Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 1 აპრილი 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელ მიმოხილვას დავიწყებთ ”ალიათი”, რომელიც დღეს რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის ლევან გაჩეჩილაძესა და ბადრი ბიწაძეს შორის მიუნხენში მომხდარ ინციდენტს. რამდენიმე პუბლიკაციას, ანუ ნახევარი გაზეთი ამაზეა. გაზეთი გაესაუბრა თავად ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც აქამდე კომენტარს არ აკეთებდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და, ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, კომენტარი არც ამ კარგა მოზრდილ ინტერვიუში გააკეთა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტი ეკითხებოდა,მართლა ვიფიქროთ თუ არა, რომ ერთი ადგილი არა გაქვთო. სტატიის სათაურად გამოტანილია გაჩეჩილაძის სიტყვები: „აქ ორი მომენტია. აუცილებელია ითქვას, რომ მე ვიყავი მთვრალი და, მეორე, მე ვარ მოძალადე“. სათაურად ცოტა გაუგებარია, ინტერვიუში კი ფრაზა ასეთ კონტექსტში ითქვა: ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიები ჩემს ასეთად წარმოჩენას ცდილობენო.
თავი დავანებოთ ამ ინციდენტს. გადავხედოთ „რეზონანსს“, რომელიც დღეს მოწინავე გვერდზე წერს, 150 ათასი პირობით მსჯავრდებულიდან საქართველოში 80 პროცენტი წვრილი ან საშუალო ბიზნესმენიაო. ეს ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციაა, ბაღათურიასი, რომელსაც კიდევ ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: 2009 წელს 14 ათასი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, სადაც თითო ადამიანმა საშუალოდ 10 000 ლარი გადაიხადა, რაც, საერთო ჯამში, 140 მილიონია, და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა იყო ბიზნესის წარმომადგენელი.

„რეზონანსშივე“ ნახავთ ცნობებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლისა და ახლა უკვე ახლებურად გაგრძელების შესახებ. ახალი ფორმატი ინდივიდუალური კონსულტაციები იქნება "ქრისტიან-დემოკრატების" შუამავლობითო, - წერს გაზეთი და წყაროდ ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს ასახელებს. ისე კი, ვითარება, ამ სტატიის მიხედვით, არ შეცვლილა. მამუკა კაციტაძეც აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად იქნება, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკებათა პროცესი გაგრძელდება, პავლე კუბლაშვილმა კი თქვა, "მათგან მოვისმინე, რომ სანამ არ შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, მანამ არ დაბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. პოზიციის შეცვლაში კი გულისხმობდნენ იმ ნაწილში, რომ რაიონს აღარ უნდა ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ნაწილში ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება, რადგან საამისოდ არც ერთი არგუმენტი არ მოუტანიათ მოლაპარაკებებზეო”.

მოლაპარაკებების და აქციების წონიანობასა და მნიშვნელობაზე „ახალ თაობასთან“ სოზარ სუბარი საუბრობს. მან გაზეთს უთხრა: „ხელისუფლებას ახლა ერთადერთი, რაც აწყობს, ეს არის სიმშვიდე, სიწყნარე, სრული მორჩილება. არ აწყობს დაუმორჩილებლობა, არ აწყობს აქციები, კრიტიკა, რომ ჩართული არიან ელიტურ კორუფციაში. მე ვიცი ერთადერთი, რომ ხელისუფლებას სულ ცხვირ-პირში უნდა ვურტყათ და ვახსენოთ ის საქმეები, რომელსაც ის აკეთებს“. ინტერვიუს სოზარ სუბართან „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG