Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიისთვის შეიქმნა ახალი „საკონტაქტო ჯგუფი“


ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, რომლის მონაწილეებმაც ლიბიის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, გადაწყდა ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შექმნა. ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს ლიბიაში ვითარების სტაბილიზაციისაკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. კონფერენციაზე ითქვა ასევე, რომ მუამარ კადაფიმ პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ უილიამ ჰეიგის განცხადებით, ახალი საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარე იქნება კატარი და ამ ქვეყანაში შეძლებისდაგვარად მალე გაიმართება საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჰეიგმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ლონდონის კონფერენციის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, სრული მასშტაბით და სწრაფად განახორციელონ ლიბიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და გააგრძელონ ამ რეზოლუციებით გათვალისწინებული სამხედრო ოპერაციები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ ლიბიელ ოპოზიციონერებს. საუბარი შეეხო, მაგალითად, გარდამავალ პერიოდში მმართველი ეროვნული საბჭოს შესაძლო ფინანსურ მხარდაჭერას. ლონდონის კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG