Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში


20 იანვრის ინაუგურაციამდე, რაც ევროპის დროით 17:00 საათზე იწყება, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პროტოკოლის თანახმად, რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ გააერთიანებს „გახლეჩილ ერს“ და რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ატმოსფეროს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

აშშ 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:33 0:00
გადმოწერა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ვაშინგტონში 19 იანვრის შუადღეზე ჩაფრინდნენ და მცირედი შესვენების შემდეგ, იმავე დღეს, რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაპირველად აშშ-ის მომავალმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებთან ერთად გვირგვინით შეამკო არლინგტონის ეროვნული სასაფლაო, სადაც ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალული. მოგვიანებით „იუნიონ სტეიშენში“ გამართულ ვახშამზე სიტყვით მიმართა თავისი საარჩევნო კომპანიის დონორებს, მადლობა გადაუხადა მათ, ასევე, ოჯახის წევრებს და სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომელიც, არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თეთრ სახლში უფროსი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. შემდეგ იყო პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა გაიხსენა დაძაბული საპრეზიდენტო კამპანია და ის პროგნოზები, რომლებიც მას კატასტროფულ დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ:

„ჩვენს გამარჯვებამდე სამი კვირით ადრე, როგორც იცით, ეს უნდა ყოფილიყო ვითომ პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი. ბევრი გვიწინასწარმეტყველებდა უდიდეს მარცხს არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში, არამედ, საერთოდ, პოლიტიკის ისტორიაში. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა უდიდესი მარცხი პოლიტიკის ისტორიაში. ერთ რამეს გეტყვით: ჩემი გარჯით ყველას ვაჯობე. ვაჯობე ყველას, ვისაც კი ოდესმე უყრია კენჭი ამ თანამდებობაზე“.

ამ სიტყვებით დონალდ ტრამპმა მიმართა ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილ ათასობით ადამიანს, თავის მხარდამჭერებს, რომლებიც უნიკალურს უწოდებენ იმ მოძრაობას, რომელიც მათმა ფავორიტმა წამოიწყო ქვეყნის ასაღორძინებლად.

„ამბობენ, რომ ესაა მოძრაობა, რომელიც დაიწყო, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და რომლის მსგავსიც მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს. არსად ყოფილა ამის მსგავსი მოძრაობა. ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამ არის. ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ყოველ მეორეს ქუდებზეც კი გაწერიათ ეს სიტყვები: „კვლავ დიადად ვაქციოთ ამერიკა“. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამერიკა დიადად ვაქციოთ მთელი ჩვენი ხალხისთვის“.

ერთიანობის იდეის შესახებ საუბრისას, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მსმენელებს გააცნო, ასევე, მთელი რიგი რადიკალური ზომებისა, რომელთა მიზანია დაბლოკოს მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, მიღწევები, მათ შორის მის მიერ გაცემული განკარგულებები, რომლებიც შეეხება კლიმატური ცვლილების პოლიტიკას, იმიგრაციის ლიბერალიზაციას, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებსა და ენერგეტიკულ განვითარებაზე დაწესებული შეზღუდვებს.

მიუხედავად წინამორბედის პოლიტიკისადმი ასეთი განსხავებული დამოკიდებულებისა, დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე შეხვედრას გამართავს მიმავალ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომლის გუნდმა უკვე დაასრულა ხელისუფლების გადაცემის პროცესი.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში ასიათასობით ადამიანი ემზადება იმისათვის, რომ აღნიშნოს და გააპროტესტოს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცია, რომელიც ევროპის დროით 17:00 საათზე გაიმართება აშშ-ის დედაქალაქში. ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონში დაგეგმილ ცერემონიაზე შეკრებას გეგმავს 900 000-მდე ადამიანი. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე განთავსებულია ქვიშის ტომრები, ბეტონის მოძრავი ბარიერები და, ასევე, 15-მეტრიანი მავთულის ღობე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG