Accessibility links

logo-print

სამხრეთ სირიაში საპროტესტო აქციები გრძელდება


გავრცელებული ცნობებით, სამხრეთ სირიაში შაბათსაც გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულმა მკაცრმა ზომებმა, როგორც იუწყებიან, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქ დარააში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა რეფორმების მოთხოვნით. განვლილი კვირის მანძილზე ამ ქალაქში რამდენჯერმე მოხდა შეტაკება საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. როგორც იუწყებიან, სირიის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და ისევ ჩაერთნენ დემონსტრანტებთან შეტაკებაში. მეზობელ ქალაქ ტაფასში, თვითმხილველების ცნობით, ცეცხლი წაუკიდეს სირიის მმართველი „ბაათის“ პარტიის შენობას და პოლიციის სადგურს. ზღვისპირა ქალაქ ლატაკიიდანაც იუწყებიან, რომ ცეცხლი წაუკიდეს ბაათის პარტიის ოფისს. ამ ქალაქშიც მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის. პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა, ცნობების თანახმად, სულ ცოტა, ექვს ქალაქში გაუხსნეს ცეცხლი დემონსტრანტებს. „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG