Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტენესი უილიამსი - 100


ტენესი უილიამსი
ტენესი უილიამსი
26 მარტს მსოფლიო დიდი ამერიკელი მწერლის, ტენესი უილიამსის, დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. უილიამსის ”ტრამვაი ‘სურვილი’“ ”შუშის სამხეცე” და კიდევ სხვა არაერთი პიესა წარმატებით დაიდგა ქართულ სცენაზე. ჩვენს მაყურებელს ახსოვს ტენესი უილიამსის პიესების ეკრანიზაციებიც, რომელთა შორის ”ტრამვაი ‘სურვილი’ ”, მარლონ ბრანდოთი და ვივიენ ლით მთავარ როლებში, დღემდე პოპულარულია.

ტენესი უილიამსი, 71 წლის ასაკში, 1983 წელს გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო - ბოთლის სახურავი გადასცდა. იმხანად იგი არა მარტო აღიარებული მწერალი, არამედ უკვე ”თავისუფლად მცხოვრები” მწერალი იყო - თუკი უწინ ცდილობდა შეენიღბა თავისი იდენტურობა, 60-იანი წლებიდან უკვე აღიარებდა, რომ მისი პიესების გმირი ქალები გარკვეული თვალსაზრისით მისივე გრძნობებს გამოხატავენ. 1975 წელს კი გამოსცა მემუარები, რომელშიც აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

„თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა პოეტმა ჰარტ კრეინმა?“ - ჰკითხა მას ერთმა ჟურნალისტმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ანდერძში თქვენ ითხოვთ, ჰარტ კრეინის ძვლებთან ახლოს დაგასაფლაონ, რა საერთო გაქვთ მასთანო. ამ კითხვას უილიამსმა ასე უპასუხა:

”ჰარტ კრეინის ცხოვრება ჩემს ცხოვრებას ჰგავდა.მას ჰყავდა ძალიან მოსაწყენი მამა.მამამისი დაკავებული იყო კანფეტების წარმოებით,მამაჩემი - ფეხსაცმელების.ჩვენ გვქონდა საკმაოდ მსგავსი წარსული - მას,ისევე როგორც მე,გატაცებით უყვარდა დედა... ისიც ჰომოსექსუალი იყო, თანაც შეუნიღბავად, და ამით შოკში აგდებდა ადამიანებს.”

ტენესი უილიამსს ასეთი შოკი არ გამოუწვევია. ახალგაზრდობაში იგი სხვაგვარად ცხოვრობდა, თუმცა შენიღბულ გრძნობებს თავის ნაწარმოებებში გამოხატავდა. 1945 წელს დაწერილი პიესა ”შუშის სამხეცე”, ფაქტობრივად, მისი ბიოგრაფიაა -მკაცრი და სასტიკი მამა, რომელიც თავის ვაჟს ”კაცობას” უწუნებს, ძალაუფლების მოყვარული დედა და დეპრესიული და ინფანტილური და... ეს ის გარემოა, რომელშიც გაიზარდა ტენესი უილიამსი. მის დას, როუზ უილიამსს, თავის დროზე შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის მიზნით ლობოტომიას მიმართეს. ორი წლის შემდეგ დაწერილ პიესაში ”ტრამვაი ‘სურვილი’ ” კი მთავარი გმირი ქალის, ბლანშ დიუბუას სახით, ფაქტობრივად, საკუთარი თავი წარმოგვიდგინა - გაძლიერებული მგრძნობელობა, უხეშ ძალასთან კომუნიკაციის უუნარობა, ავადმყოფური რეაქცია ძალადობასა და სისასტიკეზე - ეს ყველაფერი აღელვებდა ახალგაზრდა ტენესი უილიამსს და 40-იანი წლების მეორე ნახევრის ამერიკელ ინტელექტუალებსაც, რომლებიც ხედავდნენ როგორ იწყებოდა ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ”კუდიანებზე ნადირობა”.. ”ტრამვაი ‘სურვილი’ ” 1951 წელს ელია კაზანმა გადაიღო. ფილმის წარმატებამ სახელი და დიდება მოუტანა ტენესი უილიამსს მთელ მსოფლიოში. მისი პიესებით უდიდესი რეჟისორები - მათ შორის, ლუკინო ვისკონტი, ჯორჯიო სტრელერი, პიტერ ბრუკი - დაინტერესდნენ.

1970 წელს მედეა კუჭუხიძემ დადგა ”შუშის სამხეცე” რუსთაველის თეატრში. მოგვიანებით სატელევიზიო სპექტაკლიც დაიდგა საქართველოს ტელევიზიაში. ამის შემდეგ ტენესი უილიამსის პიესები ქართულ სცენაზე მუდმივად იდგმებოდა. სიცოცხლის ბოლოს დეპრესია დაეუფლა - აპოკალიფსური მოტივები მუდმივად ჩნდებოდა მის შემოქმედებაში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა:

”იმედი მაქვს, არის რაღაცები, რის გამოც კარგად შეიძლება გამიხსნენონ. მე არ ვიცი, რამდენ ხან გაძლებს კიდევ ლიტერატურა, თეატრი ან ხელოვნების სხვა რომელიმე დარგი... იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ჩვენ მივდივართ ახალი ატომური ჰოლოკოსტისკენ. ახლა ატომური რეაქტორები პატარა ქვეყნებსაც აქვთ.”

ტენესი უილიამსის ანდერძი არ შეასრულეს. იგი დაკრძალულია კლავარის სასაფლაოზე სენტ-ლუისში, მიუხედავად მისი სურვილისა, დაეკრძალათ ზღვაში, დაახლოებით იმავე ადგილას, სადაც პოეტი ჰარტ კრეინი ეგულებოდა. საკუთარი ლიტერატურული უფლებები სევანის სამხრეთის უნივერსიტეტს დაუტოვა, პატივსაცემად თავისი პაპის, უოლტერ დეკინისა, რომელიც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG