Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია აკრიტიკებს მოსკოვის "აგრესიულ" მოქმედებას ჰაკერული თავდასხმების გამო


დანიის თავდაცვის სამინისტრო აკრიტიკებს მოსკოვის „აგრესიულ“ მოქმედებას მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა გატეხეს დანიის თავდაცვის სამინისტროს ელ-ფოსტა. ამ ინფორმაციას შეიცავს ანგარიში, რომელიც 23 აპრილს გამოაქვეყნა დანიის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა. ის კრემლთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებს 2015 და 2016 წლებში დანიის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ელ-ფოსტის გატეხვაში. გატეხილი ელფოსტა, თავდაცვის მინისტრის, კლაუს ჰიორდ ფრედერიკსენის განცხადებით, არ შეიცავდა სამხედრო საიდუმლოს, მაგრამ მომხდარი მაინც მიჩნეულია „სერიოზულ“ ინციდენტად და, მინისტრის თქმით, დაკავშირებულია „დაზვერვის სამსახურებთან, ან რუსეთის მთავრობის ცენტრალურ სტრუქტურებთან“. ჩვენ ვხედავთ ძალიან აგრესიულ რუსეთსო, აღნიშნა ფედერიკსენმა დანიის მედიასთან საუბრისას. ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით, თავდასხმები მოაწყო ჯგუფმა, რომელიც რამდენიმე სახელწოდებით, მათ შორის "ელეგანტურ დათვებად" არის ცნობილი. ადრე მისთვის წაყენებული აქვთ აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე თავდასხმების ბრალდებაც. დანიაში ანგარიში გამოქვეყნდა მაშინ, როცა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი ადანაშაულებენ რუსეთს ჰაკერული თავდასხმებით არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობაში. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG