Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალი აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრის მონაწილეობით


ჯეიმს მატისი და იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე
ჯეიმს მატისი და იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე

ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც სამხედრო ხარჯების გაზრდისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მსჯელობენ. 15 თებერვალს დაწყებულ შეხვედრაში პირველად იღებს მონაწილეობას აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯეიმს მატისი. შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ მინისტერიალზე დაადასტურებენ ტრანსატლანტიკური ალიანსის დიდ მნიშვნელობას. იქვე სტოლტენბერგმა ნატოს წევრებს მოუწოდა, უჩვენონ შეერთებულ შტატებს თავიანთი ძალისხმევა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად. შეერთებული შტატებისაგან ნატოს დანარჩენი წევრები იმის დასტურს მოელიან, რომ ვაშინგტონი ალიანსის ერთგულია. მინისტრების შეხვედრის დაწყებისას სტოლტენბერგმა შემდეგი უთხრა ჟურნალისტებს:

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის გზავნილი იქნება გზავნილი ტრანსატლანტიკური ერთობის, ჩვენი ერთად დგომისა და ერთმანეთის დაცვის მნიშვნელობის შესახებ და ნატოს მიმართ აშშ-ის ძალიან მტკიცე ვალდებულების შესახებ“.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპს ნატო „მოძველებულად“ ჰყავს მოხსენიებული და ნათქვამი აქვს, რომ შეერთებული შტატები ნატოელი მოკავშირეების მხარდაჭერას შეასუსტებს, თუ ისინი თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებს არ გაზრდიან. მაგრამ 14 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს. „ორჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მისი გზავნილია, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს, რომ ემხრობა თავდაცვის დაფინანსების გაზრდას, მაგრამ ასევე მხარს უჭერს რუსეთის მიმართ ნატოს ორგვაროვან მიდგომას: ეს ნიშნავს, რომ სანამ ძლიერი ვართ, სანამ ინვესტიციებს ვაკეთებთ ჩვენს თავდაცვაში, შეკავებისთვის განკუთვნილ ზომებში, შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს მინისტრების ამ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯეიმს მატისი, რომელმაც ალიანსის შიგნით სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფასი იცის პრაქტიკიდან. „2014 წლის მოვლენებმა თვალები აგვიხილა და უნდა გავაგრძელოთ მორგება იმასთან, რაც გამოიკვეთა, როგორც გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ალიანსი რჩება ძირითად საფუძვლად აშშ-ისათვის და მთელი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის (...) როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ის მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს“, თქვა აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა და შეეხო რა ალიანსის ხარჯებსა და მის დაფინასებას, შენიშნა, რომ გადასახადის ამერიკელ გადამხდელებს დიდხანს აღარ შეუძლიათ არაპროპორციულად იკისრონ თავიანთი წილი დასავლური ფასეულობების დაცვაში. მატისმა თავის კოლეგა მინისტრებს უთხრა, თუ თქვენს ქვეყნებს არ სურთ ნატოს მიმართ აშშ-ის განელებული ინტერესი იხილონ, თითოეულის მთავრობამ საერთო თავდაცვის მხარდაჭერა უნდა აჩვენოსო.

აშშ-ის მედიაში ალიანსის შეხვედრის გახსნამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა ახალი ფრთოსანი რაკეტა განათავსა, რაც აშშ-თან 1987 წელს დადებული შეთანხმების დარღვევაა. სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ნებისმიერი დარღვევა: „ეს ხელშეკრულება ერთობ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხელშეკრულებით განადგურდა ბირთვული იარაღის ყველა კატეგორია და ის იარაღი, რომელიც ევროპას და ნატოს მოკავშირეებს უქმნიდა საფრთხეს, სანამ ეს იარაღი ამ ხელშეკრულების ძალით განადგურდებოდა 80-იანი წლების ბოლოს“.

ნატოს შეხვედრის თემაა ტერორიზმთან ბრძოლა. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა, გადავწყვეტთ ჩვენი გაერთიანებული ძალების სამეთაურო საკვანძო პუნქტის შექმნას სამხრეთის რეგიონისთვის, იტალიაში, ნეაპოლშიო. ეს ერაყსა და ლიბიაში კრიზისების დროს ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარებაო.

14 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ახსენა საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის საკითხიც. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტერიალი დასრულდება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით, რომელზეც განიხილავენ რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან აახლოებს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG