Accessibility links

23 მარტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციურმა „რვიანმა“ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ხელისუფლება დროის გაჭიანურებასა და მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 23 მარტს დანიშნული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის გამო არ გაიმართა. შესაბამისად, ოპოზიციურმა „რვიანმა“ მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ”რვიანის” წევრებმა პროცესზე დამკვირვებელ ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებს 25 მარტს განუმარტეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისთანავე გაგრძელდება.

ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებლად ოპოზიციურ „რვიანს“ მიაჩნია, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელ ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია ჩატარდეს და საარჩევნო სისტემის რეფორმა განხორციელდეს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების მიღებული ხმების პროპორციულად განაწილებას. ჯერჯერობით კი „რვიანის“ წევრთა აზრით, მოლაპარაკებების ხუთი თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება არა აქვს და ჯერ კიდევ არ არის იძულებული სწორი ნაბიჯები გადადგას.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესები განახლდება და მაქსიმალურად სწრაფად გავივლით კოდექსში ცვლილებების ნაწილს და შემდეგ უკვე გვექნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის სათანადოდ...
”ჯერ ერთი, ის, რომ მას თავისი ინიციატივები უნდა გაეკეთებინა დეკემბერში, გააკეთა 9 მარტს. მაგრამ ეს არანაირად არ ეპასუხება იმ ინიციატივებს, რომლებიც ოპოზიციური „რვიანის“ მიერ იყო გაკეთებული ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ იყო გაკეთებული. ჩვენ სწორედ 23-ში უნდა დაგვეწყო უკვე არსებითი დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მან, მინისტრების მომიზეზებით, ელემენტარულად ჩაშალა ეს დისკუსია. მმართველი პარტია იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე პროცესს პარალელურ რეჟიმში თავი უნდა გაართვა - მინისტრებთან შეხვედრასაც, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებსაც, საგარეო პოლიტიკასაც და ასე შემდეგ”, აღნიშნა ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, რომლის განმარტებითაც, მოლაპარაკებების დაწყებიდან გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური „რვიანის“ საწინაღმდეგოდ მოძრაობის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი დაგროვდა. მაგალითად, ხანგრძლივი ტაიმ-აუტის აღების მიუხედავად, ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს 9 მარტს წარუდგინა არა ოპოზიციის შეთავაზებებზე პასუხები და არგუმენტები, არამედ საკუთარი ინიციატივები. ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივებით მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებას უარესი მიმართულებით და ძირითადად შეეხმიანა არა პრობლემებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში დასმულ ლოკალური ხასიათის ცალკეულ საკითხებს.

დავით უსუფაშვილის თანახმად, ასეთ პირობებში ოპოზიციური „რვიანი“ ახალ ფრონტს ხსნის:

”ჩვენ, 8 პოლიტიკური პარტია, - და დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორიც შემოგვიერთდება ამ მუშაობაში, - ვხსნით ძალიან სერიოზულ ფრონტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი მხრიდან გაიგოს და დაინახოს, რომ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური თავისუფლებების უზრუნველყოფა არის ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი. დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა.“

შეხვედრას, რომელზეც დავით უსუფაშვილი ამახვილებს ყურადღებას, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესის დამკვირვებელი თითქმის ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, საზოგადოება ”სამართლიანი არჩევნების“ ხელძღვანელი ეკა სირაძე-დელონე:

”აქ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ის, რომ პრინციპში დრო გადის და არჩევნებამდე უფრო ნაკლები და უფრო ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, ალბათ, ყველასთვის მომგებიანია, დროულად დამთავრდეს ეს მოლაპარაკების პროცესები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესები განახლდება და მაქსიმალურად სწრაფად გავივლით კოდექსში ცვლილებების ნაწილს და შემდეგ უკვე გვექნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის სათანადოდ”, პასუხობს ეკა სირაძე-დელონე კითხვაზე, მართლაც შეინიშნება თუ არა მმართველი პარტიის მიერ მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანის ნიშნები.

საკითხის ამგვარად დასმას არ ეთანხმებიან ”ნაციონალურ მოძრაობაში”. როგორც პარტიის პრესცენტრში განგვიმარტეს, 23 მარტს ოპოზიციურ „რვიანთან“ მიმდინარე კონსულტაციებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის ერთადერთი მიზეზი პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრთა საანგარიშო გამოსვლები იყო. პრესცენტრში აზუსტებენ იმასაც, რომ მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციურ „რვიანთან“ კონსულტაციები მომავალი კვირიდანვე განაახლოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG