Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატების „ისტორიული“ მარცხი ბადენ-ვიურტემბერგში


ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი
გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთ წამყვან მხარეში, ბადენ- ვიურტემბერგში მძიმე მარცხი იწვნია მმართველმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა, კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ. ადგილობრივმა არჩევნებმა დაამტკიცა, რომ გერმანელი ამომრჩეველი პოლიტიკურად ფხიზლადაა.
ბადენ-ვიურტემბერგში მწვანეთა პარტიის გამარჯვებით დასრულდა ქრისტიან-დემოკრატების სამოცწლიანი მმართველობა. „ეკოლოგიური პარტიის“ მიერ მოპოვებული 25 პროცენტი სენსაციურია.
მწვანეთა პარტია, ოდითგანვე, ასე ვთქვათ, „ანტიატომური“ პარტია იყო. მათ გამარჯვებას ბადენ-ვიურტემბერგის ადგილობრივ არჩევნებში თვითონ მწვანეები მხოლოდ იაპონიის ბირთვული კატასტროფის ფაქტორით არ ხსნიან. პარტიის ლიდერი, გერმანიის პარლამენტში, ბუნდესტაგში, ფრაქციის თავმჯდომარე, რენატე კიუნასტი თვლის, რომ ეს გამარჯვება თავის შედეგს მოიტანს მომავალ ფედერალურ არჩევნებშიც, რომ ამ ყველაფერმა ფედერალურ მთავრობაშიც უნდა პოვოს გამოძახილი. კიუნასმა ბერლინის გაზეთ „ტაგესშპიგელს“ უთხრა, კანცლერის ოფისის მიღმა უკვე დაისი მოჩანსო. მწვანეთა პარტიის კანდიდატი, ვინფრიდ კრეჩმანი, რომელიც გერმანიის ისტორიაში სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ სტრუქტურაში პირველად დაიკავებს უმაღლეს თანამდებობას, ისტორიულ გამარჯვებაზე ლაპარაკობს:

ეს მწარე დღეა ჩემთვის პირადად. დავამატებ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ღრმა რწმენით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არაა კარგი დღე ბადენ-ვიურტემბერგისთვის ...
„ეს ჭეშმარიტი გამოწვევა იყო. ჩვენც გამოვიწვიეთ ხალხი, მან ჩვენ გამოგვიწვია და ახლა ამ მხარეში ისტორიულ ცვლილებას მივაღწიეთ“, თქვა კრეჩმანმა, რომელიც ახლა გახდება პრემიერ-მინისტრი თერთმეტმილიონიანი ბადენ-ვიურტემბერგისა, სადაც ბინა უდევთ ისეთ ცნობილ სამრეწველო გოლიათებს, როგორიც დაიმლერი და პორშეა.

პატარა მხარეა მეზობელი რაინდარდ-ფალცი, სადაც ცალკე არჩევნები მოიგეს სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც მწვანეებთან ერთად შეუდგებიან მართვას. დამარცხებულები, ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები, ვერ მალავენ იმედგაცრუებას, თუმცა არჩევნების შედეგების აღიარება უწევთ. ბადენ ვიურტემბერგის პრემიერ-მინისტრი შტეფან მაპუსი ამბობს:

„ეს მწარე დღეა ჩემთვის პირადად. დავამატებ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ღრმა რწმენით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არაა კარგი დღე ბადენ-ვიურტემბერგისთვის. ამის მიუხედავად, დემოკრატიაში ასეთი დღეები უნდა დავძლიოთ და არჩევნების შედეგი ვაღიაროთ.“

ჩვენთვის, ლიბერალებისთვის, ეს მძიმე საღამოა. დღევანდელი არჩევნები წავაგეთ ...
შარშან შტეფან მაპუსთან დაპირისპირება ჰქონდა მის თანაპარტიელს, გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრს, ნორბერტ რიოტგენს. რიოტგენსს თანამდებობა ავალებდა, ატომურ პოლიტიკაში თავისი პარტიის მთავარი ხაზის შემარბილებელი ფაქტორი ყოფილიყო. მაპუსი ატომური ენერგეტიკის თავგამოდებული დამცველია. ახლა, რიოტგენის აზრით, რომ არა გერანიის მთავრობის გადაწყვეტილება, შეეცვალა ფუკუსიმის კატასტროფის შემდეგ ბირთვული პოლიტიკა, მარცხი ბადენ-ვიურტემბერგში კიდევ უფრო მწარე იქნებოდა. ქრისტიან-დემოკრატების მარცხი იმან გამოიწვია, რომ საერთოდ პარლამენტს გარეთ დარჩნენ თავისუფალი დემოკრატები, რომლებმაც ვერ გადალახეს ხუთპროცენტიანი ზღუდე. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გერმანიის მმართველი კოალიციის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიდო ვესტერველემ მწარე სიმართლე უთხრა თავისი პარტიის მომხრეებს:

„ჩვენთვის, ლიბერალებისთვის, ეს მძიმე საღამოა. დღევანდელი არჩევნები წავაგეთ. არჩევნების შედეგით იმედგაცრუებულები ვართ“.

გერმანელმა ამომრჩეველმა, ასე ვთქვათ, არ აპატია არათანმიმდევრულობა ქრისტიან-დემოკრატიულ მმართველობას, კანცლერ მერკელს, რომელმაც შარშანდელი გადაწყვეტილება, 2021 წლამდე გაეგრძელებინა ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადა, ახლახან, ფუკუსიმის შემდეგ, შეცვალა. 17 სადგურიდან ბერლინმა 7-ის გამორთვა გადაწყვიტა. ამომრჩევლისთვის ეს საკმარისი იყო, მისთვის ზურგი შეექცია. ზურგი შეაქცია ამომრჩეველმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პარტიას, კონსერვატულ სახალხო მოძრაობის კავშირს, რომელსაც აჯობეს სოციალისტებმა. მაგრამ ამ ფაქტზე მეტად საგულისხმოა რადიკალური მემარჯვენე ეროვნულ ფრონტის წარმატება - მან სულ თითქმის 12 პროცენტი მიიმხრო და ზოგიერთ ოლქში მმართველი ძალა გახდება. მისი ლიდერი, მარინე ლე პენი, პაციფისტურ, დემოკრატიულ პატრიოტულ რევოლუციაზე და პოლიტიკურ „გადაადგილებაზე“ ლაპარაკობს. ლე პენი მზადებას იწყებს, მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG