Accessibility links

logo-print
იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ნატოს გაფართოების სტრატეგია აუცილებლად გამოიწვევდა მსოფლიო უსაფრთხოებაზე ალიანსის პასუხისმგებლობის გაზრდასაც. თუმცა მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ნატოს სტრატეგები ვარაუდობდნენ. 12 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები იცავენ მშვიდობას კოსოვოში, ნატოს სარდლობა ხელმძღვანელობს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ურთულეს ოპერაციას ავღანეთში და, ამას გარდა, ნატოს ქვეყნების ავიაცია პარალელურ რეჟიმში ანადგურებს მუამარ კადაფის რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და საჰაერო ძალებს. თუმცა ამ სამ მსგავს ოპერაციას ერთი განმასხვავებელი ნიშანიც აქვს.

ისევე როგორც ლიბიაში, კოალიციის 12 წლის წინანდელი სამხედრო ოპერაცია ბალკანეთზე სწორედ მარტის თვეში საავიაციო იერიშით დაიწყო. შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედრო ავიაციამ გაანადგურა მილოშევიჩის არმიის საჰაერო-თავდაცვითი რადარები, სამეთაურო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ავიაცია და ისეთი სამოქალაქო ობიექტები, რომელთაც, ერთი შეხედვით, სამხედრო ოპერაციასთან კავშირი არც ჰქონდათ. აი, რა გაიხსენა ჩვენთან საუბარში რადიო თავისუფლების სამხრეთსლავური სამსახურის ალბანურენოვანი განყოფილების თანამშრომელმა ვულნეტ პოშკამ:

„მთავარი სამიზნე იყო სამხედრო დანაყოფები და პოლიციის ძალები როგორც კოსოვოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იერიშები მიჰქონდათ არა მხოლოდ კოსოვოში, არამედ კოალიციის ავიაციამ დაბომბა იმ დროს არსებული ინფრასტრუქტურა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ხიდები, სამხედრო მნიშვნელობის ობიექტები. მათ შორის, დაიბომბა ჩინეთის საელჩო ბელგრადში, რასაც ჩინეთის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა დასავლეთმა და ნატომ განაცხადეს, რომ ეს იყო გამართლებული სამიზნე. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს სერბეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კამპანიის შენობაზე, როგორც პროპაგანდის იარაღზე.“

თუმცა 12 წლის წინ ბალკანეთზე საავიაციო ოპერაცია ნატომ ისე დაიწყო, რომ მას არ ჰქონია გაეროს შესაბამისი მანდატი და არც ფრენის აკრძალვა გამოცხადებულა ყოფილ იუგოსლავიაში. ერთადერთი გამონაკლისი იყო ბოსნია, რომელზეც ფრენა აიკრძალა. შესაბამისად, ყოფილი სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის თავზე ნატოს ავიაცია მოქმედებდა გაეროს შესაბამისი მანდატის გარეშე. რაც შეეხება საყოველთაოდ ცნობილ #1244 რეზოლუციას, იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხოლოდ ნატოს საავიაციო ოპერაციის დასრულების შემდეგ მიიღო. აღნიშნული რეზოლუცია ნატოს შესაძლებლობას აძლევდა დაეწყო სახმელეთო ოპერაცია ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
როგორც ჩემი ალბანელი კოლეგა ვულნეტ პოშკა იხსენებს, ნატო და სხვა მოკავშირეები იმ ფაქტმა აიძულა მრავალეროვნული სახმელეთო ოპერაცია დაეწყოთ, რომ 78 დღიანი საავიაციო დაბომბვის შემდეგ მილოშევიჩმა არათუ უკან არ დაიხია, მთელი სისასტიკე მშვიდობიანი ალბანელი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა:

„საავიაციო იერიშების დასრულების შემდეგ კოსოვოში 10 ათასი ადამიანი დაიღუპა, აქედან 5 ათასი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. იმის მიზეზი, რომ მილოშევიჩის ძალები კვლავ აგრძელებდნენ თავდასხმებს, შეიძლება ყოფილიყო დასავლეთისა და ნატოს წინასწარი განცხადება, არ ვაპირებთ სახმელეთო ოპერაციის დაწყებასო. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან, მილოშევიჩმა, კვლავ დაიწყო შეტევა, რადგან, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ სახმელეთო ნაწილები არ შემოვლენ, ამით ხელ-ფეხი გეხსნება.“

12 წლის წინ კოსოვოში დაწყებული ნატოს ოპერაციის წინაპირობები, რაზეც ჩემი კოლეგა ვულნეტ პოშკა საუბრობდა, ძალიან საინტერესო მსგავსებას პოულობს ლიბიაში შექმნილ ვითარებასთან. მსგავსება იმაშია, რომ კოალიციის ავიაცია ამჟამადაც წარმატებით ანადგურებს მუამარ კადაფის ავიაციას, საჰაერო თავდაცვით ინფრასტრუქტურას, სახმელეთო და საავიაციო ძალების შტაბებს. თუმცა, როგორც 12 წლის წინ, ნატოს სარდლობა ამჟამადაც დაჟინებით იმეორებს, რომ დღის წესრიგში არ დგას ნატოს სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. აი, რა განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 24 მარტის ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც გაახმაურა ალიანსის გადაწყვეტილება, თავად უხელმძღვანელოს ლიბიაზე ფრენის აკრძალვის ოპერაციას:

„რაც ჩვენ დღეს ღამით გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ვიკისროთ ხელმძღვანელობა ფრენისათვის აკრძალულ ზონაზე, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას. მანდატი ამაზე შორს არ მიდის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ საკუთარი თავდაცვისთვის, მაგრამ რასაც ვაპირებთ, არის ფრენისათვის აკრძალული ზონის ორგანიზება, რათა ვიყოთ გარანტირებული, რომ ამ გზით ჩვენ დავიცავთ მოსახლეობას.“

გადაიზრდება თუ არა ფრენისათვის აკრძალული ზონის უზრუნველსაყოფად ჩაფიქრებული საავიაციო ოპერაცია კოალიციის სამხედრო-სახმელეთო ოპერაციაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ერთკვირიანი საავიაციო დაბომბვის შედეგად, კოალიციის სარდლობის განცხადებით, განადგურებულია მუამარ კადაფის ავიაციისა და საჰაერო სისტემების უდიდესი უმრავლესობა, მართვის შტაბები და სტრატეგიული სამხედრო ობიექტები. მეამბოხეთა ძალები კი განაგრძობენ წინსვლას და შაბათს მათ ხელთ იგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი აჯდაბია და ახლომდებარე სანავთობო პორტი ბრეგა. თუმცა კადაფი განაგრძობს წინააღმდეგობას და საინფორმაციო ომსაც. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ კადაფის არმიის მიერ დახოცილი ადამიანების გვამები, დიქტატორის ბრძანებით, იმ ადგილებზე დაყარეს, სადაც კოალიციის ავიაციას იერიშები მიაქვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG