Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და საქართველო - როგორ და როდის?


ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პერსპექტივას, რომ საქართველო ნატოს წევრი შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებამდეც გახდეს. რა უდევს საფუძვლად ამგვარ ვარაუდს და როდის იქნება მზად საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად?

”ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებასა და გაერთიანებას”, - ეს სიტყვები ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ 28 მარტს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, წარმოთქვა. კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ნატოში გაწევრიანების უმნიშვნელოვანესი მიზანი პირდაპირ კავშირშია საქართველოს უმთავრეს მიზანთან - მშვიდობიანი გამთლიანების პერსპექტივასთან - და რომ ალიანსში გაწევრიანებამ შესაძლოა დროში დაასწროს ტერიტორიული მთლანობის აღდგენას.

გიორგი ბარამიძე, ვიცე-პრემიერი
”მადლობა ღმერთს, რომ ნატო საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პირდაპირ არ უკავშირებს რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირებასა და ქვეყნის დეოკუპაციას. ეს რომ ასე იყოს, ამ შემთხვევაში ნატო ირიბად პირდაპირ (უფრო -პირდაპირ) მისცემდა რუსეთს ვეტოს უფლებას ნატოს გაფართოებაზე...”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ჩვენთან საუბრისას.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება მართლაც არასოდეს მოხვედრილა იმ კრიტერიუმების ჩამონათვალში, რომელთა დაკმაყოფილებასაც ალიანსი თავის წიაღში მიღებისთვის ითხოვს საქართველოსგან. სამაგიეროდ, ალიანსი მტკიცედ ითხოვს რეფორმების გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

როდესაც ბალტიის სახელმწიფოებმა პირველად განაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი, ალიანსის წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას სიცილადაც არ ეყო და ამაზე დღეს თავადაც ღიად საუბრობენ ...
”როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი? ის შეუერთდება ალიანსს ჩვენი (ნატოს წევრი სახელმწიფოების) დარწმუნებით, რომ მისი წმინდა შენატანი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში არის დიდი”, - სიტყვებს, რომლებიც შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 24 მარტს თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის” სემინარზე გამოსვლისას წარმოთქვა, საინფორმაციო სააგენტო Civil.ge აქვეყნებს. ელჩი იქვე განმარტავს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე ვალდებულება, რომლის აღებაც ალიანსის წევრ სახელმწიფოებს საქართველოს წინაშე მოუწევთ.

ჯონ ბასის სხვა კომენტარებიდან გამომდინარე, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი ”გამორჩეული” წვლილით საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში ”წმინდა შენატანის” ერთ ნაწილს, რაც ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას გულისხმობს. თუმცა აქვეა აუცილებლობა, რომ საქართველომ ნატოს წევრები თავისი დამაჯერებელი რეფორმებითა და მდგრადი განვითარებით დააკმაყოფილოს. საქართველოს მიერ ნატოსთვის წარმოდგენილი ”აგრესიული და ყოვლისმომცველი რეფორმების” გეგმის გათვალისწინებით, ჯონ ბასი თვლის, რომ ამ კუთხით ”საკმაოდ კარგი პროგრესი” შეინიშნება.

თუკი საქართველო მართლაც გახდება სათანადოდ მომხიბვლელი, ძლიერი ქვეყანა ალიანსისთვის, შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უკვე გაწევრიანების შემდეგ, ნატოს წიაღში მოგვარდეს, - ამბობს ჩვენთან საუბრისას გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე და ამ კონტექსტში გერმანიის ყოფილი ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითი მოჰყავს. აქვეა ბალტიისპირეთის მაგალითიც:

”როდესაც ბალტიის სახელმწიფოებმა პირველად განაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი, ალიანსის წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას სიცილადაც არ ეყო და ამაზე დღეს თავადაც ღიად საუბრობენ. მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა მოინდომეს ძლიერი სახელმწიფოების შექმნა - ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნების აშენება. თუ ჩვენი ამოცანაც არის წარმატებული ქვეყნის აშენება, ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ მაქსიმალურად ძლიერი და მაქსიმალურად წარმატებული სახელმწიფო...”

როცა ვსაუბრობთ, რომელი უფრო ადრე შეიძლება მოხდეს - საქართველოს ნატოში გაწევრიანება თუ ევროკავშირში გაწევრიანება, ტექნიკურად ეს ბევრად უფრო ადვილია ნატოსთან მიმართებაში ...
ამჟამად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებისთვის აღარ არსებობს შეკითხვა - გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. ამ შეკითხვას დადებითი პასუხი პირველად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაეცა, ხოლო მომდევნო წლებში კელი-სტრასბურგისა და ლისაბონის სამიტებზეც დადასტურდა. გარდა ამისა, ალიანსის ლიდერები თავიანთ გამოსვლებში მუდმივად ადასტურებენ პერსპექტივას, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - მაშინ, როცა ქვეყანა ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. თუმცა როდის დადგება ეს ერთი მშვენიერი დღე, ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი პრაქტიკულად არ არსებობს.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ვარაუდობს, რომ, ”განსაკუთრებულად მაღალი თამასის გამო”, ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს ტექნიკურ მომზადებას კიდევ 2-3 წელიწადი დასჭირდება, შემდეგ კი ჯერი ალიანსის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება. სავარაუდოდ, ეს პროცესიც რამდენიმე წელიწადს მოითხოვს, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რამდენს. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთიანი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:

”... ეს დამოკიდებულია ზოგადად მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებზე, რუსეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორსა და გარემოებაზე... ასე რომ, ამ ვადებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა როცა ვსაუბრობთ, რომელი უფრო ადრე შეიძლება მოხდეს - საქართველოს ნატოში გაწევრიანება თუ ევროკავშირში გაწევრიანება, ტექნიკურად ეს ბევრად უფრო ადვილია ნატოსთან მიმართებაში...”

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ კონკრეტული ვადების არარსებობის მიუხედავად, საქართველოს ამოცანაა - გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ნატოს ”საშინაო დავალების” შესრულება და უკვე მტკიცედ მზადმყოფი დაელოდოს ალიანსის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გავიხსენოთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულების პროცესს და კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG