Accessibility links

პატიმრების დამცველები თავადაც პატიმრობაში აღმოჩნდნენ


პატიმართა წამების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციაზე

პატიმართა წამების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციაზე

სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პატიმართა წამების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 7 მონაწილიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ ორს 20_, ერთს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენ ოთხს - მათ შორის, ”შეფიცულთა რაზმის” ხელმძღვანელს, მსახიობ გია ბურჯანაძეს - 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ. დაკავებულების ადვოკატები და აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები ხელისუფლების მითითებით მოქმედებდნენ და ისინი გზის გადაკეტვამ კი არა, აქციის მოტივმა გააღიზიანა.
არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა - დაიხიეთ უკან, ნუ კეტავთ გზას ან რამე მსგავსი არ ყოფილა. პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ პოლიციელები და ისე აწვებოდნენ მომიტინგეებს, რომ ძალაუნებურად მოხდა შეტაკება...

არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის და პატიმართა ოჯახის წევრების მიერ 25 მარტს ჩატარებული მორიგი აქცია, რომლის მთავარი მოწოდებაა შეწყდეს პატიმართა წამება, როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, სანქცირებული იყო. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ გააფრთხილეს მერია და ხუთი დღით ადრე წერილი სასჯელაღსრულების სამინისტროშიც გაგზავნეს, თუმცა აქციამ შეხლა-შემოხლისა და მისი მონაწილეების დაკავების გარეშე ვერ ჩაიარა.

დააკავეს შვიდი ადამიანი - მათ შორის, მერაბ ჭიქაშვილი, ლიდერი მოძრაობისა ”რატომ” და ახლახან შექმნილი ”შეფიცულთა რაზმის” ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე მისულმა დაახლოებით 700-მდე ადამიანმა (ამ ციფრს თავად ორგანიზატორები ასახელებენ) ყაზბეგის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტა.

”არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა - დაიხიეთ უკან, ნუ კეტავთ გზას ან რამე მსგავსი არ ყოფილა. პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ პოლიციელები და ისე აწვებოდნენ მომიტინგეებს, რომ ძალაუნებურად მოხდა შეტაკება. ამასობაში კი აქციის მონაწილეების დაჭერა დაიწყეს, განურჩევლად ყველასი, ვინც აშავებდა რამეს თუ არა. ასე აღმოჩნდა დაპატიმრებულთა შორის გია ბურჯანაძეც.”
ჩვენ ვამბობთ: აუცილებელია იმის თქმა ხელისუფლებისთვის, რომ პატიმართა წამება უნდა შეწყდეს...

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ კანონით გზის გადაკეტვა ისჯება იმ შემთხვევაში, თუ გზა იკეტება ხელოვნურად, ვთქვათ, ოციოდე ადამიანის მიერ, რომლებიც თავისუფლად ეტევიან ტროტუარზე:

”ამ შემთხვევაში მათ არა აქვთ გზის ხელოვნურად გადაკეტვის უფლება. მაგრამ თუ აქციაზე არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც, უბრალოდ, ვერ ეტევიან ტროტუარზე და საჭიროება მოითხოვს მათგან გზის სავალი ნაწილი გადაიკეტოს, მაშინ ისინი რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებენ ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებს. მერიას კი ასეთი შეტყობინება მიღებული ჰქონდა.”
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი

25 მარტს მომხდარს გელა ნიკოლაიშვილი აფასებს როგორც ხელისუფლების მიერ ძალის დემონსტრირებას, როგორც მკაფიო მესიჯს, რომ მოქალაქეებმა ხელისუფლების წინააღმდეგ და მასთან შეუთანხმებლად ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, და ეჭვობს, რომ პოლიციელებს წინასწარი მითითებები ჰქონდათ, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ:

”პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ვინ უნდა დაეჭირათ. ბურჯანაძეზე, მაგალითად, თითი მიუშვირეს, დაიჭირეთო. საერთოდ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას - მათსა და ხალხს შორის იდგა.”

საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებიც ჩაერთნენ. ბექა დოჭვირი აცხადებს, რომ სასამართლოს ყველა დაკავებული სასამართლო დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინა, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რითაც ობიექტური შთაბეჭდილება უნდა შექმნოდა და დაეყრდნო მხოლოდ პატრულის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც სიტყვასიტყვით ერთნაირი იყო:

”ყველას დაზეპირებული ჩვენება ჰქონდა, სიტყვებითაც კი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამბობდნენ, არაერთხელ მოვუწოდეთ, მაგრამ ისინი მაინც ბოროტად არ დაემორჩილნენ ჩვენს მოწოდებას და განზრახ ჰქონდათ გზა გადაკეტილიო.”
ბოლო ათი დღის განმავლობაში ვნახეთ რამდენი პატიმარი აწამეს ციხეში, მუზაშვილით დაწყებული. აი, ახლაც ხელში მიჭირავს მორიგი წერილი პატიმრის წამების შესახებ...

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბევრად აღემატება ხელისუფლების მიერ დასახელებულ ოფიციალურ 24 000 პატიმარს და, უფლებადამცველების ინფორმაციით, 40 000-სს აღწევს. სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა წამების ფაქტებს არ ადასტურებს. არადა, „წინააღმდეგობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ ყოველ კვირაში მისდით წერილი ნაწამები პატიმრების შესახებ:

”ბოლო ათი დღის განმავლობაში ვნახეთ რამდენი პატიმარი აწამეს ციხეში, მუზაშვილით დაწყებული. აი, ახლაც ხელში მიჭირავს მორიგი წერილი პატიმრის წამების შესახებ. ჩვენ ვამბობთ: აუცილებელია იმის თქმა ხელისუფლებისთვის, რომ პატიმართა წამება უნდა შეწყდეს.”

მორიგი საპროტესტო აქცია 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე დღის ოთხ საათზეა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG