Accessibility links

logo-print
21 მარტი, კვირა
14:30. ვზივარ სწრაფი კვების ობიექტში, 2000 მეტრზე ზღვის დონიდან, დიდველის ზედა სადგურზე, ბაკურიანში. ბავშვები დაეშვნენ და მათ ლოდინში დრო ბევრი მაქვს საკითხების ჩამოსაყრელად: მომავალ კვირაში მინისტრები მოდიან პარლამენტში; გადავინაწილეთ და მე ფინანსთა, ენერგეტიკისა და განათლების სამინისტროები შემხვდა, ანუ ამ მინისტრებისთვის კითხვები და, მერე, გამოსვლები ჩემი მოსამზადებელია.

ორი დღეა, ბაკურიანში არიან ჩემები. მე გუშინ საღამოს ამოვედი. არ მინდოდა წლევანდელი წელი ჩამეგდო ბავშვებისთვის, იანვარ-თებერვალში ვერ მოვახერხეთ წამოსვლა: ნათიას არ ეცალა, ვერც მე გამოვნახე დრო. სულ მცირე, 10 დღით მინდოდა წამოყვანა - შარშანდელივით. წელს სამი დღე მაინც გამოუვათ. თხილამურებზე კარგად დგანან, კაფეს ვიტრაჟებიდან თვალი მოვკარი, გაიარეს და დასაშვები ტრასისკენ გაემართნენ.

2-იანს ვუყურე „იმედზე“, „ოდისეის განთიადი“ დაწყებულა. მგონი, გადავრჩით! უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დაიწყო ლიბიის საჰაერო ოპერაცია. პროცესი ისედაც გარდაუვლად მეჩვენებოდა. მთავარი იყო, გაეროში რა მოხდებოდა: რეზოლუციის გარეშე დაბომბვის დაწყება ჩვენთვის დიდი საფრთხე იყო - პუტინის სარკისებრი პოლიტიკა მახსენდებოდა ბოლო დღეებში... ლიბიამ იაპონია გადაფარა, ბარმენი ხან ლიბიაზე მესაუბრება, ხან - იაპონიაზე. ბოლოს თავისი სოფლის წყალგაყვანილობის პრობლემაზე გადადის...

ნათია გარეთ ტრიალებს, მზეა გადასარევი. გამოდიო, მეუბნება. ცოტა ხნით გავდივარ და ჯერ ზაზა გაბუნია მხვდება ოჯახობით, მერე - ჩემი კოლეგა ზაზა გამცემლიძე...

21:00. უკვე თბილისში ვართ. ბაკურიანიდან 5 საათისთვის წამოვედით. ვატო მთელი გზა ლოგიკურ ამოცანებს მასმევინებს, ამბობს, მათემატიკა მიყვარსო, ბაბუამისის გენეტიკაა, ალბათ...

მგზავრობამ ცოტა დამღალა. თან ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში გამოვიარეთ. ვატოს სიმაღლის თოვლი დამხვდა კედლის ერთ მხარეს, სახურავიდან ჩამოყრილი. წერაქვით და ნიჩბებით დავშალეთ და მზიან მხარეს გადავყარეთ. ბიძაჩემი მეხმარებოდა.

ახლა განათლებას მივხედავ: მანდატურები, პედაგოგების გადამზადება, საატესტაციო გამოცდები და ა.შ.

01:00. ორშაბათია უკვე. განათლებას რაღაც გული ვერ დავუდე, მაგრამ წლევანდელი ოსკაროსანი “King’s Speech” („მეფის სიტყვა“) ვნახე, მეხსიერების ბარათზე მქონდა ჩამოტვირთული. მართლა მაგარი რამე ყოფილა! არ ველოდი, კომერციული კინოს ეპოქაში ასეთ რამეს თუ ვიხილავდი: საკუთარ თავთან ბრძოლის თემატიკა. სახელი გიორგიც ხომ შემთხვევით არ აირჩია ალბერტმა, წმინდა გიორგი თრგუნავს გველეშაპს, ანუ საკუთარ თავს, იქცევა დიდების მხედრად და ერის კონსოლიდაციაც გარდაუვალია... მაგარი იყო!



22 მარტი, ორშაბათი
14:40. პარლამენტში ვარ.

დილას ჩვეულებრივად - გაღვიძება, ცოტა წავარჯიშება, გაპარსვა და შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თემა - სოფლის დახმარების პროგრამა, 40 მილიონის განკარგვის მონიტორინგი. სოფლის კრებები ისევ არ ტარდება, რაც სოფელს პრიორიტეტად მიაჩნია, არ კეთდება. აჭარის მაღალმთიან სოფელში ბილიარდი უყიდიათ. საოცრებაა!.. მე ბიუროს გამო დავრჩი, ორი გიორგი (თარგამაძე, ახვლედიანი) კასპის სოფლებში ჩავიდნენ.

ბიუროზე გადავდივარ, საღამოს დავბრუნდები...

00:30. ახლა შემოვედი სახლში, რაღაც საგიჟეთი იყო დღეს! ბიუროს მერე შევხვდი ენერგეტიკის ექსპერტს, მერე რადიო, მერე შეკრება ფრაქციაში, მერე „მაესტრო“; „მაესტროდან“ „რეალ TV“-ში გავრბივარ, მერე - ექსპერტი ეკონომისტი...

განტვირთვისთვის რაღაცას წავიკითხავ. რობაქიძის „ენგადს“ ვარჩევ...

23 მარტი, სამშაბათი
14:00. გილაური მორჩა, 10-პუნქტიანი გეგმა წარმოვადგინე, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ნეტა, რა იყო ახალი, ან რას ეძახიან სტრატეგიულ გეგმას?! ვკითხე, ეს გეგმა დაწერილი სახით გაქვს-მეთქი? გამოგიგზავნიო, დამპირდა. იმედია გამოსვლას არ გამოაგზავნის და რეალური სტრატეგიული გეგმა იქნება თავისი სამოქმედო ნაწილით...

00:40. სახლში ახლა შემოვედი. დღეს იყო სხდომა გაძლებამდე! რეებს მოყვნენ, გადავირიე! სიღარიბე ოთხჯერ შევამცირეთო და უმუშევრობაც შემცირდაო... იმდენი ამათ რა ვუთხარი! ქალბატონმა მინისტრმა, 38-სართულიანი შენობა უნდა ავაშენო „იმელის“ ადგილასო. ალბათ „ჩაჯდება“ რუსთაველის საერთო არქიტექტურულ ხაზში...

ბაინდურაშვილმა რეიტინგებით დაიწყო ჟონგლიორობა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი შევახსენე, კერძო საკუთრების დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიმონოპოლიური ინსტიტუტები... 139 ქვეყანას შორის ბოლო ოცეულში ვხვდებით. ინვესტორები ამას ხომ კითხულობენ? ბიზნესის დაწყების კუთხით მერვე ადგილზე ვართო, ამტკიცებენ. მეშვიდეზე რომ ბელორუსიაა? 2005-ში წლის რეფორმატორები ვიყავითო. შემდეგ წლებში რომ აზერბაიჯანი, რუანდა და ყაზახეთი იყვნენ? ფული გვაქვს დამატებითიო. როგორ არ ექნებათ, ინფლაცია დაგეგმილი იყო 6,5%, რეალურად მივიღეთ 13 პროცენტი. ლალიაშვილმა სულ გაიშნიკები ეძახა შემოსავლების სამსახურს! ეწყინათ. საოცრებაა! სააკაშვილმა იგივე არ თქვა ერთი თვის წინ? რაღა ჩვენ და რაღა ილფი და პეტროვი:

На стене клопы сидели,
И от солнца щурились,
Фининспектора узрели,
Сразу окочурились!

ჩართვა „იმედზე“, შეთავაზებები მთავრობას, კონკურენციის კანონპროექტი, დავების საბჭოს გამოტანა ფინანსთა სამინისტროდან, ბიზნესთან დაკავშირებული ზოგიერთი მუხლის დეკრიმინალიზაცია...

სესიის მერე რვიანის შეხვედრაზე გავიქეცი. შევთავაზე, ოთხშაბათის შეხვედრა გადავდოთ-მეთქი. ჯერ ერთი, დასწრების პრობლემა გვაქვს, მეორეც - მინისტრების პარლამენტში მოსვლა ყველაფერს გადაფარავს... შეთანხმებამდე ვერ მივდივართ, მე ვუკავშირდები IFES-ს და ვეუბნები, ვერ ვიქნები და სხვასაც ჰკითხეთ, როგორ ახერხებენ მოსვლას-მეთქი...

მერე - ეთერი პირველ არხზე, დებატები ბალავაძესთან ერთად...

23 მარტი, ოთხშაბათი
12:20. სხდომათა დარბაზში შემოვედი, რეგისტრაცია გავიარე. დღეს პირველი კვეზერელი გამოდის...

IFES-მა დამირეკა, ხელისუფლებაც ვერ მოდისო, ალბათ გადავდებთო, მასე ქენით მეთქი, ეგენიც თუ არ იქნებიან აბა ისთან უნდა იყოს საუბარი...

15:45. გამოცხადდა შესვენება. კვეზერელმა საოცრებები ილაპარაკა! რაც მთავარია, ვერ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც უნდა იყოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ვერც კი გრძნობს პასუხისმგებლობას! სამი წელია, მინისტრია. ამტკიცებს, სახნავი მიწების ფართობი არ შემცირებულაო. მთლიან შიდა პროდუქტში რვა პროცენტზე გაცილებით მეტია სოფლის მეურნეობის წილიო...

მე და ცისკარიშვილი წავკამათდით ამ საკითხზე. ვეუბნები, მოდი საქსტატის საიტზე ვნახოთ-მეთქი. კარგიო. მივუსხედით კომპიუტერს. არა, მაგათ რა იციანო; მოდი, აი, ამ საიტზე გადავამოწმოთო და CIA-ს (ჩვენში უფრო რუსული აბრევიატურით, ЦРУ-თი რომ იცნობენ) საიტზე შევიდა. მორიგი საოცრება! რატომ არ ენდობა ოფიციალურ სტატისტიკას უმრავლესობა?!

ცისკარიშვილი აგრესიულად იყო განწყობილი. მარცხენა ფეხზე ადგა, ეტყობა. მერე რატი მაისურაძესთან მოსვლია წალაპარაკება...

სოფელი ნიკას ებარა. აღშფოთებულია კვეზერელის გამოსვლით. გვთავაზობს, გადაყენების მოთხოვნა გავაფორმოთო. ჩვენს იურისტებს დავურეკე და ფრაქციის განცხადება მოამზადეს...

21:50. რა რესურსი გვაქვს ტარიფის შემცირების? ვეკამათე ალეკო ხეთაგურს. სამი ხელშეკრულება მივიტანე, მინისტრი არ ელოდა. თვითონ აღიარა, რომ შაჰდენიზის გაზი და სომხეთში ტრანზიტის გაზი ჩვენთვის საკმარისია, დეფიციტი იქმნება 600 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე, რაც თბოელექტროსადგურისთვის გვჭირდება... ვეკითხები, 2015 წელს დამატებით ათას მეგავატამდე ჰიდროენერგია რომ გვექნება, ამ დროს თბოსადგური რაღაში გვჭირდება-მეთქი? თბოსადგური მაქსიმუმ 350 მეგავატს გამოიმუშავებს... ისე არ აღმოჩნდეს, ამოდენა ინვესტიციები განხორციელდეს, ათასობით მეგავატიანი სადგურები აშენდეს და ბოლოს ყველაფერი თურქეთში გავიდეს. პასუხი არ არის. ისე, 167 დოლარიდან 143-ზე რომ დაიწია „სოკარის“ გაზი, ტარიფზე რატომ არ აისახა? ანდა უკრაინა 280 დოლარად რომ ყიდულობს რუსეთის გაზს, მომხმარებელს როგორ აწვდის 9 ცენტად, ანუ 3,5-ჯერ იაფად, ვიდრე ჩვენთან ღირს? კარგი იქნება, მთავრობას პასუხი რომ ჰქონდეს...

02:10. დღესაც ვერ ვნახე ბავშვები: დილას, როცა სკოლაში მიდიან, მე მძინავს, საღამოს, მე რომ მოვდივარ - მათ. ნათიამ, დღეს გიკითხესო. მამა მომენატრაო, ვატოს დაუჩივლია. თანაც სკოლაში ვიღაცას უთქვამს, მამაშენი ვნახე ტელევიზორში, ჩხუბობდაო, და ვატოსაც ჩხუბი პირდაპირ გაუგია, ფიზიკურ ჩხუბად წარმოუდგენია და ძალიანაც განუცდია...

24 მარტი, ხუთშაბათი
15:10. დღეს უბედურება ტრიალებდა პარლამენტში დილიდან: ჯერ კვეზერელს ვუყარეთ კენჭი და, ცხადია, ჩავარდა მისი გადაყენების მოთხოვნა. მერე სუბელიანი გვსტუმრობდა... ახვლედიანმა, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, მინისტრი რატომ უნდა იყოო. თანაც, ფიფიას ამბავი შეახსენა, ქალბატონისა, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. უმრავლესობა გამოენთო...

დეპუტატის ოთახში მე და გოკა გაბაშვილი შევკამათდით. სესიაზე ილანძღებიან, ჩვენც არ ვაკლებთ. სუბელიანი უჩვეულოდ მშვიდია და მშვიდად გვატყუებს, ფოცხოში ყველა თავისი სურვილით წავიდაო! ორჯერ მაინც არ ავსულიყავი ფოცხოში და ამ ადამიანების მონათხრობი პირადად არ მომესმინა!..

დღის ეთერებში საშინელი გაშუქებაა. აჩვენეს, როგორ გვლანძღეს და ჩვენი გამოსვლების აგრესიული ნაწილი არ მისცეს...

ახლა „იმედში“ მივდივარ, ოღონდ ძველ ამბავზე: საჩივარი შევიტანე სამი კვირის წინ. პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ დიდი პასუხი მომიძღვნეს ტარიფებზე, თავად გილაური და ხეთაგური მპასუხობდნენ, ოღონდ ჩემი აზრი გამოთქმული არ ყოფილა, ცალმხრივი სიუჟეტი ჰქონდათ...

00:15. დღეს ცოტა ადრე მოვედი, ბავშვები ისევ ვერ ვნახე, დაძინებულებს ვაკოცე...

„იმედში“, მგონი, დავუმტკიცე ჩემი სიმართლე. გადაწყვეტილებას გაგაგებინებთო. პარლამენტში რამაზ ნიკოლაიშვილს მოვუსმინეთ. ცოტა შევაქე, მაინტერესებდა უმრავლესობის რეაქცია. მაინც აგრესიულები იყვნენ! ჩემს გამოსვლაში ვუთხარი, ჩვენ ვართ სარკე და ვცდილობთ, სახეზე რა სიმახინჯეც გაქვთ, დაგანახვოთ-მეთქი. გამოსავალი სარკის ჩამტვრევა კი არ არის, ამ სიმახინჯეების გამოსწორებაა. კარგია, თუ მიხვდებიან, რაც ვუთხარი...

25 მარტი, პარასკევი
15:30. დილიდან კენჭისყრა, ამჯერად - სუბელიანის გადაყენებაზე. ჩავარდა. მერე - ჯანდაცვა. სანდრო ურუშაძე ისე ჰყვება, საავადმყოფოები უნდა ავაშენოთ აქა და აქო, რომ ამ საავადმყოფოებში ხალხმა როგორ უნდა იმკურნალოს, აღარაფერი უთქვამს. რაც მთავარია, გადაწყვიტა, ყველა მშენებარე საავადმყოფო, ანუ 148 ერთეული, ცალ-ცალკე აღეწერა! იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს, მაგრამ არ მეხუმრება. ვეკითხები, ამ სადაზღვევოებს რომ მიეცით მშენებლობის დავალება და მონოპოლისტებად აქციეთ კონკრეტულ სამედიცინო ოლქში, ამან ხომ არ მოიტანა ის სისტემური კორუფცია, რის გამოც მერე ხალხი დაიჭირეთ-მეთქი. არ მიპასუხა. მგონი, ვერ გაიგო, რა ვკითხე. ვუკონკრეტებ, თქვენ რომ იყავით სოციალური სააგენტოს უფროსი, აი, იმ სააგენტოს უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და სამმართველოს უფროსი რომ დაიჭირეს, პასუხისმგებლობას არ გრძნობთ-მეთქი? მაინც არ მპასუხობს! არც მაგდას და გიორგი ახვლედიანს უპასუხა. 1000-ზე მეტი ექიმი გაუშვეს სახლებში ბოლო ორ თვეში... არაო, ისევ ამტკიცებს. დამწვრობის ცენტრში 20 საწოლი რომ უნდა დარჩეს და ამჟამად 26 ავადმყოფი წევს და მკურნალობს, 26 ავადმყოფი 20 საწოლზე როგორ უნდა განათავსოთო? მორიგი საოცრება ჩვენს თავს...

23:40. დიმა შაშკინმა ჩემზე ააგო თავისი გამოსვლა. აი, ჩვენ რომ მოვილაპარაკეთო, თქვენ რომ შემოგვთავაზეთო, სახელმძღვანელოები ხომ დავარიგეთო, შეფასების სისტემა ხომ გავამარტივეთო და ა.შ. გიორგი ახვლედიანმა, ამ კაცს რას ვერჩით, შენ უნდა გადაგაყენოთო, იხუმრა. მაგრამ მანდატურები ამ ფორმით? გიორგიმ უსაყვედურა, ციხეები რატომ შექმენი სკოლაშიო. ეს მანდატურები უსაფრთხოების გარდა, სასწავლო ნაწილის გამგეებად, ფსიქოლოგებად, სოცმუშაკებად, ექიმებად, ერთდროულად ჩამოყალიბდნენ და სკოლაში „წესრიგს“ მასწავლებლების დაშინებით ამყარებენ. დახურული სისტემა არ გვაქვსო და საზოგადოებრივ დარბაზს მალე შევკრებო, მაგრამ ექსპერტებს რატომ უწოდებს „ესეთ წოდებულს“, არ უთქვამს. ნიკამ შესთავაზა, მართლმადიდებელი კულტურის ისტორია შევიტანოთ საგნად სკოლაში, სილაბუსებიც მზად გვაქვსო, თანაც თავის სტილში თავისუფლების ინსტიტუტს გადაუარა. ახლაღა გამოენთო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი. მე გამოვედი უმცირესობის სახელით და სასწრაფოდ „რუსთავზე“ პირდაპირში აგმოვჩნდი...

თარგამაძესთან ავედით და შევაჯამეთ კვირა. „კავკასიაზე“ ვუყურე, სუბელიანს როგორ მიუვარდნენ დევნილები და ჩვენი სათქმელი გაუმეორეს. ოღონდ იქ ნაკლებად მოიტყუა, დევნილებმა არ მისცეს საშუალება.

ბავშვები დღესაც ვერ ვნახე....

26 მარტი, შაბათი
17:00. დილას გვიან გავიღვიძე. ვატო ვნახე, მარიამი უკვე ფორტეპიანოზე წასული დამხვდა. ვატოს ცოტა ფეხბურთი ვეთამაშე, ველოსიპედის საბურავები დავუბერე და შეხვედრაზე წავედი. მომავალი კვირა გადამწყვეტი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის კუთხით. შევხვდი „რვიანის“ რამდენიმე პარტიას და მომავლის გეგმებზე ვისაუბრეთ.

ახლა რადიო თავისუფლებაში გავრბივარ ჩემი დღიურების ჩასაწერად...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG