Accessibility links

logo-print

დაუთმობს თუ არა აფხაზეთი 160 კვადრატულ კილომეტრს რუსეთს


რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი მდინარე ფსოუზე

რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი მდინარე ფსოუზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 28 მარტს, დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შეხვედრა. კომისიამ, როგორც სხვადასხვა აფხაზური მედიასაშუალებიდან და ოპოზიციური ფორუმებიდან ხდება ცნობილი, უნდა განიხილოს დე ფაქტო აფხაზეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის 160 კვადრატული კილომეტრი ფართობის დემარკაციის თემაც, ანუ შესაძლოა ეს მონაკვეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. ამ თემაზე აფხაზურ მხარეს კომენტარები არ კეთდება, თბილისში კი საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური ძალები და მედია უკვე კვირაზე მეტია ლაპარაკობენ რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო აფხაზეთის სახმელეთო საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ფედერაციას გადაეცეს. საქმე ეხება მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროს.

როგორც ირკვევა, პირველად ამ თემაზე კითხვა გაზეთმა ”ნუჟნაიამ” დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარეს ვალერი კვარჩიას დაუსვა.

11 მარტის გაზეთ „ნუჟნაიაში“ ვკითხულობთ, რომ ვალერი კვარჩიამ კითხვას, მართალია თუ არა, რომ გაგრის რაიონის 16 ათასი ჰექტარი რუსეთის ფედერაციას უნდა მიეკუთვნოს, უპასუხა, რომ თებერვლის ბოლოს მათმა კომისიამ მოსკოვიდან ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე წერილი მიიღო, სადაც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო ხაზი იყო აღწერილი. აფხაზეთის რესპუბლიკის კომისია ამ წერილს ოფიციალურ დოკუმენტად არ განიხილავს და კომენტარისგან თავს იკავებს 28 მარტს მოსკოვში დაგეგმილი კომისიის სხდომამდე.

თბილისში ამ თემაზე ყურადღება მაინცდამაინც არ გამახვილებულა. პირველი კომენტარები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული:

იქ [აფხაზეთში] არ არსებობს რაიმე ძალა, რომელიც რუსეთის რაიმე ქმედებას აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს...
”არ არსებობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი, არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი, რომლის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი გადაწყვეტას არ საჭიროებს. საზღვარი ძალიან მკაფიოდ არის გაყოფილი - როგორც დემარკირებული, ასევე დელიმიტირებული - და საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, შეიქმნას ფორმალური, მაგრამ არალეგალური კომისია, რომელიც რაიმე ფორმით სხვა სახის გადაწყვეტილების მიღებას ეცდება, იქნება უკანონო და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება არლეგიტიმური და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იურიდიულად ამას არანაირი დატვირთვა არ აქვს.”

ექსპერტი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებში ამ თემაზე მოსაზრებების ნაკლებობა გარკვეული პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს. მისი აზრით, თბილისში საკითხის გადაწყვეტას ელიან და ამის შემდეგ იქნება მოსალოდნელი განცხადებები. რაც შეეხება თავად დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ურთიერთობებს, პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზური საზოგადოება ტერიტორიების დათმობას არ შეეგუება:

”[აფხაზური] საზოგადოების დიდი ნაწილი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და არა რუსეთთან შეერთებისათვის. ისინი ამბობენ, რომ საქართველოსთანაც ვიყავით და მათთან კიდევ უფრო შეიძლებოდა ვაჭრობა, ვიდრე რუსეთთან. ამათ რუსეთი სჭირდებოდათ საქართველოსგან თავის დასაცავად და იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ რუსეთის მოკავშირეები, მაგრამ არა რუსეთის ნაწილი. დღეს ისინი გრძნობენ, რომ რუსეთი ხელებს უგრეხს მათ. მათი ერთადერთი ძალა არის სიმართლის ხმამაღლა თქმა და თუ აფხაზეთი ხმას ამოიღებს და განგაშს ატეხს, რუსეთი უკან დაიხევს. ასე გააკეთა აფხაზეთმა არაერთხელ.”

მე არ მახსენდება, რომ რუსეთს ჰქონოდა მსგავსი მასშტაბის პრეტენზია საქართველოს ტერიტორიის რომელიმე მონაკვეთზე. იქ საუბარი იყო ხოლმე გარკეულ ნაწილებზე...
პაატა ზაქარეიშვილის პოზიციას არ ემთხვეევა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას აზრი. ის ამბობს, რომ აფხაზეთში დღეს არ არსებობს ძალა, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. არსებობს სხვა ფაქტორებიც:

”იქ [აფხაზეთში] არ არსებობს რაიმე ძალა, რომელიც რუსეთის რაიმე ქმედებას აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს - ეს ერთი ფაქტორი. არის მეორე ფაქტორიც. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაცია. ამიტომ რაღაც მინიმალურის შენარჩუნებას დაიწყებენ. ჩვენთვის სამართლებრივად ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დეოკუპაცია აუცილებლად დაიწყება და ის დაიწყება მთლიანად და არა ნაწილობრივ.”

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იხსენებს იმ პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობდა რუსეთთან საზღვრების დადგენის პროცესი 90-იანი წლების ბოლოს და ამბობს, რომ ისეთი დიდი მოცულობის პრეტენზია რუსეთს, როგორიც ახლა აქვს, აქამდე არასოდეს ჰქონია:

”მე არ მახსენდება, რომ რუსეთს ჰქონოდა მსგავსი მასშტაბის პრეტენზია საქართველოს ტერიტორიის რომელიმე მონაკვეთზე. იქ საუბარი იყო ხოლმე გარკეულ ნაწილებზე, ჩვენც გვქონდა ხოლმე რუსეთის მიმართ, ასე ვთქვათ, პრეტენზიები. მაგალითად, ადმინისტრაციული საზღვრის გავლებისას შეიძლებოდა ერთი სოფელი ისე გაყოფილიყო, რომ საზღვრის ერთ მხარეს დარჩენილიყო სოფელი, მეორე მხარეს მისი სავარგულები, ან სოფელი იყოფოდა შუაზე, ან რაღაც მსგავსი უხერხულობა წარმოიშვებოდა.”

ირაკლი მენაღარიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე ხმამაღალი მკაცრი პოზიცია უნდა უჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG