Accessibility links

ლიბიაში მეამბოხეებს გამარჯვების იმედი უმყარდებათ


ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუამარ კადაფის მთავრობა დატოვა და ბრიტანეთს აფარებს თავს. ეს ინფორმაცია - იმ ცნობებთან ერთად, რომ ვაშინგტონმა ლიბიის მეამბოხეებისთვის ფარული მხარდაჭერის ნება დართო - ლიბიის ოპოზიციას გამარჯვების იმედს მნიშვნელოვნად უმყარებს.

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალები სწრაფად იმყარებენ პოზიციებს მეამბოხეების წინააღმდეგ, თუმცა, ასეთ ფონზე, კადაფის მთავრობას დიდი დარტყმა მიადგა - როგორც იუწყებიან, ლიდერს საგარეო საქმეთა მინისტრი განუდგა.

მინისტრი მუსა კუსა ოთხშაბათს ლონდონის ერთ-ერთ აეროპორტში ჩავიდა ტუნისიდან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის თქმით, კუსა თანამდებობიდან გადადგა. მუსა კუსა კადაფის მთავრობაში გავლენიანი ფიგურაა - სწორედ მას მიაწერენ ლიბიის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში, მრავალწლიანი სანქციების შემდეგ.

ჰეიგის თქმით, კუსას, რომელსაც 1998 წელს ლოკერბის თავზე ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს უკავშირებენ, არ მიანიჭებენ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დამცავ იმუნიტეტს.

თუმცა, იმავდროულად, ჰეიგმა სხვებსაც მოუწოდა კადაფის რეჟიმის დატოვებისკენ - განაცხადა, კუსას გადადგომა მოწმობს, რომ რეჟიმი შიგნიდანაა შერყეულიო: „ის აქ საკუთარი ნებით ჩამოვიდა. ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და მოგვიანებით გავავრცელებთ დეტალურ ინფორმაციას. მოვუწოდებთ კადაფისთან დაახლოებულ პირებს, განუდგნენ კადაფის და არჩევანი გააკეთონ ლიბიის უკეთესი მომავლისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკურ გარდაქმნასა და რეალურ რეფორმას, რომელიც შეესაბამება ლიბიელი ხალხის მისწრაფებებს“, - განაცხადა ჰეიგმა.

ტრიპოლიში ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ცნობა, რომ კუსა გადადგა. მათი განცხადებით, ის ლონდონში „დიპლომატიური მისიით“ იმყოფება.

ლიბიის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გადადგნენ - კადაფის მხრიდან აქციების უხეშად ჩახშობის მცდელობა გააპროტესტეს. კუსა კი პირველი მაღალჩინოსანია, რომლის გადადგომაზეც ინფორმაცია გავრცელდა ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციის დაწყების, ანუ 19 მარტის, შემდეგ.

ამ ცნობას შესაძლოა ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება მოჰყვეს ლიბიელი მეამბოხეებისთვის, რომლებიც კადაფის ძალების შეტევამ აიძულა უკან დაეხიათ აღმოსავლეთის სანაპიროდან.

მუსა კუსას, რომელსაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული და რომელიც, როგორც ვთქვით, კადაფის მთავრობაში გავლენიანი ფიგურა იყო, შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელოს კადაფის დამხობის გზების შესახებ.

ლიბიის ოპოზიციას კიდევ დამატებითი იმედი მისცა ცნობამ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მეამბოხეებისთვის ფარული დახმარების აღმოჩენას მხარი დაუჭირა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ობამამ ხელი მოაწერა საიდუმლო ბრძანებას, რომლითაც დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს საიდუმლო ოპერაციების განხორციელების საშუალება მიეცა.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ ანონიმად დარჩენილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ლიბიაში თავისი მუშაკები გაგზავნა იმ სახის ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც შეიძლება ოპოზიციას დაეხმაროს მას შემდეგ, რაც ტრიპოლიში სამმართველოს სადგური დაახურინეს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, უარი თქვა ამ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს თავად დაზვერვის ცენტრალური სამმართველოც.

ლიბიელი მეამბოხეების უკანდახევის ფაქტები ამყარებს მოსაზრებას, რომ დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ქმედების გარეშე ამბოხებას ჩაახშობენ.

აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი, თუმცა ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ამ იდეის წინააღმდეგ ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა გამოდის ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, რომელიც აცხადებს, რომ ალიანსის მიზანი ხალხის დაცვაა და არა მათი შეიარაღება.

ჩინეთი, რუსეთი და გერმანია გადაჭრით ეწინააღმდეგებიან იარაღის მიწოდებას მეამბოხეებისთვის, რომელთა ზუსტი შემადგენლობა და საბოლოო მიზნები ჯერაც ბუნდოვნად რჩება.

თუმცა, ექსპერტების აზრით, ცალკეული ქვეყნები იოლად შეძლებენ გვერდი აუარონ ნატოს, თუკი მეამბოხეთა შეიარაღებას გადაწყვეტენ.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახლო აღმოსავლეთის პროფესორი, ფავაზ გერგესი, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „პრეზიდენტი ობამა და დასავლეთის ზოგიერთი სხვა ოფიციალური პირი მეამბოხეთა პირდაპირ შეიარაღებაზე საუბრობენ. მეამბოხეებს უკვე მიეწოდებათ იარაღი, რომელიც მესამე ქვეყანაზე - ეგვიპტეზე ან სხვა ქვეყნებზე - გადის. საფასური კი ლიბიის მთავრობის გაყინული აქტივების ნაწილიდან იფარება. ამდენად, ზუსტად იცოდეთ - მეამბოხეთა შეიარაღება უკვე მიმდინარეობს.“

კერძოდ რა როლს შეასრულებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ლიბიაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მისი მუშაკები შეაფასებენ რა სჭირდებათ მეამბოხეებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ობამა მათ შეიარაღებას ოფიციალურად გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG