Accessibility links

logo-print

ადვოკატები სასამართლოსგან აუდიოჩანაწერებს მოითხოვენ


”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” პრესკონფერენცია

”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” პრესკონფერენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” ყველა მოქმედ ადვოკატს და ჟურნალისტს მოუწოდებს, გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოებს სხდომის აუდიოჩანაწერები მოსთხოვონ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ არსებობს მსგავსი ჩანაწერის მიღების არც ერთი პრეცედენტი. ადვოკატები ჩივიან, რომ გამართლდა რამდენიმე წლისწინანდელი პროგნოზი, რომელიც სასამართლოებში ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩანაწერების აკრძალვის პარალელურად კეთდებოდა - სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყება გახდა.
ჩვენ გვაქვს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წერილობითი პასუხი(ჩვენ მას მივმართავდთ, რომ 2008 წლის ომის შედეგად დევნილი პირის საქმის განხილვის აუდიოჩანაწერი გვჭირდებოდა), სადაც უარს ამბობს ამ ჩანაწერზე სრულიად დაუსაბუთებლად...

გახსოვთ, ალბათ, როგორ აპროტესტებდა ქართული მედია სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღების აკრძალვას. მაშინ ხელისუფლება კანონში შეტანილ ცვლილებას ევროპული სასამართლოების მაგალითებით ხსნიდა. მას შემდეგ სასამართლო სხდომების კადრები აღარავის უნახავს, მედიას ჩამწერი მოწყობილობით სხდომაზე შესვლა აეკრძალა. მართალია, გადაღების უფლება თავად სასამართლო უწყებამ დაიტოვა და თქვა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ვიდეო ან აუდიომასალა დახურულ ინფორმაციად არ იქცეოდა, დღეს მოქმედი ადვოკატები უკვე ჩივიან, რომ პრაქტიკულად ასეთი მასალის მოპოვება შეუძლებელია. პირველი, ვინც ამ პრობლემას სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტია“, რომლის ადვოკატი, ნინო ბოლქვაძე, ამბობს, რომ, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, სასამართლოებისგან არათუ უარს, საერთოდ საპასუხო წერილსაც კი ვერ იღებენ, გარდა ერთი გამონაკლისისა:

”ჩვენ გვაქვს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წერილობითი პასუხი (ჩვენ მას მივმართავდთ, რომ 2008 წლის ომის შედეგად დევნილი პირის საქმის განხილვის აუდიოჩანაწერი გვჭირდებოდა), სადაც უარს ამბობს ამ ჩანაწერზე სრულიად დაუსაბუთებლად და წერს, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად ამ პირის სასამართლოს არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერის გაკეთება.”

ნინო ბოლქვაძე სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-13 მუხლით მინიჭებული უფლების აღსრულების აუცილებლობაზე ლაპარაკობს და შენიშნავს, რომ სასამართლოებში ტექნიკურად აუდიოჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს, შესაბამისად, ტექნიკური გაუმართაობა უარის მიზეზად არ გამოდგება:
ერთადერთი, რაც რჩება, თუ რამის დამტკიცება ან გადამოწმება გინდა, არის სასამართლოს ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც, გამოდის, მიხატულია კედელზე...

”2010 წლის 13 მარტს ჩვენ მივიღეთ წერილი, რომელშიც გვატყობინებენ, რომ, ამერიკის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 25 სასამართლო აღიჭურვა აუდიოჩამწერი მოწყობილობით, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი იყოს, რადგან სწორედ ეს განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.”

აუდიოჩანაწერების მიღების ვერც ერთ შემთხვევას ვერ იხსენებს ვერც ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი. სამაგიეროდ, მისი თქმით, ძალზე ხშირია სხდომის ოქმში ჩვენებების არასწორად ან არასრულად ჩაწერის ფაქტები:

”ძალიან ხშირად მდივანი სხდომის ოქმში არასწორად აფიქსირებს მხარეთა აზრებს. აქამდე გაკონტროლების ერთადერთი საშუალება იყო, რომ ადვოკატი იწერდა ხოლმე, მაგრამ ეს საშუალებაც აღარ არსებობს. ამიტომ ერთადერთი, რაც რჩება, თუ რამის დამტკიცება ან გადამოწმება გინდა, არის სასამართლოს ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც, გამოდის, მიხატულია კედელზე.”

ანუ გამოდის, განმარტავს ნინო ანდრიაშვილი, რომ ადვოკატის მიერ ჩანიშნული დეტალები შესაძლოა სრულიადაც არ ემთხვეოდეს სხდომის ოქმის ჩანაწერს. ამ შემთხვევაში რამის მტკიცება სასამართლოსათვის შეუძლებელი ხდება:

”საქმე ისაა, ოქმი რომც გაასაჩივრო, ვერანაირად შენს სიმართლეს ვერ დაამტკიცებ. შენს ჩანაწერს არ ენდობიან და მათი ჩანაწერიც ან არ არსებობს, ან არ გაძლევენ.”
"რეზონანსის" რედაქტორი ელისო ჩაფიძე

რაც შეეხება მედიას, ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ენგურჰესის გახმაურებული პროცესის დროს „რეზონანსის“ ადვოკატმა, თამარ კორძაიამ, მოითხოვა სხდომაზე აუდიოჩანაწერის გაკეთება, რაზეც უარი არ უთქვამთ. სხვა ამბავს ჰყვება სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი, ნანა ბიგანიშვილი: ის ამბობს, რომ მათ არც აუდიოჩაწერის უფლება მისცეს და არც მზა ჩანაწერი, მიზეზი კი ის იყო, რომ ასეთი ჩანაწერი, სასამართლოს განცხადებით, უბრალოდ, არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ ამბებს წერილობითი პასუხით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ:

”საერთო სასამართლოების კანონის თანახმად, სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. მოსამართლე, თითოეული საქმის შინაარსიდან გამომდინარე, თავად ადგენს მისცეს თუ არა მხარეებს და ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება. არის საქმეები, როცა, საზოგადოების მომეტებული ინტერესის გამო, მოსამართლე ნებას აძლევს დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს გააკეთონ აუდიოჩანაწერი. მაგალითისთვის მოვიყვანთ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების პროცესს.”
XS
SM
MD
LG