Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზში პირველი გაზქურა აინთო


საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ნიქოზში
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ნიქოზში
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა დასრულდა. სოფელი ცხინვალს ესაზღვრება, გარშემო არც ტყეა და ნიქოზელები წლების განმავლობაში შეშას ყიდულობდნენ.

სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გაზქურა ბეჟან მჭედლიძის მრავალშვილიან ოჯახში აანთო. ოჯახის დიასახლისი ნინო მჭედლიძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა მისი ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან აქამდე შეშის საყიდლად სეზონზე 600 ლარი სჭირდებოდათ.

ნიქოზის გაზიფიცირება საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები „იტერა-საქართველომ“ და „გორიგაზმა“ განახორციელეს. შეკეთდა გაზსადენის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული სამხედრო ტექნიკის მიერ დაზიანდა; გარდა ამისა, დამატებით 7 კილომეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენიც იქნა გაყვანილი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ბუნებრივი აირი, ნიქოზის გარდა, მეზობელმა სოფლებმაც მიიღონ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად კომპანია "იტერა–საქართველომ" 350 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში შეყვანილი ბუნებრივი აირით არა მარტო მოსახლეობა, არამედ ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიც ისარგებლებენ.

მხარის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონის სოფლებისთვის მილსადენის მშენებლობა სოციალური პროექტია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად შეამცირებს საკუთარ დანახარჯს. მისი განცხადებით, ახლა მაგისტრალიდან ბუნებრივი აირის თითოეულ ოჯახამდე მიყვანის სამუშაოები დაიწყება და წლის ბოლომდე დაახლოებით 3 500 ოჯახს გაზი ექნება.

დღესვე ბუნებრივი აირი ნიქოზის ეპარქიასთან არსებულ სკოლასაც მიეწოდა. ნიქოზელების აზრით, სოფელს თუ სარწყავი წყლის პრობლემაც მოუგვარდება, მათი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG