Accessibility links

logo-print
”მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები“ - ამ თემაზე თბილისში გაიხსნა კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ფართო სპექტრის გარდა, ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

კონფერენციის მიზანი საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებაა, აღნიშნა მედიასთან საუბარში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა. მისი განმარტებით, ის კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლებიც მართლმსაჯულების ხარისხს ეხება, უნივერსალურია და მთელ მსოფლიოზე ვრცელდება.

” პრინციპულად, მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში მართლმსაჯულება, მაგალითად, უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური, მაგალითად, უნდა იყოს, ხელმისაწვდომი - ყველას უნდა შეეძლოს იოლად მივიდეს სასამართლოში და დაესწროს სასამართლოს სხდომებს. მაგალითად, ასევე უნდა იყოს ერთგვაროვანი, ანუ ყველას უნდა ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარკვეული პროგნოზირებადობის საშუალება. ასევე კვალიფიკაცია მართლმსაჯულების სისტემაში უნდა იყოს ძალიან მაღალი და ყველაზე მთავარი, სისტემა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დიდი ნდობა უნდა არსებობდეს მის მიმართ”, ამბობს კონსტანტინე კუბლაშვილი. თუმცა მის სიტყვებში, კერძოდ, იმაში, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრონციპების ერთგულებით ვითარდება, იქვე, კონფერენციის სხდომათა დარბაზში, შეიტანა ეჭვი ადვოკატმა მანანა კობახიძემ:

დამოუკიდებლობის პრობლემა მეტ-ნაკლებად ერთნაირად დგას ევროპის სახელმწიფოებშიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. მიუხედავად რეფორმებისა, მოსამართლეებს დედოფლის სახელით ირჩევენ...
”ამხელა ფინანსები მიდის მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებაზე, მაგრამ რატომღაც არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ თუნდაც განხორციელდეს სისტემატური მონიტორინგი ამ პროცესებზე უცხოელების მხრიდან. განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლის მიზანიც იქნება კონკრეტული საქმეების, საქმის განხილვის მონიტორინგი და შემდეგ შეფასება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ვინმემ გადასინჯოს ან ჩაერიოს მოსამართლის გადაწყვეტილებაში. უბრალოდ, მოხდეს პროცესებზე დასწრება და მოსამართლის ქცევის, მის მიერ კანონის დაცვის თუ დარღვევის მონიტორინგი.”

ადვოკატ მანანა კობახიძის კრიტიკა კონკრეტულ ფაქტებს ემყარება. იგი მოსამართლის ქცევის ისეთ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა, მაგალითად, მოსამართლის მიერ ოქმის გაყალბება, განაჩენის ისეთ დროს ჩაბარება, როდესაც გასაჩივრების ვადა თითქმის ამოწურულია და ასე შემდეგ. ადვოკატი პრეტენზიებს გამოთქვამს ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების არაქმედობაუნარიანობის გამო.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მარტო საქართველოს მართლმსაჯულების პრობლემა არ არის, - გვითხრა, თავის მხრივ, ფრანსუა პაიშერმა, მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის მართლმსაჯულების ხარისხზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა.

” დამოუკიდებლობის პრობლემა მეტ-ნაკლებად ერთნაირად დგას ევროპის სახელმწიფოებშიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. მიუხედავად რეფორმებისა, მოსამართლეებს დედოფლის სახელით ირჩევენ: იტალიაში უზენაესი სასამართლო დღემდე ცდილობს მოსამართლეთა იუსტიციის სამინისტროდან დისტანცირება მოახერხოს. იგივე პრობლემაა საფრანგეთშიც, სადაც სამინისტროსა და მოსამართლეებს შორის მჭიდრო კავშირებია და სხვა. შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებები ქვყენებს შორის განსხვავებულია, მაგრამ პრობლემა მთელი ევროპის მასშტაბით არსებობს.

მართლმსაჯულების ხარისხის მიმართ ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის საქმიანობა - ფრანსუა პაიშერის მოხსენება ამ თემებით შემოიფარგლა. კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმასჯულების სტანდარტები, მონიტორინგის ხარისხის შეფასება და ამ სისტემაში სასამართლოს, ადვოკატურის, იურიდიული დახმარებისა და აღსრულების სამსახურების როლი.
XS
SM
MD
LG