Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებული სასულიერო პირი 27 თებერვალს დაიკითხება


„ციანიდის საქმის“ მთავარი ბრალდებული სასულიერო პირი, გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. წიკლაურმა ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. „დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - განაცხადა პროკურორმა. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

XS
SM
MD
LG