Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი არაფერს ამბობს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე


სირია

სირია

სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა დღეს ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღა დააბრალა „შეთქმულების მონაწილეებს“, რომლებიც ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. აქციების დაწყებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეს ალ-ასადის პირველი გამოსვლა იყო ერის წინაშე. მოელოდნენ, რომ სირიის ლიდერი თავის გამოსვლაში ქვეყანაში 48 წლის მანძილზე მოქმედ საგანგებო მდგომარეობას გაუქმებულად გამოაცხადებდა, მაგრამ მან სიტყვა ამ მნიშვნელოვანი განცხადების გარეშე დაასრულა.
რეფორმების გარეშე დარჩენა ამ ქვეყნისთვის დესტრუქციული იქნება...

სირიაში თითქმის ორი კვირაა მასშტაბური, ბაშარ ალ-ასადის 11-წლიანი მმართველობის ისტორიაში უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს, რომელიც არაბულ სამყაროში არსებული საპროტესტო ტალღით არის შთაგონებული.
დემონსტრაციების დაწყების შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა იყო ერის წინაშე.

ოთხშაბათის გამოსვლაში ასადმა განაცხადა, რომ რეფორმებს მხარს უჭერს, თუმცა სირიის მკაცრი ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის შეცვლის შესახებ ახალი არაფერი უთქვამს.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

„რეფორმების გარეშე დარჩენა ამ ქვეყნისთვის დესტრუქციული იქნებაო“, - განაცხადა ასადმა, თუმცა მას არაფერი უთქვამს გასულ კვირაში თავისი მრჩევლის, ბუტჰაინა შააბანის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომ პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე იმუშავებდა.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. ის
1963 წლის გადატრიალების შემდეგ შემოიღეს, რომლითაც ასადის ბაათის პარტია ხელისუფლებაში მოვიდა.

ბოლო დღეების მანძილზე საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. იყო შემთხვევები, როცა უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

სირიაში - ქვეყანაში, სადაც 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ირანის მოკავშირეა და ექსტრემისტულ ჯგუფებს, ჰამასსა და ჰესბოლას, უჭერს მხარს - საგანგებო მდგომარეობას ბევრი მიზნით იყენებენ. მისი მოხმობით ახშობენ პოლიტიკურ ოპოზიციას, ამართლებენ განუკითხავ დაპატიმრებებს და მოქმედების თავისუფლების მიცემას უშიშროების სამსახურებისთვის.
სირია დიდი შეთქმულების სამიზნეა...

ასადის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ათასობით სირიელი შეუერთდა მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციებს, პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით. 45 წლის ბაშარ ალ ასადი პრეზიდენტი 2000 წელს გახდა - თავისი მამის, ყოფილი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის სიკვდილის შემდეგ.

ასევე სამშაბათს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის განცხადება გადადგომის თაობაზე. თუმცა მთავრობის დათხოვნას კოსმეტიკურ ცვლილებად მიიჩნევენ, ვინაიდან მას დიდი ძალაუფლება ისედაც არა აქვს. სირიაში ძალაუფლების სადავეებს ასადთა ოჯახი და უშიშროების სტრუქტურები არიან დაპატრონებული.

აქციების პარალელურად, ადვოკატები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სირიაში გრძელდება ადამიანთა განუკითხავი დაპატიმრება.
სირია

ოთხშაბათის გამოსვლაში ასადმა თქვა, რომ სამხრეთის ქალაქ დერაში, რომელიც ბოლო დღეების საპროტესტო აქციების ცენტრი იყო, „ქაოსის“ გამოწვევას ხალხის მცირერიცხოვანი ჯგუფი ცდილობს, მაგრამ მათ უმრავლესობა დაამარცხებს. „სირია დიდი შეთქმულების სამიზნეაო“, - უთხრა პრეზიდენტმა პარლამენტარებს, რომლებიც მას გამოსვლას ხშირად აწყვეტინებდნენ აპლოდისმენტებით და მხარდამჭერი განცხადებებით.

ასადის ძალების მიერ დემონსტრანტებზე ზეწოლას საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა - მათ შორის, აშშ-ისა და სირიის მეზობელი და მოკავშირე თურქეთის მხრიდან. მაგრამ ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სირიაში ნაკლებად არის მოსალოდნელი საერთაშორისო სამხედრო ინტერვენცია - ისეთი, როგორიც ახლა ლიბიაში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG