Accessibility links

logo-print
28 აპრილს, 12 საათზე, სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული კლიენტები პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. საპროტესტო ტალღამ კამპანიის ხასიათი მიიღო. “ცენტრ პოინტის” შეუსრულებელი დაპირებების გამო ბინის გარეშე დარჩენილი 6200 ადამიანიდან ნაწილი პერმანენტულად მართავს აქციებს, დასახმარებლად მიმართავს მედიას, ჩივის სასამართლოში, პასუხს სთხოვს კომპანია ”დექსუსს”, რომელმაც 2010 წელს კომპანიის მართვა გადაიბარა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს - წამოწყებული მშენებლობების დიდი ნაწილი კვლავაც გაჩერებულია, დაზარალებულების დიდი უმრავლესობა ვერც ჩადებულ ფულს იბრუნებს და ვერც ბინას. ”დექსუსი” მათ მხოლოდ ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერის შემდეგ ჰპირდება მშენებლობის დასრულებას. დაზარალებულები კი ახალ კონტრაქტებს კაბალურს უწოდებენ და საქმეში საერთაშორისო საზოგადოების, საელჩოების ჩართვას ცდილობენ.

იმ ადგილას, სადაც ჩემი სახლი უნდა იდგეს, მხოლოდ ქვაბულია გათხრილი, საძირკველიც არ არის ჩასხმული ...
სიმღერა, რომელიც „ცენტრ პოინტის“ სარეკლამო კლიპს გასდევდა და რომელშიც სრული იდილია სუფევდა და მთავრდებოდა სიტყვებით ”ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს”, ბინის გარეშე დარჩენილ ასობით ადამიანში დღემდე უსიამოვნო ასოციაციას იწვევს. „ცენტრ პოინტის“ იდილია მალე გადაიზარდა მოტყუებული ადამიანების საპროტესტო აქციებში.

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაახლოებით 6200 ადამიანი დარჩა მოტყუებული - ეს ის ხალხია, ვინც საცხოვრებელი ბინების ფული სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, მაგრამ დაპირებული სახლები კომპანიამ ვეღარ ააშენა. მათი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწორედ იქ მოგროვილი ფული ჩადეს ბინაში, რომელიც არ არსებობს. სამშობლოში ვერდაბრუნების მიზეზიც ეს არის. ნაწილი დღემდე ქირით ცხოვრობს. არიან ისეთებიც, ვინც ახალი სახლისთვის ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და ისეთებიც, ვისაც, უბრალოდ, დანაზოგი ჰქონდა და დაკარგა. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, დღეს მთავარი კომპანია ”დექსუსსა” და დაზარალებულებს შორის საერთო ენის გამონახვა, მშენებლობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და ხალხის გასტუმრებაა, რაც, ორმხრივი უნდობლობის ფონზე, პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს.

ჰაერის ყიდვის ამბავი

მამუკა მელქაძისთვის, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ შპს ”დიღომი დისთრიქთ აფართმენთან” 2008 წელს გააფორმა ხელშეკრულება, ბინა 2011 წლის მარტში უნდა ჩაებარებინათ. მელქაძეს დაფარული აქვს საერთო თანხის 50-%, 18 000 დოლარი, მაგრამ მისი კორპუსის მშენებლობა არც დაწყებულა. ის გადახდილი თანხის დაბრუნებას და ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.1 პროცენტს, ე.წ. პირგასამტეხლოს, ითხოვს:

“იმ ადგილას, სადაც ჩემი სახლი უნდა იდგეს, მხოლოდ ქვაბულია გათხრილი, საძირკველიც არ არის ჩასხმული.”

”დექსუსის” მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს მელქაძე კაბალურს უწოდებს და მასზე ხელმოწერას არ აპირებს. არადა, სანამ ამ კონტრაქტს დაზარალებულების 80% ხელს არ მოაწერს, მშენებლობა არ განახლდება.

პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, კომპანიას ჩამოართვან სრულად ქონება, გაიყიდოს და დაუბრუნდეს ხალხს თავისი ფული...
”ითხოვენ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას, რაც სამართლიანი არ არის, რადგან ჩვენ კონტრაქტი შპს-სთან გვქონდა გაფორმებული, რომელიც თავად არის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ჩვენ არ ვართ ვალდებულები გადავიხადოთ დამატებით. გარდა ამისა, კონტრაქტში დევს იპოთეკის პუნქტი, კომპანია იღებს უფლებას ნებისმიერ დროს დატვირთოს ჩვენი ბინები იპოთეკით. მართალია, თანხის სრულად გადახდისა და ბინის ჩაბარების შემთხვევაში იპოთეკა მოიხსნება, მაგრამ არ გაქვს არანაირი გარანტია, რომ ეს კომპანია დაასრულებს მშენებლობას და გამოისყიდის ამ ბინას იპოთეკიდან.”

კონტრაქტში ასევე არ დევს პირგასამტეხლოს პუნქტი. მიუღებელია ის, რომ აზომვითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება კომპანიას აღარა აქვს. შეიცვალა წინა კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გაჯით გალესვის პირობაც.

გიორგი მიქაბერიძემ შპს „დიდი დიღმის ოაზისში“ მშენებარე ბინაში 46 000 დოლარი უკვე გადაიხადა. თანხის ნაწილი დასაფარი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ სასამართლო, დაპირებული თეთრი კარკასის ნაცვლად ჩაბარებული ბინის გამო, ვალს გამოუქვითავს. მამუკასგან განსხვავებით, მისი ბინა უკვე აშენებულია, მაგრამ ახალ კონტრაქტს დამატებითი დღგ-ს გამო ხელს არც ის აწერს და აცხადებს:

”პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, კომპანიას ჩამოართვან სრულად ქონება, გაიყიდოს და დაუბრუნდეს ხალხს თავისი ფული. მართლა ძალიან ბევრი რამ შევწირე ამ ბინას და აღარ ვაპირებ, რომ დავთმო და ვინმეს რამე ვაჩუქო.”

დაზარალებულებს შორის 284 ისეთი ადამიანიცაა, ვინც „ცენტრ პოინტს“ ყოველთვიური პროცენტის სანაცვლოდ გარკვეული თანხა ასესხა. გარიგებიდან ერთ წელიწადში კომპანიამ თანხის გაცემა შეწყვიტა და ვეღარც ვალი დააბრუნა. ლევან გოგიჩაშვილი დღეს ძირი თანხის - 7 000 ევროს -დაბრუნებას მოითხოვს. ”დექსუსის” შეთავაზება კი, რომელსაც 92 ადამიანი მაინც დათანხმდა, ასეთია:

”ძირ თანხას გამოაკლდეს თუ რამე პროცენტი აგვიღია და რაც დარჩება, მიზერული თანხა, იმას დავჯერდეთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ თანხასაც ფულად არ გვთავაზობენ - ამბობენ, რომ აღმაშენებელზე, სადაც ”დექსუსის” ოფისია, კვადრატულ მეტრს მოგვყიდიან 2500 დოლარად, როცა თვითონ გაზეთ ”სიტყვა და საქმეში” 700 დოლარად ყიდიან. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, არაფერსაც არ იძლევიან.”

დაზარალებულების უფლებებს იცავს საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ ”დექსუსში“, რომელსაც ხელისუფლებაში უმაგრებენ ზურგს, საპროტესტო აქციებში მონაწილე დაზარალებულებს ემუქრებიან და დასცინიან:

”ეუბნებიან, რომ, აი, ჩვენი პირობა, თანახმა ხართ ამაზე? კი, ბატონო, თუ არადა და, სადაც გინდა იქ მიჩივლე...”

ხიდაშელი ასახელებს პირობებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში დაზარალებულებს გაუჩნდებათ „დექსუსის“ მიმართ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ახალ კონტრაქტებზე ლაპარაკი შესაძლებელი:

დებიტორული დავალიანების მქონე ხალხმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ამ ვალს გადაიხდის. მერე ჩვენ ჩავდებთ ფულს, მერე ავაშენებთ და ნელ-ნელა ...
”როდესაც დამფუძნებლები სოლიდარულად აჩვენებენ საკუთარ, პირად პასუხისმგებლობას და პირადი ქონებით უზრუნველყოფენ ვალდებულებებს, ამის შემდეგ, დაზარალებულები ამბობენ, რომ თეორიულად შეიძლება განიხილონ კიდეც ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შესაძლებლობა, ოღონდ იმ პირობით, რომ იქ ჩაიდება მუხლი, რომელიც იტყვის, რომ თუ ახალი ხელშეკრულების პირობებიც დაირღვა, მაშინ ავტომატურად მოქმედებას იწყებს ძველი ხელშეკრულება, რაზეც მათ უარს ეუბნებიან. და კიდევ, როდესაც ”დექსუსი” მართვაში მოვიდა, საჯაროდ დადო პირობა, რომ 150 მილიონიან ინვესტიციას იწყებდნენ, რომ ინვესტორი უკვე მოზიდული ჰყავდათ. სად არის ეს 150 მილიონი? დაზარალებულებს რეალური შედეგის ნახვა სურთ.”

თანხის დაბანდების დროს, განსაკუთრებით სამოქალაქო ურთიერთობისას, გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს და ეს რისკი დადგა, აცხადებს საიას იურისტი ბექა დოჭვირი, თუმცა ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ სამშენებლო კომპანიაზე მოდის:

”კომპანიამ, რომელმაც ვალდებულება იკისრა და ადამიანებს სრულად აქვთ თანხა გადახდილი, ვალდებული იყო მათთვის მათი კუთვნილი ქონება გადაეცა. ანუ, როდესაც ვალდებულებას ვერ ვასრულებ, დამნაშავე ვარ მე, ცალმხრივად. ახლა რომ დღგ-ს სთხოვენ, ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლა გამოდის და არაკანონიერია.”

”დექსუსის” ფორმულა

”დექსუსს” პრობლემის მოგვარების საკუთარი ფორმულა აქვს. რადიო თავისუფლება ესაუბრა ”დექსუსის” ხელმძღვანელს გიორგი ქანანაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ დღეს დაზარალებულებს აქვთ ერთადერთი არჩევანი - ცუდსა და უარესს შორის.

”დებიტორული დავალიანების მქონე ხალხმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ამ ვალს გადაიხდის. მერე ჩვენ ჩავდებთ ფულს, მერე ავაშენებთ და ნელ-ნელა ეს ხალხი დარჩენილ ვალს გადაიხდის. სამი წელი ადამიანს რომ თანხის გადახდა აქვს შეწყვეტილი, მე ვერ ვეყრდნობი ამ ხელშეკრულებას. გადახდის გრაფიკის მიხედვით, რაც ამ ძველ ხელშეკრულებაში იყო, თანხა სრულად უნდა იყოს ხომ დაფარული? მაგალითად, ვისაც 50 000-იანი ბინის ღირებულებიდან 40 000 გადახდილი აქვს, 10 000 - გადასახდელი, მათ ვთავაზობთ, რომ მოგვიწერონ ახალ კონტრაქტზე ხელი, რომ ინვესტორსაც ნდობა გაუჩნდეს. ფული, რითიც მე უნდა საქმე გავაკეთო, არ არის ჩემი პირადი ფული, ეს ინვესტორის კაპიტალია.”

რა ელის იმ ხალხს, ვისაც კომპანიის ვალი აღარ აქვს, ბინა კი ჯერ არ აშენებულა? ვინც, ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ჰაერი იყიდა:

”ვინც სრულად გადაიხადა ბინის ღირებულება, მათი ბედი დამოკიდებულია დავალიანების მქონე მათ მეზობლებზე. 100-დან 80-მა პროცენტმა უნდა გააფორმოს ახალი კონტრაქტი.”

”დექსუსის” ინფორმაციით, „ცენტრ პოინტის“ 30 ობიექტიდან 7-ის მშენებლობა განახლდა და, ქანანაშვილის მტკიცებით, ბოლომდე მივა.

”აი, დიდი დიღმის პირველი კორპუსი, დასრულებულია უკვე მშენებლობა. დაწყების დღიდან მოსახლეებთან კონტრაქტებს ვაფორმებდით პარალელურად. 52%-ს აქვს აღებული ვალდებულება, რომ ფულს მოიტანს. ბათუმის ”მაგნოლიის” შემთხვევაში 30%-თან გვაქვს მხოლოდ კონტრაქტი გაფორმებული. ხოშარაულის ”აფხაზეთი” – 50 %. ამ მშენებლობას პირველი კვარტლის ბოლოს ვასრულებთ. უფრო კარგი მაგალითია წყნეთი - აქ 92%-მა მოაწერა ხელი კონტრაქტს. როგორც კი კარგი ამინდები გამოვა, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ წყნეთის მშენებლობას...”

თუ ყოფილ მობინადრეებთან ახალი კონტრაქტები არ გაფორმდა, ბინები ხელახლა გაიყიდება:

”ხელმეორედ გაიყიდება ეს ბინები. მათ მიერ გადახდილ თანხას უკან დავუბრუნებთ, დანარჩენს ჩვენ ავიღებთ.“

ქანანაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი ბინა საკუთრებაში გადასვლის შემდეგ იპოთეკით დატვირთული არ იქნება. მისი თქმით, ეს პირობა ახალი კონტრაქტით არის გამყარებული:

სასამართლოში ჩივილს აზრი იმიტომ აქვს, რომ სასამართლოში უნდა დადასტურდეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ დაზარალებულების ვალი ...
”ჩვენ ახალ ხელშეკრულებაში განვმარტეთ, რომ სანამ ბინა საკუთრებაში გადაეცემათ, მანამდე მფლობელი არის შპს. თუმცა შემდგომ მუხლში გვიწერია, რომ ვალდებულებას იღებს ეს შპს, რომ როდესაც ბინას მესაკუთრეს გადასცემს, იმ მომენტისათვის ეს ბინა უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი იპოთეკისაგან.”

„დექსუსის“ ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ გაჯით შელესვის პირობა მართლაც დაირღვა. მიზეზი ის იყო, რომ კომპანიამ ამ გზით ფული დაზოგა და მშენებლობის ვადა შეამცირა.
ორი სიტყვა „ცენტრ პოინტის“ ქონებაზეც: ეს ქონება ”დექსუსს” გაყიდვის უფლებით გადაეცა (გარდა პირადი ქონებისა). აქედან ნაწილი გაიყიდა, ნაწილიც გაყიდვის პროცესშია.

რაც შეეხება დღგ-ს, რეალური ფინანსური შედეგის მიხედვით, როგორც ქანანაშვილი გვიხსნის, შპს საკუთარი შემოსავლებით დღგ-ს ვერ გადაიხდის. ამიტომ შეთავაზება ასეთია:

”ჩვენ ეს პირდაპირ, გულწრფელად ვთქვით, რომ ორი წლის მერე იქნება თუ ოთხის, რეალისტურად, შპს ამ დღგ-ს ვერ გადაიხდის. თუ გაქვს მოსატანი, სიტყვაზე, მილიონ-ნახევარი, მე ჩავდებ ამ მშენებლობაში ფულს, ავაშენებ სახლს, გასაღებს ჩაგაბარებ, თქვენ გადაიხდით, მე ამოვიღებ ამ ფულს. უბრალოდ, გექნებათ ბინა, რომელსაც ამონაწერში ეწერება ჩანაწერი - ”მშენებარე”, რომელიც იპოთეკითაც შეგიძლია დატვირთო, გაყიდო კიდეც. სხვა ვერ გაყიდის, რადგან შენი სახელი აწერია. ჩვენ ვამბობთ, ძირითად თანხას თუ მოიტანთ, აგიშენებთ სახლს და გადმოგცემთ. თუ დღგ-ს დაამატებთ, გადავრიცხავ ამ ფულსაც და გადაგიფორმებ ბინას.”

დაზარალებულების ნაწილი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობს. ერთ-ერთმა მათგანმა, ვალერი ზარდიაშვილმა, პროცესი მოიგო კიდეც, მაგრამ სასამართლომ, იმ მოტივით, რომ გაითვალისწინა კრიზისში მყოფი კომპანიის პრობლემები, გადაწყვეტილების აღსრულება კომპანიას ერთი წლის შემდეგ დაუწესა. თინა ხიდაშელს ვკითხეთ, ამ ფაქტის გათვალისწინებით, აქვს თუ არა აზრი ჩივილს.

”სასამართლოში ჩივილს აზრი იმიტომ აქვს, რომ სასამართლოში უნდა დადასტურდეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ დაზარალებულების ვალი. ერთადერთი შანსი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა ამ ქვეყანაში და იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის ბევრი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აღუსრულებელი დარჩება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კი სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.”

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში, რომელშიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები არიან გაერთიანებული, უკვე დაანონსდა, რომ მორიგი საპროტესტო აქცია 28 აპრილს გაიმართება. სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება დაზარალებულების შემდგომი სამოქმედო გეგმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG