Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვრიცხოთ რადიაქტივობა მენიუდან


ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგური საფრთხეს იაპონიის გარდა სხვა ქვეყნებსაც უქმნის. მეცნიერებმა მომატებული რადიაციის კვალს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც მიაკვლიეს. ამასთან, რადიაქტიური იოდის გაზრდილი კონცენტრაცია აღმოჩნდა როგორც ნიადაგში, ასევე საკვებ პროდუქტებში. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? როგორ ხდება რადიაქტიური ფონისა და სურსათის ხარისხის მონიტორინგი საქართველოში?
იზომება გამა-გამოსხივების ექსპოზიციური დოზის სიმძლავრე ატმოსფერულ ჰაერში. ჩვენი დაკვირვებით, ამჟამად არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა...

საქართველოს ტერიტორიაზე გარემოს რადიაციულ დაბინძურებაზე დაკვირვება 1961 წლიდან წარმოებს, თუმცა, როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის რადიაქტიური უსაფრთხოების ექსპერტი გურამ ნარსია ამბობს, საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგი მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერზე ხორციელდება:

„ნიადაგსა და წყალში რადიაქტივობის გაზომვა ჩვენს სამსახურს არ შეუძლია. ჩვენ ვაკვირდებით ბუნებრივ რადიაციულ ფონს, ანუ „გამა-ფონს“, რომელიც იზომება მეტეოსადგურებში (სულ 13 სადგურია) არსებული ხელსაწყოებით. იზომება ”გამა”-გამოსხივების ექსპოზიციური დოზის სიმძლავრე ატმოსფერულ ჰაერში. ჩვენი დაკვირვებით, ამჟამად არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა.“

გურამ ნარსიას თქმით, დაბალია იმის ალბათობაც, რომ რადიაქტივობა გაზრდილი იყოს წყალსა და ნიადაგში. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელიც მონიტორინგისათვის აუცილებელ გამასპექტრომეტრს ფლობს, განსხვავებულ ინფორმაციას არ ავრცელებს. ინფორმაციის დასაზუსტებლად ბიუროს წარმომადგენელს, ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის გამგეს, ნუგზარ გუბაძეს დავუკავშირდით.

„შეგვიძლია ჩავატაროთ ანალიზი როგორც სითხეებში, ასევე ნიადაგში. გვაქვს დოზიმეტრები, რომლითაც ვატარებთ ანალიზს და შემდეგ, თუკი აღმოჩნდება რადიაქტიური ნუკლიდების კვალი, მაშინ ვაწარმოებთ სპექტრალურ ანალიზს „გამა“, „ალფა“ და „ბეტა“ სპექტრომეტრებით. რამდენიმე დღის წინ გავზომეთ და აღმოჩნდა, რომ რადიაქტიური ფონი არ არის მომატებული. ნიადაგსა და წყლებში ყველაფერი ნორმალურადაა და ჯერჯერობით არანაირი გავლენა არ ჩანს და, იმედია, არც იქნება, რადგანაც კატასტროფა ჩვენგან ძალიან შორს მოხდა“, უთხრა გუბაძემ რადიო თავისუფლებას.
თბილისის ბაზარი

რადიაქტიური საფრთხის გაზრდასთან ერთად, სპეციალისტები ასევე მომეტებული ყურადღებით იკვლევენ საკვები პროდუქციის ხარისხს, რადგანაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შედეგად რადიაქტიური ნივთიერებები საკვებშიც შეიძლება მოხვდეს. საკითხავია, რა კეთდება საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო პროდუქტების გამოსავლენად? სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენლის ვერიკო გულუას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ხარისხის რეგულარულ, ლაბორატორიულ კვლევას აწარმოებს:
ჩართული ვართ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ყველა ქვეყანას ეცნობება, თუ სად რა რისკი არსებობს...

„ამას აქვს გეგმიური ხასიათი: გაწერილია წლის განმავლობაში როდის რა პროდუქტი შეიძლება შევამოწმოთ ლაბორატორიულად. ეს კეთდება რისკის ანალიზისა და კომუნიკაციის საფუძველზე და ამით სპეციალური სამმართველოა დაკავებული. გარდა ამისა, ჩართული ვართ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ყველა ქვეყანას ეცნობება, თუ სად რა რისკი არსებობს. შესაბამისად, ამ შეტყობინებების გათვალისწინებით ხდება ლაბორატორიული კვლევა. ჯერ არ მიგვიღია შეტყობინება, რომლითაც გაგვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენთან რადიაციით დაბინძურებული სურსათი მოხვდა.“
ჩვენთან კვების პროდუქტებში ხდება ორი ტიპის რადიაქტიური ნივთიერების - ცეზიუმისა და სტრონციუმის - ანალიზი...

ვერიკო გულუას თქმით, საბოლოო პასუხს, ჯანმრთელობისთვის სახიფათო რა ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, ლიცენზირებული ლაბორატორიები იძლევიან. რადიო თავისუფლება ერთ-ერთი ლაბორატორიის - „ეტალონის“ - ხელმძღვანელს თემურ ფილიშვილს დაუკავშირდა:

„ჩვენთან კვების პროდუქტებში ხდება ორი ტიპის რადიაქტიური ნივთიერების - ცეზიუმისა და სტრონციუმის - ანალიზი. ორივე სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, იმიტომ რომ, როცა ხვდება ორგანიზმში (კალციუმსა და მაგნიუმთან მსგავსების გამო), ჩაენაცვლება ძვალში და სამუდამოდ რჩება იქ. ამგვარი კვლევა სავალდებულოა და ჩვენი ლაბორატორია აკეთებს კიდეც, მაგრამ დღეს ლაპარაკია რადიაქტიურ იოდზე, რომელიც საშიშია პირველი 70 დღე, რადგანაც მისი ნახევარდაშლის პერიოდი ძალიან მცირეა და სწრაფად იშლება.“

ამასთან, ქართველი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პირდაპირი რადიაციული საფრთხე მინიმალურია. უბრალოდ, საჭიროა მეტი ყურადღება და კონტროლი, როცა საქმე ეხება იაპონიიდან და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას - იქნება ეს საკვები პროდუქტი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG