Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ჩიხი: როდის განახლდება ხელისუფლებისა და ”რვიანის” დიალოგი?


ეროვნულმა ფორუმმა, რომელმაც ქალთა პარტიასა და ტრადიციონალისტთა კავშირთან ერთად ახლახან ახალი პოლიტიკური ბლოკი შექმნა, საკუთარი რამდენიმეწლიანი მუშაობა საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე შეაფასა. ფორუმი, როგორც პოლიტიკური „რვიანის“ ერთ-ერთი წევრი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლას ახლა უკვე ბლოკის შემადგენელ პარტიებთან ერთად გეგმავს, თუმცა მას შემდეგ, რაც 23 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე სახელისუფლო პარტია არ გამოცხადდა, მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა.

ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა თავისი პოლიტიკური ძალის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შეფასებისას ამბობს, რომ თუ სულ ცოტა ხნის წინ ფორუმი პოლიტიკური პროცესების თანამონაწილედ განიხილებოდა, ახლა უკვე ეს პოლიტიკური ძალა ახალ ეტაპზე გადადის და პოლიტიკურ ბრძოლასაც ამ ეტაპიდან გააგრძელებს.
”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა

ეროვნული ფორუმის ლიდერები, „რვიანის“ სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან პასუხის მოლოდინში არიან. ყრილობაზე მისულმა გუბაზ სანიკიძემ გვითხრა, რომ ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა, რადგან ოპოზიციის ყველა შეთავაზება ცნობილია: ”რვიანმა” საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა უკვე და ახლა ბურთი ხელისუფლების მხარეზეა. არჩევანს სწორედ ხელისუფლება გააკეთებს.”
ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში...

შეგახსენებთ, რომ „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე გამართული კონსულტაციები დროებით შეწყვეტილია. 23 მარტს დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იმ მოტივით, რომ პარლამენტში მინისტრების მოსმენა იმართებოდა, არ მივიდნენ, რასაც ოპოზიციის მკაცრი განცხადება მოჰყვა და ითქვა, რომ დიალოგი ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური გამოხმაურების შემდეგ განახლდება. მაგალითად, ოპოზიციურ „რვიანს“ მიაჩნია, რომ მთელ ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია უნდა ჩატარდეს და საარჩევნო სისტემის რეფორმა განხორციელდეს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების მიღებული ხმების პროპორციულად განაწილებას, რაზეც ჯერჯერობით, „რვიანის“ წევრთა თქმით, ხელისუფლების თანხმობა არ არსებობს. ქალთა პარტიის ლიდერი და ახლა უკვე ფორუმის ბლოკის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები ჩიხში ხელისუფლების ქმედების გამო აღმოჩნდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით, ისინი ოპოზიციას არ ურჩევენ ულტიმატუმის ენით ლაპარაკს. სპეციალური განცხადება გააკეთა მედიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმაც, რომელმაც ის კომპრომისებიც გაიხსენა, რაზეც ხელისუფლება წავიდა:
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი

”მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის შვიდიდან 5 პროცენტამდე დაწევა, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, მერის პირდაპირი არჩევნების საკითხი… ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, რატომ უნდა წაართვა მაჟორიტარული საარჩევნო ხმის უფლება ამა თუ იმ ამომრჩეველს რეგიონში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ულტიმატუმის და შანტაჟის ენით საუბარი დიალოგის მაგიდასთან მიუღებელია.”

თუმცა ოპოზიციური „რვიანის“ წევრი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი რადიო თავისფლების ეთერში აცხადებს, რომ თუ ვინმე აყენებს დიალოგის პროცესში რაიმე სახის ულტიმატუმს, ეს, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებაა. ჯერჯერობით კი რამდენიმეთვიანი კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ჩიხშია შესული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG