Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო - ოპოზიციის უნებლიე გამაერთიანებელი?


ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩი

ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩი

ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩი, რომელიც ამჟამად დევნილობაში იმყოფება, პრაღაში, „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ წოდებული ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმისაგან დევნილთა დაცვასა და ოპოზიციის გაერთიანების ხელშეწყობას აპირებს. ციხიდან გამოსვლისა და ბელორუსიის „კაგებეს“ ციხეში პრაქტიკად ქცეული წამების შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, ჩეხეთის ხელისუფლებამ მიხალევიჩს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. პრაღაში მყოფი ბელორუსი პოლიტიკოსი ორშაბათს რადიო თავისუფლებას ესტუმრა ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ.

ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, 35 წლის ალეს მიხალევიჩს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 24 მარტს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. სამშობლოდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით პრაღაში მყოფი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნაკლებად ფიქრობს თავის პოლიტიკურ კარიერაზე და აპირებს მთელი თავისი ცოდნა ლუკაშენკოს რეჟიმისაგან რეპრესირებული ადამიანების დასაცავად გამოიყენოს:

„მე დღეს ვსაქმიანობ უფრო მეტად როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი. როგორც იურისტმა, მსურს გამოვიყენო ყველა საერთაშორისო-სამართლებრივი მექანიზმი, ამის შესაძლებლობა კი ძალიან დიდია,რადგან ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ წამებას ევროპაში, ევროკავშირის საზღვარზე. მინდა გამოვიყენო ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ბელორუსიაში შეწყდეს წამება და რომ ბელორუსიაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები.“

ალეს მიხალევიჩი ბელორუსიის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან და საპროტესტო აქციაში მონაწილე 700 აქტივისტთან ერთად 19 დეკემბრის ღამეს დააკავეს. ორი თვის შემდეგ კი, 19 თებერვალს, როცა კაგებესთან თანამშრომლობის პირობას მოაწერა ხელი, იგი გაათავისუფლეს.

ალეს მიხალევიჩი ადასტურებს, რომ მართლაც მოაწერა ხელი დოკუმენტს თანამშრომლობაზე, ოღონდ გავაკეთე ეს ერთადერთი მიზნით, „ციხიდან გამოვლისთანავე მომეწვია პრესკონფერენცია და მთელი მსოფლიოსთვის მეცნობებინა ბელორუსიის „კაგებეს“ იზოლატორში გამეფებული ის საშინელი ვითარება, რომლის მომსწრეც თავად ვიყავიო:

„გადარჩენა ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება. საკუთარ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებსა და გულაგებში კიდევ უფრო რთულ პირობებში ყოფილან, კიდევ უფრო რთული რამეები გაუვლიათ. მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დასკვნა ჩემთვის ის იყო, რომ თუკი ასე აწამებენ და აბუჩად იგდებენ საჯარო პირებს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს, რომლებიც ადრე თუ გვიან ამაზე ილაპარაკებენ, რაღას უზამდნენ, მაგალითად, ყოფილ მებაჟეებს ანდა სამართალდამცველი ორგანოების მუშაკებს, რომლებსაც, აბუჩად აგდების შემთხვევაში, იცოდნენ, რომ არავინ გამოექომაგებოდა.“

ციხიდან გათავისუფლებისა და სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ, ალეს მიხალევიჩმა მეგობრების წყალობით მოახერხა გადასულიყო ჯერ რუსეთში, იქიდან კი უკრაინაში, სადაც მის თხოვნას, პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ, ყველაზე სწრაფად ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ იგი აპირებს დაბრუნდეს მინსკში, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მას და მის ორ ქალიშვილს სამშობლოს დატოვება მოუხდეთ. ამის შანსს აძლიერებს ბელორუსიის საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა აპირებს თხოვნით მიმართოს ჩეხეთის მთავრობას მიხალევიჩის ექსტრადიციის თაობაზე. თუმცა მიხალევიჩი ამბობს, რომ რეპრესიების შემდგომი გაგრძელებით ლუკაშენკო თავისდაუნებურად ხელს უწყობს ოპიზიციის გაერთიანებას:

„ვფიქრობ, რომ ლუკაშენკო ახლა ძალიან ეხმარება ოპოზიციას გაერთიანებაში, რადგან ყოველთვის იოლია გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ. მე არჩევნებზე ვიყავი ყველაზე რბილი კანდიდატი. არ ვაკრიტიკებდი ლუკაშენკოს. უბრალოდ, ვამბობდი, რომ მაქვს სულ სხვა პროგრამა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს პასუხები ბევრ შეკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას წარსულში, ცხადია, ჰქონდა დიდი დამსახურებები. მაგრამ ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც მე ვარ, - ადამიანებს,რომლებიც მზად იყვნენ სათანამშრომლოდ, - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ღია, რადიკალური ოპოზიციისკენ უბიძგა. ამიტომ ვფიქრობ, რომ 19 დეკემბრის მასობრივი დაჭერებისა და თავების მტვრევის ღამის შემდეგ გაერთიანება სწორედაც რომ კიდევ უფრო მეტად შესაძლებელია.“

ასე ფიქრობს ალეს მიხალევიჩი, ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. თუმცა ჯერჯერობით ბელორუსიის ოპოზიცია არა მხოლოდ არ გაერთიანებულა, არამედ ბევრი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება. საპატიმროში რჩებიან ანდრეი სანნიკოვი და მიკოლა სტატკევიჩი. კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი კი, ვლადიმირ ნეკლიაევი, შინაპატიმრობაშია. 40 აქტივისტი მიცემულია სამართალში მასობრივ არეულობაში მონაწილეობის მუხლით, რამდენიმე ბრალდებულს კი სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG