Accessibility links

logo-print
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა, ასევე ექსპორტიც, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი კვლავ შენარჩუნებულია.
ექსპორტი 294 მილიონი დოლარი იყო, 36 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი - 843 მილიონი აშშ დოლარი, 41 პროცენტით მეტი....

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-თებერვალში ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტის წილი კვლავაც მოკრძალებულია და ის თითქმის 300 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი - 800 მილიონზე მეტი. გასული ორი თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დეტალურად საუბრობს სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე:

”ბრუნვამ 1 137 000 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 294 მილიონი დოლარი იყო, 36 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი - 843 მილიონი აშშ დოლარი, 41 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-თებერვალში 549 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 44 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ იმპორტისა და ექსპორტის მონაცემების ზრდა ძირითადად ფასების მატებამ განაპირობა. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია საგარეო სავაჭრო ბალანსის შემადგენელი მთავარი ნაწილის - იმპორტის - ზრდის მიზეზებზე საუბრობს:
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია

„იმპორტის ზრდა გამოწვეულია ორი მომენტით. ეს არის ინფლაციასთან დაკავშირებული მომენტი, რამაც წაახალისა იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა და, მეორე, ეს არის, წინა წლის კრიზისულ პერიოდთან შედარებით, მსყიდველუნარიანობის გაზრდა, ამიტომ იმპორტზე მოთხოვნაც გაიზარდა.“

დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ექსპორტის ზრდა უმნიშვნელოა და ისიც ძირითადად ფასების ზრდით არის გამოწვეული და არა პროდუქციის რაოდენობის მატებით.

თუმცა კი საექსპორტო პროდუქციის ლიდერებს შორის მომხდარი ცვლილებები ეკონომიკის ექსპერტების ნაწილს ზრდის სხვა მიზეზებზეც აფიქრებინებს. კერძოდ, ბოლო დრომდე საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაში ყველაზე დიდი მოცულობა ფეროშენადნობებს ეკავა. 2011 წლის პირველი ორი თვის მაჩვენებლებით კი, ლიდერი გახდა ავტომობილების ექსპორტი. საქართველოდან უცხოეთში ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში გატანილი ავტომობილების ღირებულებამ 50 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და საერთო ექსპორტის 18 პროცენტი შეადგინა.

როგორც ცნობილია, საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს. მაშ, რა გახდა ექსპორტის მოცულობაში მისი და არა საქართველოში დამზადებული პროდუქციის ლიდერობის მიზეზი? ამას მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს უკავშირებს:

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე
„ადგილობრივი დილერები, რომლებიც ამას ახერხებენ, იყენებენ უკვე არა სიტყვით, არამედ საქმით საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. და ძალიან ეფექტურადაც იყენებენ საგადასახადო დაშვებებს და კანონის ფარგლებში ახერხებენ იმას, რომ ავტომობილის მთავარი მწარმოებლები საქართველოს იყენებენ როგორც რეგიონალურ ჰაბს.”

გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ავტომობილების ანალოგიურად, საქართველო სხვა პროდუქციის გამნაწილებელ რეგიონალურ ცენტრად იქცეს.

მაგრამ ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენებით და კანონმდებლობის გამარტივებით ჯერაც ვერ ხერხდება, რომ სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის შემცირდეს. იანვარ–თებერვლის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტის ზრდის მაჩვენებელს ჩამორჩება.

უარყოფით სავაჭრო ბალანსს საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფით მოვლენად მიიჩნევს და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტ იმპორტში შემდეგ პრობლემას ხედავს:

„ჩვენგან ძირითადად ხდება ვალუტის გადინება და როცა ექსპორტი შედარებით ნაკლებია, ვალუტის შემოდინება არ ხდება, რაც წარმოქმნის დეფიციტს უცხოურ ვალუტაზე და ეს ეროვნული ვალუტის კურსზე მოქმედებს და ეროვნულ ბანკს უწევს მეტი უცხოური ვალუტის დახარჯვა ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად.“

თუმცა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის პერიოდში, იანვარ-თებერვალში, ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა.

საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, საქართველოს უარყოფით სავაჭრო სალდოში საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის ექსპერტი, ჟურნალ „ტაბულის“ ერთ-ერთი ავტორი, მიშა თავხელიძე:

მიშა თავხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი
„ასეთი მაგალითი არსებობს: აიოვაში აწარმოებენ ხორბალს, ამ ხორბალს მერე ყიდიან და იაპონიაში ყიდულობენ მანქანებს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იგივეა, რომ აიოვაში მიწიდან მოჰყავთ იაპონური მანქანები. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვყიდულობთ, მაგრამ ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება.“

საქართველოს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლებში მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია კვლავაც თურქეთს უკავია, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და უკვე მეოთხე ადგილზეა რუსეთი.
საინტერესოა ის ქვეყნებიც, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ ქვეყანაში უფრო მეტი ქართული პროდუქცია გადის, ვიდრე იქიდან შემოდის. საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა შორის ასეთი ქვეყნებია ამერიკის შეერთებული შტატები, 11 პროცენტით, და მას ოდნავ ჩამორჩება სომხეთი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG