Accessibility links

logo-print
კონფლიქტის ზონის ზოგიერთი ქართული სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. იქ მცხოვრები ადამიანები დიდი ხანია ვეღარც სალოცავში გადიან და ვეღარც მიცვალებულების საფლავებზე.

სოფელ კირბალში იყო შემთხვევა, როდესაც სალოცავში წასული ადამიანები რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ერგნეთი, ზემო ნიქოზი, დვანი, ზარდიანთკარი, ფლავი – ეს იმ ქართული სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სასაფლაოები ამჟამად ოკუპირებულია. ახლა ამ სოფლებში მიცვალებულებს ან ახალ სასაფლაოზე ასაფლავებენ, ან რუსებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ მიცვალებულის დასაფლავება უსაფრთხოდ შეძლონ.
იქით დაკრძალული ადამიანების ახლობლებმა რა ქნან? ან თუ არსებობს ალტერნატიული გზა იმისა, რომ ისინი გადმოვასვენოთ აქეთ...

სოფელ ზემო ნიქოზში ახალი სასაფლაო ჯერ არ გაუკეთებიათ. თამარ მინდიაშვილს რამდენიმე თვის წინ მამა გარდაეცვალა, რომელიც სოფლის სასაფლაოზე ნაჩქარევად დაკრძალეს, რადგან იქ ყოფნა სახიფათო იყო. მას შემდეგ თამარი მამის საფლავზე ვეღარ გადის და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:

„იქით დაკრძალული ადამიანების ახლობლებმა რა ქნან? ან თუ არსებობს ალტერნატიული გზა იმისა, რომ ისინი გადმოვასვენოთ აქეთ, იმიტომ რომ მე პირადად გამოცდილი მაქვს, მამა როდესაც დავასაფლავეთ, სპეცნაზმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოთ აქაურობა, იმიტომ რომ იქიდან იყურებიან ოსი და რუსი სეპარატისტები და შესაძლებელია მოხდეს რაღაცა საშინელება. 15 წუთში მოვრჩით ეს ყველაფერი და წამოვედით. ახლა ვერ ვაკეთებთ საფლავს. რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. არც სხვა გზა არსებობს, რომ გაკეთდეს თუნდაც ახალი სასაფლაო, რომ ეს მიცვალებულები დაიმარხონ.“
სასაფლაოების და სალოცავების მონახულების თემა არაერთხელ იყო დაყენებული ერგნეთის შეხვედრებზე... ოსური მხრიდან ჯერ არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი და თანხმობა, რომ ამაზე წამოვლენ...

ამ პრობლემის მოგვარების საკითხი თამარ მინდიაშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებისა და სამართალდამცავების გორში გამართულ შეხვედრაზე დააყენა, სანუგეშოდ კი მხოლოდ ის მოისმინა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნატო ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ერგნეთის შეხვედრებზე ქართული მხარე ოსურ მხარეს ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრება და სთავაზობს, რომ ჭირისუფლებს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ნათესავების საფლავებზე დაუბრკოლებელი გასვლა შეეძლოთ, თუნდაც რელიგიურ დღეებში. ამ წინადადებაზე ოსური მხარის თანხმობა ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„სასაფლაოების და სალოცავების მონახულების თემა არაერთხელ იყო დაყენებული ერგნეთის შეხვედრებზე. ნაწილობრივი თანხმობა, რაც არსებობს ოსური მხარისგან, არის მხოლოდ ის, რომ თუნდაც წელიწადში ერთხელ - ეს ალბათ აღდომის დღესასწაული იქნება - მოხდეს ამ ხალხის ორგანიზებული გადასვლა. ერთი სასაფლაო არ არის ასე. რუკა გაკეთებულია, მონიშნულია ის ადგილები, სადაც ვერ შევდივართ. ოსური მხრიდან ჯერ არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი და თანხმობა, რომ ამაზე წამოვლენ, თუმცა ჩვენ თანხმობა გვაქვს მიცემული, რომ თუ იქნება სურვილი და მათაც ჰყავთ დასაფლავებული აქეთ მხარეს ნათესავი, ორგანიზებულად გადმოვიდნენ, მოინახულონ საფლავები და დაბრუნდნენ უკან - იმავე პირობით, რომ ჩვენს მოსახლეობასაც გაატარებენ. ამაზე მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. უბრალოდ, საბოლოო თანხმობა ჯერ არ მიგვიღია ოსური მხარისგან“, – განაცხადა ნატო ჯავახიშვილმა.

მხარეებს შორის ერგნეთში მორიგი მოლაპარაკება 7 აპრილს გაიმართება. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ შეთანხმება სწორედ ამ დღეს მოხდება. თამარ მინდიაშვილი კი მამის საფლავზე აღდგომამდე ისევ ვერ გავა.
XS
SM
MD
LG