Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 29 მარტი 2011


გაგაცნობთ სამ საინტერესო სტატიას ორი გაზეთიდან. პირველი „ნოვაია გაზეტაა“, ხოლო სტატია რუსული გაზის პოლიტიკასა და დემორკატიას ეხება. ავტორი იულია ლატინინა ნაბიჯ-ნაბიჯ, ფაქტებით ცდილობს ახსნას, რატომ არ იმუშავა ვლადიმირ პუტინის გაზით ევროპის კოლონიზაციის გეგმამ, მაშინ როცა რუსეთი ყველაზე დიდი გაზის მომპოვებელი იყო… პასუხი - შეიძლება ითქვას, მარტივი - ავტორმა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში იპოვა: მაშინ როცა რუსეთის ლიდერი, 90-იანი წლების მიდგომებით, ნედლი მასალის გაყიდვით ცდილობდა ჯიბეში ’ქეშის’ (ნაღდი ფულის) ჩადებას, სხვა ქვეყნებმა ქიმიური წარმოებები განავითარეს და გაზის ნედლი სახით მოხმარების ნაცვლად, მისი გადამუშავება დაიწყეს, რაც რუსეთში არ გაკეთებულაო. ამ სიტუაციაში კი რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ბაზარზე ხარისხმა ითამაშა, ხარისხმა, რომელიც სხვებმა უკეთესი მიაწოდესო. რუსეთი იმით, რომ მხოლოდ ნედლი მასალის გაყიდვით ცდილობდა ფონის გასვლას, თამაშგარეთ დარჩა: ”გეგმები ევროპის გაზით კოლონიზაციისა თავში პარანოიდულად მოიცავდნენ პეტერბურგის 90-იანი წლების ’ბლატნოი’ მეოცნებეთა განწყობებს ’ქეშის’(ნაღდი ფულის) დათრევაზე, რომელიც გამსჭვალული იყო საბჭოთა პოდპოლკოვნიკების ნოსტალგიით ღია საზოგადოებაზე გაზობრივი რევანში აეღოთ”.

მოკლედ, კრემლს ბაზრის მარტივი კანონების უცოდინრობაში ადანაშაულებს „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი იულია ლატინინა. უფრო შორს მიდის „ვედომოსტის“ ბლოგერი მაქსიმ გლიკინი. გლიკინი ამბობს, რომ პუტინის რეიტინგის დაცემა სისტემაში კრიზისის დაწყების მანიშნებელიაო. სტატიის სათაურია - ’პუტინის რეიტინგის კლება სისტემის ჩამონგრევის საფრთხეს აჩენს’. ავტორი ვარაუდობს, რომ შეიძლება თაობა გაახალგაზრდავდა და ლიდერი დაბერდა; გულისხმობს იმასაც, რომ რუსულ სივრცეში პოლიტიკა სახელების გარშემო შენდება და არა იდეების, ამიტომ სახელების ცვეთას აუცილებლობით ახლავს თან სახელების უკან მდგარი იდეების ცვეთაც. ასეა თუ ისე, ავტორი წერს:

”როგორც არ უნდა დავარქვათ და რითაც არ უნდა ავხსნათ, ეს უკვე უბრალო სტატისტიკური ცდომილება არაა, ეს არაა სეზონური გადახრები და არც უბრალო რეაქცია და კრიზისი. ეს სისტემური ცვლილებებია მოქალაქეთა აზროვნებაში. ეს მტკიცებულებაა, რომ ტელეჰიპნოზი - ზონები უკრიტიკო პუტინის და მისი პარტიისა - ქმედებას წყვეტს.”

ბოლო სტატია - უფრო სწორად, „ნეტ“ მოძრაობა - „ნოვაია გაზეტაში“.

მაშინ როცა რეალურ ცხოვრებაში უმრავლესობა და მმართველი გუნდი არჩევნებს არჩევნებზე იგებს, „ნოვაია გაზეტა“ ინტერნეტ პარლამენტის შეკრებას იწყებს. სახელებისა და კანდიდატების წარდგენა ყველას შეუძლია, გამარჯვებული ინტერნეტ კენჭისყრით გამოიკვეთება. „ნოვაია“ ამაზე შორს მიდის და ამბობს, რომ შერჩეული პარლამენტი რეალურ კანონებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებს. პარლამენტართა სახელები არ შემოიფარგლება ცნობილი როკმომღერალ იური შევჩუკითა და „იუკოსის“ დაპატიმრებული ლიდერით, მიხაილ ხოდორკოვსკით. დღეისათვის სამასზე მეტი კანდიდატია. რამდენიმე კვირაში კენჭისყრით, „ნოვაიას“ მიხედვით, სია ას კაცამდე უნდა დავიდეს. შემდეგ ამ ასი კაციდან უნდა შეირჩეს ქსელურ პარლამენტართა სია. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს:

”პრაქტიკულად არ არიან ისინი, ვინც ამ იდეას უწოდებს უშედეგოს, ნაბოდვარს ან უტოპიურს. აი, მომხრე კი ქსელურ პარლამენტს ბევრი ჰყავს. საერთო ლოგიკა ასეთია: ქსელურ პარლამენტში უნდა მოხვდნენ მაქსიმალურად განსხვავებული ადამიანები, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებიდან რადიკალებამდე… ბევრი წუხს, რომ შანსები გამარჯვებისა ადამიანებს რეგიონებიდან არა აქვთ. ამას კიდევ ვნახავთ, ინტერნეტი უკვე ყველგანაა.”

ასე მოუწოდებს „ნოვაია“ მკითხველებს ინტერნეტში შექმნან საკუთარი წარმომადგენლობითი პარლამენტი - ისეთი, როგორის შექმნასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ახერხებენ. კენჭისყრა დაიწყო.
XS
SM
MD
LG