Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუშიმაზე მუშაობა რთულდება


ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური
ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური
იაპონიაში მიწისძვრით დაზიანებულ ბირთვულ ელექტროსადგურზე მომუშავე სპეციალისტებისთვის სულ უფრო მეტად რთულდება დასახული მიზნის - რეაქტორების სტაბილიზაციის - მიღწევა.

რეაქტორების სტაბილიზაციისთვის მუშაობა უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს, თუმცა ამ კვირაში რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა, რომელიც მოწმობს, რომ საქმე შეიძლება ბევრად უფრო რთულად იყოს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

სადგურის შიგნით მომუშავე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს რადიაციით დაბინძურებული ზღვის წყლის დიდი რაოდენობა, რომელიც კომპლექსის სარდაფში გროვდება. ეს იმის ნიშანია, რომ ცივი წყალი, რომელსაც მაშველები რეაქტორს გასაციებლად და დნობის თავიდან ასაცილებლად ასხამდნენ, ჟონავს და რადიაქტიურ მასალებს ავრცელებს.

პარალელურად, სპეციალისტებმა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგში პლუტონიუმის გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ამან გაამყარა ეჭვი, რომ სადგურის ექვსი რეაქტორიდან სულ მცირე ერთში საწვავის ღეროებმა უკვე განიცადა ნაწილობრივი დნობა. შესაბამისად, რეაქტორების გაცივება კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.

ატომური ენერგიის ექსპერტებისთვის ახლა უკვე ნათელია, რომ ბირთვული სადგურის მომამარაგებელი საწვავის დიდი ნაწილი დაზიანებულია:




„პლუტონიუმის წყარო, ასე თუ ისე, ნათელია - ის საკუთრივ საწვავის ღეროებიდან მოდის, რეაქტორში ვერც ერთი სხვა ნაწილიდან ვერ გაჩნდებოდა. ეს ადასტურებს ჩვენს ისედაც მყარ ეჭვს იმის თაობაზე, რომ სულ მცირე ერთ ნაწილში გარკვეული ზიანი მიადგა გარკვეულ საწვავის ღეროებს. ეს კი ნიშნავს, რომ გახლეჩვადი მასალები - საკუთრივ საწვავი - სულ მცირე ძირითად დამცავ გარსში მოხვდა და შესაძლოა ამაზე უფრო შორსაც გავრცელდა“, - ფიქრობს ტიმ აბრამი, ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე ატომური ენერგიის სპეციალისტი.

ზიანის ზუსტი მასშტაბი უცნობია. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია, რომელიც ფუკუშიმის სადგურს ამუშავებს, მწირ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის პრეზიდენტი, მასატაკა შიმიზუ, ამჟამად საავადმყოფოში წევს მაღალი წნევის გამო, რაც კომპანიასთან კომუნიკაციას კიდევ უფრო ართულებს.

კიდევ ერთი ექსპერტი - სტოკჰოლმში განთავსებული რადიაციის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელი ლარს გუნსელი - თვლის, რომ ზიანი საწვავის ღეროების 10-დან 16 პროცენტს მიადგა ყველაზე მეტად დაზიანებულ, ნომერ მეორე რეაქტორში.

თუმცა იმის მიუხედავად, რომ ღეროები, მისი თქმით, „მასშტაბურად“ დაზიანდა, ჯერჯერობით არ იკვეთება იმის ნიშნები, რომ ამ ნაწილობრივ დნობას ბირთვულ რეაქტორებთან ასოცირებული ყველაზე საშინელი სცენარი მოჰყვება - რეაქტორის ძირითადი ნაწილის მთლიანი დადნობა. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რეაქტორის ძირითად ნაწილში ტემპერატურა ისეთ მაღალ დონეს მიაღწევს, რომ ბირთვული საწვავი იშლება და რეაქტორის ავზში იწყებს დნობას, რის შემდეგაც ის პირდაპირ გარემოში ვრცელდება: „ჩვენი შეფასებით, საწვავის ძირითად ნაწილს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მაგრამ ჯერჯერობით არ ყოფილა ინფორმაცია იმაზე, რომ რეაქტორის ავზშია დნობა. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოგვეპოვება, ვთვლით, რომ [საწვავის] დაზიანებული ძირითადი ნაწილი კვლავაც რეაქტორის ავზშია.“

თუმცა ამ მოსაზრებას ყველა ექსპერტი არ იზიარებს. იმის გამო, რომ რეაქტორების ძირითადი მაკონტროლებელი ცენტრი დაზიანებულია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის რა სურათია შექმნილი შიგნით. არსებობს შიში, რომ დაზიანება შეიძლება ბევრად უფრო მასშტაბური იყოს.

რეაქტორებში ტემპერატურის მატებას ახლა რადიაქტიური საწვავის ღეროების ბუნებრივი დაშლა იწვევს - პროცესი, რომელიც იმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, ბირთვული რეაქტორი ჩართულია თუ არა. 11 მარტს, მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებიდან რამდენიმე წამში, ფუკუშიმის სადგური ავტომატურად გამოირთო, მაგრამ დაშლით გამოყოფილი სითბოს შემცირება და, შესაბამისად, შემდგომი დნობის თავიდან აცილება კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

მაშველები აგრძელებენ რეაქტორის საწვავის ღეროების გასაციებელ ოპერაციას რეაქტორის სისტემებზე წყლის დასხმის გზით. ტიმ აბრამის ვარაუდით, ეს სტრატეგია - დაშლის პროცესის ბუნებრივ შენელებასთან ერთად - როგორც ჩანს, ჯერჯერობით წარმატებით ახერხებს რეაქტორის ძირითადი ნაწილის დაცვას შემდგომი დაზიანებისგან.

მაგრამ გაცივების მცდელობა მნიშვნელოვნად გართულდა ზემოთ ნახსენები აღმოჩენით, რომ დასხმული წყალი ჟონავს. სპეციალისტებს ახლა დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ გაჟონვის მიზეზის დადგენის სახით. საქმე წყლის დიდძალ რაოდენობას ეხება - რამდენიმე ოლიმპიურ საცურაო აუზს რომ გაავსებდა, იმდენს. ეს წყალი ახლა სადგურის სარდაფში და ზღვისკენ მიმავალ გვირაბში დგას, რაც ზღვაში ჩაღვრისა და გარემოს რადიაციით დაბინძურების საფრთხეს ზრდის.

რამდენად შეძლებენ მაშველები გაჟონვის გადაკეტვას და საწვავის ღეროების ჩაკეტილ გამაციებელ გარემოში მოთავსებას, ეს არის ამ დღეების და, სავარაუდოდ, მომავალი რამდენიმე კვირის მთავარი შეკითხვა. საწვავი გამაციებელ გარემოში რამდენიმე წლით უნდა მოთავსდეს - მანამ, სანამ მისი ნარჩენების უსაფრთხო შენახვა გახდება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG