Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოლიცია განიხილავს დენის ვორონენკოვის მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას


კიევში ყოფილი რუსი პარლამენტარის, დენის ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას. ამის შესახებ აცხადებს უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ალექსანდრ ვაკულენკო. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდა ვორონენკოვზე თავდასხმას. პოროშენკომ ეს შეფასება გამოთქვა ტვიტერში და ფეისბუკში მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრში 23 მარტს მოკლეს ვორონენკოვი - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, რომელიც შარშან გადასახლდა უკრაინაში და აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. პოროშენკოს შეფასებით, ვორონენკოვის მკვლელობას აშკარად ეტყობა რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერა. „ვორონენკოვი იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მოწმე“ - წერს პოროშენკო სოციალურ მედიაში. როგორც რუსეთის პარლამენტის ასევე ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა ილია პონომარიოვმა დღეს ტელეინტერვიუში აღნიშნა, დენის ვორონენკოვს ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. „ამიტომაც დათანხმდა სახელმწიფო დაცვას. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამან საქმეს ვერ უშველა“, - უთხრა პონომარიოვმა რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდს“.

XS
SM
MD
LG