეძლო.

მაგალითად, საშუალო ხელფასი 2004-2011 წლებში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა (გთხ. იხილე გრაფიკი, საქასტატის ინფორმაცია, ლარი). შესაძლებელია ამ ზრდის ნახევარი დასაქმების და ხელფასების ლეგალიზაციის შედეგია, მაგრამ ეს არ არის ნეგატიური მოვლენა - ისიც იმ მთავრობის დამსახურებაა (სხვამ საკუთარი უნდა გააკეთოს მსგავსი და შევაქებ). ხელფასების სტატისტიკა პირდაპირ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მონაცემებიდან აიღება და მისი გაყალბება ნაკლებად შესაძლებელია.

გრაფიკი 2
გრაფიკი 2

მოდით ახლა შევხედოთ საბანკო დეპოზიტების მოცულობას (ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით) - იგი 10-ჯერ გაიზარდა. დაარქვი ახლა ამას რაც გინდა, მაგრამ ფაქტია - ამ სურათის დახატვა შეუძლებელია, ხალხს ფული გაუჩნდა (ვიტყოდი ასევე, რომ 6-7-ჯერ მეტი ავტომობილი გაჩნდა მეთქი, მაგრამ ზუსტი რიცხვები არ მაქვს).

გრაფიკი 3
გრაფიკი 3

რითიც შეგვიძლია ასევე ვიამაყოთ, გრაფიკია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან ვისესხე - საქართველოს ბიუჯეტის საერთაშორისო ვალდებულებებზე ხარჯების ხვედრითი წილი საბიუჯეტო ხარჯების საერთო მოცულობაში. იგი 9%-დან 2003 წელს 3%-მდე შემცირდა 2012-ში, მათ შორის 2008 წელს კი - 2%-მდე. ამ მომენტისთვის ეკონომიკური პოლიტიკა იმდენად სწორი იყო, რომ მთავრობას აღარ ჭირდებოდა უცხოური რესურსი, სხვაზე დამოკიდებულნი აღარ ვიყავით პირველად ბოლო საუკუნეებში.

გრაფიკი 4
გრაფიკი 4

როგორც ხედავთ, 2009 წლის "დახმარებას" უკვალოდ არ ჩაუვლია და ამ ხარჯების პროპორციამ მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში 2009 წლიდან 4%-ს გადააჭარბა.

ცხადია, რომ ეკონომიკა არ ინგრეოდა ამ პერიოდში, პირიქით სწრაფად უმჯობესდებოდა, მით უმეტეს თუ შევადარებთ 1990-იან წლებს. იხილეთ გრაფიკი საქართველოს ეროვნული შემოსავლის შესახებ (PPP გათვლით), რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, (საერთაშორისო დოლარის მიხედვით). საქართველოს საბჭოთა ეკონომიკა (რომელიც ძირითადად ილუზორული იყო) საბჭოთა იმპერიის დაცემას ემსხვერპლა, 1994 წლისათვის ჩავარდა 80%-თ, მათ შორის რუსული ენერგო ბლოკადის მიზეზითაც.

გრაფიკი 5
გრაფიკი 5

2004 წლის შემდეგ ეკონომიკა დიდი სისწრაფით იზრდებოდა საშუალოდ 9 პროცენტით და 2008 წლის ომისა და გლობალური კრიზისის მიუხედავად, გააგრძელა ზრდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით 6-7 პროცენტით (გრაფიკიდან ჩანს ასევე, რომ ეკონომიკა ამ პერიოდში, მუდმივ ფასებში 2-ჯერ მაინც გაიზარდა).

იყო თუ არა ეს ყველაფერი ილუზია კარგად ჩანს. თუმცა რეალური თავის მოტყუება ის იყო, რომ ეკონომიკის წარმატების მიზეზი სხვაგან ვეძებეთ და არა პოლიტიკაში, რომელიც გვქონდა. შესაბამისად, იმ პოლიტიკის უარყოფით და წარმატების (რომელიც თითქოს არ ყოფილა) საერთაშორისო დახმარებაზე გადაბრალებით შევედით გაუგებრობაში.

ადრეც ბევრი ჩამოვთვალე ის რეფორმები, რომელიც მიმაჩნია ძალიან სასარგებლო და წარმატებული იყო და არც ახლა დავიზარებ: პრივატიზება, დერეგულირება და ლიბერალიზება, საგადასახადო სისტემის გამარტივება-ინტერნეტში გადატანა, საბაჟოს, პოლიციის, რეესტრების და სხვა სერვისების გაუმჯობესება, კორუფციის შემცირება (თუნდაც არაელიტარულის) - ყველაფერი ეს საკმაოდ აბალანსებდა ამავდროულ ძალიან (ზედმეტად) მკაცრ პოლიტიკას ფინანსური კონტროლის მიმართულებით. მიმაჩნდა და არაერთხელ ყველა დონეზე განმიცხადებია, სადაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ კერძო საკუთრების დაცვა უნდა ყოფილიყო მთავარი ნაბიჯი საბოლო წარმატებისკენ, თუმცა ეს ბოლომდე ვერ გამოვიდა და ბალანსიც დაირღვა..

განსაკუთრებით ღირს იმის აღნიშვნა - ზოგიერთი, ვინც გვაქებდა ისიც ვერ ერკვეოდა, რომ კორუფციის საგრძნობელი შემცირება არამხოლოდ სიმკაცრით მოხდა. ჩემი აზრით ეს ამ მოვლენის მნიშვნელობის დამცირებაა. კორუფცია გაქრა იმის გამოც, რომ ქრთამის მიცემის საფუძველი - ათასგვარი ნებართვები, ლიცენზიები, მათთან დაკავშირებული ინსპექციები გაუქმდა. ინსტიტუციურმა წმენდამ გაამართლა. მანამდე კორუფცია უბრალოდ ჩვენი ეროვნული ავადმყოფობა გვეგონა, ისევე როგორც მაგალითად ალბანეთში, საბერძნეთში, უკრაინაში და კიდევ ბევრგან. ეს მოხერხდა მხოლოდ რაციონალური მოქმედების შედეგად.

სწორი პოლიტიკის შედეგი იყო საქართველოს გამოყვანა წყვდიადიდან - 2004 წლის შემდეგ ეელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები დიდი ხნით დაგვავიწყდა. როგორ მოხდა ამის მიღწევა: დერეგულირებით, ლიბერლიზებით, პრივატიზებით, დეპოლიტიზებით და კომერციალიზებით. შედეგი სახეზეა - 2007-2012 წლებში საქართველომ 2-ჯერ მეტი ელექტროენერგია გაყიდა ვიდრე შეიძინა (იხილეთ ცხრილი, მლნ კვტ/სთ, წყარო ენერგეტიკის სამინისტრო):

ამ ცხრილიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ჯერ კიდევ დიდი ინვესტიციებია საჭირო ამ სფეროში მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გარანტიების შესაქმნელად. ინვესტორების მოსაზიდად კიდევ უფრო მეტი მოქნილობა და რაციონალობა გვჭირდება, პოლიტიზების და პოპულიზმის თავიდან აცილება.

ახლა დიდი სჯა-ბაასია ქართული ლარის გაუფასურების შესახებ. ჩემი პოზიცია სრულიად განსხვავდება ჩვენი ექსპერტებისაგან - ლარი ან უნდა გაუქმდეს (გვექნება დოლარი), ან ისეთი სისტემა ჯობს შემოვიღოთ, რომელშიც ფისკალური და მონეტარული (მათ შორის კურსის) დისციპლინა ავტომატურად იმუშავებს (სავალუტო საბჭო). ამის შედეგად, აღარც ინფლაცია გვექნება, არც დევალუაცია და არც დეფიციტი. არ მჯერავს, რომ ცენტრალური ბანკის სისტემა, მონეტარული პოლიტიკა და საკუთარი ვალუტა ჩვენ გვჭირდება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს (ეროვნული ბანკის სახით) ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი იყო. პირიქით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, იცოდა რა ეკონომიკური პროცესის პოლიტიზების საშიშროებების შესახებ (და ახსოვდა რა 2011 წელი) ძალიან ფრთხილობდა შეცდომა არ დაეშვა და ყველა პრობლემა მას არ დაბრალებოდა. ამის შედეგად ჩვენ ზოგიერთ თვეში დეფლაციაც კი მივიღეთ და სტატისტიკის მიხედვით ფასები 2011-2014 წლებში სტაბილური იყო (2005 წელი = 100).

გრაფიკი 6
გრაფიკი 6

ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, ფულის მასა 2012-2014 წლებში იზრდებოდა დაახლოებით იმ პროპორციით, როგორიც იყო ეროვნული შემოსავლის ზრდაც, იხილეთ გრაფიკი (მიაქციეთ ყურადღება M1 გრაფიკს, ფულის მასას, რომელზე გავლენაც სებ-ს აქვს):

გრაფიკი 7
გრაფიკი 7

დეკემბერში მოთხოვნის ზრდის გამო, ტრადიციულად ფულის მასა (რომელსაც სებ-ი აკონტროლებს) მკვეთრად იზრდება და შემდეგ ისევ კლებულობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ლარისა და აშშ დოლარის თანაფადობა ბოლო ათწლეულში (იხილეთ ზემოთა გრაფიკი). ჩანს, რომ ლარი აქტიურად მატულობდა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკას 5-6 პროცენტზე მეტი ზრდა ჰქონდა, სტაბილური იყო ამ სეგმენტში და მცირდებოდა იმ პერიოდებში, როდესაც ზრდა 5%-ზე ნაკლები იყო.

გრაფიკი 8
გრაფიკი 8

ეს მკაფიოდ მიგვანიშნებს იმის შესახებ, რომ ლარის სიმყარე - თუ იგი თითქმის მთლიანად მინდობილია ბაზარს, დამოკიდებულია ეკონომიკის სიჯანსაღეზე (ანუ მეტია თუ არა ზრდა 6%-ზე), ხოლო ეს უკანასკნელი თვითონ დამოკიდებულია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, თუ რამდენად ადვილია ეკონომიკური საქმიანობა ქვეყანაში (ან რამდენად მდიდარია ეს ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით - თუმცა ხშირად ეს არ

გშველის - შეხედეთ აზერბაიჯანს). თუ ეკონომიკა თავისუფალია, ინვესტორებს ეს მოსწონთ, და თუ დააჯერებ (დაარწმუნებ, მოხიბლავ), რომ ეს სტაბილური პოლიტიკაა - მაშინ ინვესტორები წამოვლენ. ეს ასევე გვიჩვენებს რა დაემართა ახლა ლარს - მან უბრალოდ ასახა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირება. ორპროცენტიანი ზრდა, რომელსაც ახლა გვპირდებიან პოლიტიკურადაც სახიფათოა, მტერს ალბათ არ გამორჩება ეს შესაძლებლობა წყლის ასამღვრევად.

ლარის სიმყარეს შესაძლოა ასევე საერთაშორისო პროექტებიც ეხმარებოდეს, რომელთა წარმატება მთავრობის საქმიანობის ბევრ მხარეზეა დამოკიდებული - თუნდაც საერთაშორისო ნდობაზე. ნდობა მიბმულია მენეჯმენტის, ეფექტიანობის, გამჭვირვალების და პოლიტიზების ხარისხთან.

ხალხის შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარი, რომ ლარის არასტაბილურობა რეგიონში მიმდინარე პრობლემებით აიხსნება (თუნდაც ევროს ვარდნით). ჩვენსავე გამოცდილებაში არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები. მაგრამ, უფრო არაპროფესიონალურია ლარის ვარდნის მეზობლებზე გადაბრალება. მათ თვითონ ასევე მკვეთრად დაუვარდათ საკუთარი ვალუტა (თანაც სხვადასხვა მიზეზებით), შესაბამისად თუ მათთან ექსპორტისას ვაგებდით, იმპორტისას აუცილებლად ვიგებდით (ან პირიქით იქნებოდა). რეგიონული პარტნიორების გარდა, ევროზონასთან ვაჭრობისას ასევე არ უნდა წარმოშობილიყო ჩვენთვის საზიანო ტენდენციები, რადგან ევრო თვითონ ლარზე მეტად დაეცა დოლართან მიმართებაში და ევროპასთანაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს.

მაგალითად ახლა ისევ გაუჩნდა აზრი გერმანიიდან მეორადი ავტომობილების ჩამოყვანას, მათი დოლარის ექვივალენტში გაიაფების გამო, საქართველოში ხომ ისინი დოლარით ფასდებიან.

ამიტომ, განვიხოლოთ სხვა მიზეზები, თუ კონკრეტულად ამ მომენტში რა შეიძლება არყევდეს ლარის მსყიდველობით უნარს. ცხადია ფისკალური დისციპლინა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იგი არასაკმარისია ასეთი კრიზისისთვის:

-აღწერილი რეფორმების დროს ფისკალური დეფიციტი ასევე არსებობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ლარის გამყარებისთვის და ეკონომიური ზრდისთვის. დეფიციტი პოლიტიკური გარყვნილებაა - მეტი ხარჯო ვიდრე გაქვს. ჩვენ რომ დეფიციტი არ გვქონოდა მაშინ ორნიშნა ზრდა გვექნებოდა სულ. მაგრამ ნათელია - დეფიციტის პირობებშიც შეიძლება ხარისხიანი ეკონომიური პოლიტიკა, ზრდა და ვალუტის გამყარებაც.

-ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზია რესურსების უფრო ადვილად მოზიდვა და ადვილად გამოყენება. საქართველოს მსგავსი ქვეყნის პირობებისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მიმზიდველი ლიბერალური მიდგომების გამოყენება. ამის დასაბუთება თეორიულადაც შეიძლება, მაგრამ ასევე, ორი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეც:

1.სად ჯობს ინვესტიციის ჩადება, თუ ბულგარეთსა და საქართველოს თანაბრადბიუროკრატიული ეკონომიკური სისტემა აქვთ? ცხადია ბულგარეთში, - მისი ტერიტორია არ არის ოკუპირებული, მის რეგიონში არ არის კონფლიქტები, მას ღია საზღვარი აქვს ყველაზე დიდ ეკონომიკური სისტემასთან - ევროკავშირთან, ნატოს წევრია(!), და ა.შ.

2.სლოვენიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოსტ-კომუნისტური ქვეყანაა, იტალია და ავსტრია ესაზღვრება, რომლებიც მისი კონკურენტები არიან (ამიტომაც დგებიან სლოვენიაში 7 საათზე), მისი ინვესტორებიც და მისი ბიზნესის მასწავლებლებიც (20 წუთში ჩახვალ და გაიგებ, როგორ აცხობს პურს იტალიელი). ჩვენ ასეთი გამოცდილი და მდიდარი მეზობლები არ გვყავს.

კიდევ უფრო მცირე გავლენა შეიძლება ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მეთოდებს - ადრე-თუ-გვიან, ეს რესურსები რაღაც ფორმით ბაზარზე გამოჩნდება, კარგად ორგანიზებულმა ფინანსურმა სექტორმა იცის ეს და დაელოდება. ამან შეიძლება გარკვეული რყევა გამოიწვიოს, მაგრამ მოკლევადიანი.და ნაკლებად სერიოზული. სხვა ამბავია, რომ დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკური პროცესების დაჩქარებას უწყობს ხელს, თუმცა მხოლოდ სხვა ეკონომიკური თავისუფლებების არსებობის პარალელურად.

ჩვენი პრობლემების ნაწილი საერთოდ არაა ჩვენზე დამოკიდებული და ვერ შევცვლით. ამ პირობებში, ცხადია, ჩვენ უნდა შევქმნათ უპირატესობები, რომლებიც უზრუნველყოფს აჩქარებას მიუხედავად ზემოთ აღნიშნული რეგიონული მუხრუჭებისა. რა შეიძლება იყოს ეს უპირატესობა? ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა? შესაძლებელია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს უპირატესობა ან ვერ გამოვიყენოთ ან მოგვიანებით გამოვიყენოთ.

ამავდროულად, ვერავინ დამალავს, რომ პირველი წლების წარმატების მიუხედავად, რომელიც ჰქონდათ აღმოსავლეთ-ევროპელ მეგობრებს, ხშირად ევროკავშირის ფონდების მხადაჭერით, მათი ნაწილი ახლა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია (მაგ. სლოვენია, უნგრეთი, ხორვატია, სლოვაკეთი) და მხოლოდ ისინი აგრძელებენ წინსვლას, ვინც ეკონომიკური ლიბერალიზმის და პრაგმატიზმის გზა აირჩიეს (მაგ. ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი). (მხოლოდ) ამის იმედზე ყოფნა არ შეიძლება.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უტყუარია - საქართველოში ლარის გაუფასურების მიზეზი იმ ეკონომიკური პოლიტიკის უარყოფის შედეგია, რომელიც მას წარმატებულ წლებში ჰქონდა. ეს უარყოფა ხდებოდა ზოგჯერ კანონების მიღებით, გამიზნულად ინვესტორი-დამსაქმებლების საწინააღმდეგოდ (მაგ. შრომის კოდექსის ცვლილებები) და ზოგჯერ ხმამაღალი განცხადებებით (მაგ. ხშირი განცხადებები ამა-თუ-იმ სფეროს დარეგულირების აუცილებლობის შესახებ).

განსაკუთრებით დიდი შეცდომა იყო რუსულ ბაზართან დაკავშირებული ილუზიები და ორიენტაცია არასტაბილურ, პოლიტიზებულ, კორუმპირებულ და ბიუროკრატიულ ეკონომიკურ სივრცესთან, რომლის ხელმძღვანელობა ამაყობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით და ანექსიით. ჩვენი პროდუქტები თუ კონკურენტუნარიანია, არსებობს უფრო მდიდარი ევროპული ბაზარიც. ეს გადაწყვეტილება ისევ რუსეთის პოლიტიკურ მძევლობას გვპირდება და არა შემოსავლებს.

ასევე , მინიმუმ ძალიან მცდარი იყო ამდენი რესურსის გაფლანგვა ე.წ. სოფლის მეურნეობის სფეროში. თუ ვაღიარებთ, რომ ამ პროექტებმა შედეგი არ მოგვცა, ცხადია, რომ დახარჯული რესურსი სხვაგან დაგვაკლდა, სადაც იგი უფრო წარმატებულად იქნებოდა გამოყენებული (წარმატებული თუ არ იყო, საიდან გაუჩნდა ამ სექტორებს ეს ფული, რომ მთავრობისთვის გადაეხადა?) და შეეძლო მრავალი ადამიანი დაესაქმებინა.

ზოგს ალბათ ჯერავს, რომ ამ მცდარი პოლიტიკის და რიტორიკის ლამაზად შეფუთვა შეიძლება და ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები ვერ შეამჩნევენ. გარწმუნებთ, მათ ბევრი მთავრობის განცხადებები მოუსმენიათ, რომ რასაც აკეთებდნენ მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად აკეთებდნენ და ინვესტორებს არ ავნებდნენ. მთავრობის ერთმა თანამშრომელმა მკითხა - რა დაშავდა კონკრეტულად შრომის კოდექსის ამ ცვლილებებით, - არავინ ჩივისო. როგორც ჩანს, ასეთები ფიქრობენ ყველა ინვესტორი მათთან მიაკაკუნებს და ეტყვის - დაშავდაო. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ მიდიან სხვაგან, სადაც შესაძლებელია უარესი შრომის კოდექსია, მაგრამ სხვა პირობებია უკეთესი - მაგალითად არ დგანან რუსული ტანკები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში.

მთავრობის ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ არაცივილურია. რამდენიც არ უნდა მოიყვანონ ცუდი მაგალითები, ადამიანების და რესურსების თავისუფალი გადაადგილება, შრომის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება და საკუთრების თავისუფლება - ის უპირატესობებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან დადებით იმიჯს უქმნიდა. ამას ბევრი აღიარებდა, თუ არ ჩავთვლით მარგინალური მემარცხენე ძალებს და გამწარებულ კრემლს.

ამიტომაც იყო, რომ მრავალი მთავრობა ჩამოვიდა ჩვენი გამოცდილების შესასწავლად და ბევრი ქართველი მიიწვიეს მის გასაზიარებლად აზიაში, აფრიკასა და ევროპაშიც.

ევროკავშირიც სწორედ ამ თავისუფლების იდეებით დაიწყო ერთდროს და მასზე გადაბრალება თითქოს მოითხოვდა ვიზების და სამუშაოს, მიწის საკუთრების შეზღუდვას უცხოელებისთვის, შრომითი ურთიერთობების გართულებას და სხვა რეგულაციებს - არასერიოზულია და შესაძლებელია იმ არასასურველი ატმოსფეროს ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო შეიქმნა და შედეგზეც აისახა.

სახელმწიფო ვალდებულებების სიმცირე და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა (რომელსაც ახლა მთავრობის ინიციატივები თავდაყირა აყენებს) დიდ პერსპექტივებს გვპირდებოდა. რა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა? - ალბათ ესაა, რასაც ახლა თვითეული მკითხველი ფიქრობს. ეს არის კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც კაპიტალს ჩვენსკენ მოაბრუნებს და არა სხვისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვებიც, რომლებიც იმავე რესურსების მოპოვებას ცდილობენ, რომელიც რატომღაც გარანტირებულად ჩვენი გვგონია. სწორედ ესაა გაკვეთილი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG