Accessibility links

logo-print

საქართველოს შვედი სტუმარი და ევროკავშირის გაფართოება


შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი

31 მარტს თბილისს ეწვია საქართველოს დიდ მეგობრად აღიარებული კარლ ბილდტი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. იმედები უკავშირდება სამომავლო გეგმებსაც.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ვიზიტის პირველ მიზეზად საქართველოში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დაასახელა. იმ ფაქტს, რომ 31 მარტს სტოკჰოლმმა პირველი საელჩო რეგიონში სწორედ საქართველოში გახსნა, კარლ ბილდტი საქართველოსადმი თავისი ქვეყნის განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხსნის. რაც შეეხება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის მეორე მიზეზს, კარლ ბილდტის თქმით, ის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება:

”...რა თქმა უნდა, განვიხილავთ პროგრესს ევროკავშირთან ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით, რაც, ჩემი აზრით, წინ მიიწევს... ”

ევროკავშირისა და საქართველოს წინწაწეული ურთიერთობები დიდწილად უკავშირდება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორიც თავად კარლ ბილდტია.

როგორც სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს ჩვენთან საუბარში, კარლ ბილდტის სტუმრობა ”ჩვეულებრივი, ორდინარული სტუმრობა არ არის”, რადგანაც ის ”ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ევროპის აქტიური პოლიტიკური კურსისა პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების მიმართ...”

კარლ ბილდტის როლს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებასთან მიმართებით მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი:

”კარლ ბილდტი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მომხრეა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სახელმწიფოებს - და აქ შევდივართ ჩვენც - მიეცეთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.”

კახა გოგოლაშვილის მიერ ხსენებული მხარდაჭერა განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ფონზე, როდესაც სამომავლოდ გაფართოების იდეას ევროკავშირის წიაღში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. საგულისხმოა, რომ 18 მარტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე 6 ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. როგორც ცნობილია, საქართველოსთან ერთად ამ პროგრამაში ჩართულია კიდევ 5 ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია. რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტის პლენარული სესიისთვის მომზადდა, არ შეიცავს თეზისს ამ 6 ქვეყნის სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე.

ამგვარი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბრიტანელი ევროპარლამენტარი ჩარლზ ტენოკი ლაპარაკობს:

”რეალობა ისეთია, რომ პოლიტიკურად (და ევროპის პარლამენტში ხომ ყველანი პოლიტიკოსები ვართ) ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში, ვშიშობ, არ შეინიშნება მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი შემდგომი გაფართოების მიმართ. გაფართოებასთან დაკავშირებით აშკარაა ერთგვარი მოყირჭება.”

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას მადლიერების გრძნობით ელოდებოდა. საქართველოში კარგად ახსოვთ, რომ კარლ ბილდტი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც აგვისტოს ომის დღეებში (კერძოდ 2008 წლის 11 აგვისტოს) ეწვია თბილისს და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. პარალელურად, ის გმობდა რუსეთის ქმედებებს, რამაც იმხანად გარკვეულწილად დაძაბა კიდეც ურთიერთობა შვედეთსა და რუსეთს შორის.

მაგალითად, 2008 წლის 10 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოზე განხორციელებული რუსეთის შეტევა ”აგრესიულ აქტად მოიხსენია”:

“ახსნა-განმარტება, რომელსაც რუსეთი იძლევა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი იცავს საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა ხალხის დაცვის მოვალეობა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეკისრება იმ სახელმწიფოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ამ სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტები ან არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. (...) ჩვენთვის მიუღებელი იყო მსგავსი სამხედრო ჩარევა მილოშევიჩის მხრიდან იმ საფუძვლით, რომ დაეცვათ სერბეთის პასპორტის მფლობელები. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი აღნიშნულ დოქტრინას ნახევარი საუკუნის წინ, რათა საფრთხეში ჩაეგდო და შეტევა განეხორციელებინა ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე.”

საქართველოსადმი მხარდაჭერა კარლ ბილდტმა მას შემდეგაც განაგრძო, რაც მისმა ქვეყანამ, შვედეთმა, 2009 წლის 1 ივლისიდან 6 თვით დაიკავა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ადგილი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე აღიარების პარალელურად, კარლ ბილდტი მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის მეთვალყურეების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მხარს უჭერდა ეუთოს მისიის საქმიანობის აღდგენას საქართველოში.

იმის გამო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება, თბილისის სტუმარს აეროპორტში მისი მოადგილე თორნიკე გორდაძე დახვდა. გარდა ამისა, გორდაძე ასრულებს საქართველოს მთავარი მომლაპარაკებლის როლს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, "აქცენტი გაკეთდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შემუშავების მიმდინარეობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.“

გავრცელებული ინფორმაციით, კარლ ბილდტი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს 1 აპრილს დილით დატოვებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG