Accessibility links

logo-print
რამდენიმე თვის წინ ორი გამორჩეული თანამედროვე პოეტის, თემურ ჩხეტიანისა და ნუგზარ ზაზანაშვილის, პოეტური კრებულები გამოიცა.

თემურ ჩხეტიანის მეოთხე პოეტური კრებული, სახელად "უადრესატოდ", "დიოგენემ" გამოსცა. წიგნი 70 გვერდს მოიცავს და მასში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაწერილი ლექსებია შესული. "მცდელობა", "დალტონიკები", "ნაქირავები ბინები", "იმედგაცრუება", "ბალახის სიმაღლე", "სახლი ქუჩის გადაღმა" ის ლექსებია, რომლებიც ნამდვილად დაამახსოვრდება მკითხველს. თემურ ჩხეტიანი გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტია და გამოცდილი მკითხველი ადვილად იცნობს მის მშვიდ ინტონაციას. პოეტმა შოთა იათაშვილმაც ჩემთან საუბრისას სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:
ნუ ერიდები გამეორებას -
ოთხივე მახარობელიც
ერთ ამბავს ყვება...

"თემურ ჩხეტიანის ლექსებში მუდამ არის რაღაცნაირი მშვიდი განწყობილება, ყოველდღიურობის ფორიაქს გარიდებული ადამიანის განწყობილება, რომელიც რაღაცნაირად თავის სიმარტოვეში არის ჩაძირული და იქიდან აკვირდება სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. და არა მხოლოდ ის აკვირდება, არამედ მასაც კი აკვირდებიან ზოგიერთ ლექსში. მაგალითად, ავიღოთ ლექსი "იმედგაცრუება", სადაც ის ხან ტელევიზორს თიშავს, ხან წიგნს კითხულობს, ხან კარტოფილს წვავს, ხან სიგარეტს ეწევა და, ბოლოს, რა ხდება? პოეტი ამბობს: "მთელი დღე ვგრძნობდი,/ რომ მითვალთვალებდა ვიღაც,// მითვალთვალებდა დაჟინებით,/ ალბათ ეგონა,/ რამე განსაკუთრებულს ჩავიდენდი..."

ეს ლექსი, თემატური თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თემურ ჩხეტიანის ლექსებში და, ზოგადად, თანამედროვე პოეზიის კონტექსტშიც. აქ, როგორც ხედავთ, ავტომატიზმამდე მისულ ყოველდღიურობაზეა საუბარი, სადაგ დღეებზე, რომლის დაძლევის სურვილი თუ ოცნება პოეტურ-შემგუებლური სევდით იცვლება. ამ ნიშნით განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსს "ახალი იონა", აქაც თითქმის იგივე ხდება, ოღონდ ამჯერად ყოველდღიურობის რუტინაში, როგორც ვეშაპის სტომაქში, ისეა შთანთქმული იონა: "ბნელში ვზივარ და მაინც ყველაფერს ვხედავ;/ დაყრუებული ვარ და მაინც ყველაფერი მესმის,/ ამ დახშულ სივრცეს კი ვერა და ვერ ვეღწევი,/ თავს ვერ ვიხსნი უძირო სტომაქიდან/ და, როცა ვამბობ რამეს,/ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ვესიტყვები". არადა, ამ დროს გარეთ სამყარო ფეთქავს და ვეშაპის ფერდებს მძლავრი ტალღები ეხეთქებიან.

თემურ ჩხეტიანი შესანიშნავი საჭადრაკო კომპოზიტორიცაა. მახსოვს, 90-იან წლებში მისი პირველი პუბლიკაციები "არილში" მისივე კომპოზიციებით გავაფორმეთ:

"ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ პოეტი თემურ ჩხეტიანი საჭადრაკო კომპოზიტორია და თანაც ძალიან მაღალი დონის. და თუ ადამიანს შეუძლია საჭადრაკო კომპოზიციების მოფიქრება ისე, რომ ამ კომპოზიციას მხოლოდ ერთადერთი სწორი გზა აქვს გამარჯვებისკენ, მე მგონი, მას არ გაუჭირდება ამ შემთხვევაში სალექსო კომპოზიციების სწორად შექმნაც. და სწორედ ამ თვალსაზრისით არის თემურ ჩხეტიანის პოეზია საინტერესო, რომ კომპოზიციურად ის სწორად აგებს თავის სათქმელს. ლაკონიურად აგებს და ზუსტად მიჰყავს იმ სწორი სათქმელისაკენ, საითკენაც საჭიროა ლექსის წაყვანა."
კრებულში "უადრესატოდ" არის ასეთი ლექსი, სადაც აღწერილია წერის პროცესი და ეს რაღაცნაირი რეფრენის ფორმითაა, რიტუალურია და ემოციურად იმუხტება ლექსი...

საინტერესო მიგნებები აქვს მას მინიმალისტურ ლექსებში. მაგალითად, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს მისი მოკლე, სხარტი სტრიქონები:

"ნუ ერიდები გამეორებას -
ოთხივე მახარობელიც
ერთ ამბავს ყვება."
ანდა:
"ყველაზე დაბლა ვდგავარ,
მაგრამ ჩემ ზემოთ
მხოლოდ ღმერთია."

მისი ლექსები სწორედ ამ "დაბლა დგომის", დაკარგულობის, მარტოობის ქრონიკებია და პოეტი ხშირად ამ "ქრონიკების" შექმნის პროცესსაც აგვიწერს ხოლმე:

"კრებულში "უადრესატოდ" არის ასეთი ლექსი, სადაც აღწერილია წერის პროცესი და ეს რაღაცნაირი რეფრენის ფორმითაა, რიტუალურია და ემოციურად იმუხტება ლექსი. ანუ საუბარია გაუთავებელ მოძრაობაზე, ხელის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, რომელიც რაღაცნაირად გულიდან გასული მოძრაობაცაა თითქოს, და მერე ეს ყველაფერი ისევ უკან ბრუნდება, ხელის ნერვიული მოძრაობის შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ, იგივე ხელი, კალიასავით უკან ხტება, ძველ ადგილს უბრუნდება და მერე ისევ ახალი პროცესი იწყება, იგივე გრძელდება."

თემურ ჩხეტიანი თითქმის მთელი წელი გაუსვლელად სოფელში ცხოვრობს, ვაჩნაძიანში, მხოლოდ თელავში თუ გამოიზამთრებს ხოლმე. აი, ნუგზარ ზაზანაშვილი კი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე (იგი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პროგრამის დირექტორია), სულ მუდამ მოგზაურობაშია, ხშირად დაფრინავს და ეს მის პოეზიაშიც საინტერესოდ აისახა. გამომცემლობა "საარის" მიერ დაბეჭდილ ნუგზარ ზაზანაშვილის ახალი ლექსების კრებულს ასეც ჰქვია - "ცის ლექსები".

წიგნში ძალიან ბევრია თვითმფრინავიდან დანახული სურათები ან ფრენისას მოსული განცდები თუ მოგონებები. ლამის ნახევარი კრებული ასეა და ბევრი ლექსი მართლა ან ცაშია დაწერილი, ან ფრენისასაა ჩანიშნული. ერთ-ერთ ციკლს ასეც ჰქვია, "თვითმფრინავიდან დანახული". ხანდახან კი პოეტი თვითმფრინავს ტოვებს და უცხო ქალაქში გამოდის, აკვირდება უცნობებს, ანდა ოცნებობს, სევდიანობს. ლექსებში ბევრია გეოგრაფიული დასახელებებიც, დიუთი ფრიში ნაყიდი სასმელები. პოეტი იხსენებს სხვადასხვა გემოებს, აკვირდება საათის ისრების მოძრაობას, დარდობს წარსულზე. წიგნი პოეტის დედას ეძღვნება და ამიტომ მასში ბევრი უცნაური მოგონებაცაა. ნამდვილად გამორჩეულია ლექსი "უცნობნაცნობობა", სადაც იგი თავის ბავშვობისდროინდელ ერთ თბილისურ სიტუაციას აღწერს. №1, ლურჯ, მომრგვალო, ბეჰემოტივით ტროლეიბუსში იგი, უმცროსკლასელი, და ტროლეიბუსის სხვა მგზავრები სხედან:

"მივემგზავრებით უცნობნაცნობი, ქართველი, სომეხი, ებრაელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ასირიელი, ქურთი ვარანცოველები. ჩვეული მყუდროება სუფევს ლურჯ, მომრგვალო, მოუქნელ ტროლეიბუსში - უცნობნაცნობობის შეგრძნებით გამოწვეული მყუდროება... მივემგზავრებით: ვინ - საით... და ყველა ერთად... მივემგზავრებით და სულ უფრო ვშორდებით, ვშორდებით, ვშორდებით მშობლიურ უბანს..."

ზოგჯერ მისი ლექსი სურათებს წარმოადგენს, აღწერებს. მას ასეთი ციკლიც აქვს, "წამის შეჩერების საშუალებები". ასეთ ლექსებში ხშირია ხოლმე გამეორებები, თითქოს ავტორი ცდილობს უფრო დააზუსტოს სათქმელი, თითქოს მას ძალიან უნდა, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს მისმა სიტყვებმა და ამიტომ გიმეორებს. ამ დროს არ უნდა იფიქრო, რომ ლექსი უმნიშვნელო რამეზეა. ეს არაა უბრალო ნატურმორტი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც პოეტი საუბრობს.

მინიმალიზმი ნუგზარ ზაზანაშვილსაც უყვარს. ასეთ ლექსებში იგი ხშირად მახვილსიტყვაობს და საოცარი სიზუსტით აგვირგვინებს სათქმელს. ამის საუკეთესო ნიმუშია შოთა ჩანტლაძისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც ასე მთავრდება: "როცა მზე ჩადის, ამოდის ლექსი". რა თქმა უნდა, ესაა შოთა ჩანტლაძის ცნობილი შედევრის სევდიანი ინტერტექსტი: "წავიდა თოვლი და მოვიდა მიწა".

ნუგზარ ზაზანაშვილი შესანიშნავი ესეისტიცაა. ბოლო 3 წლის მანძილზე მისი ორი წერილი დავბეჭდე "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში", რომელთაგან ერთი ლია სტურუას ეძღვნებოდა, მეორე კი თამაზ ბაძაღუას. ეს იყო ამ ორი პოეტის შესახებ დაწერილი ალბათ საუკეთესო ესეისტური კვლევები, რომლებიც, ვფიქრობ, მალე წიგნადაც უნდა გამოიცეს.
XS
SM
MD
LG