Accessibility links

logo-print

სასამართლომ ისრაელ ბიზნესმენებს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს, შესაბამისად, შვიდი და ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ბიზნესმენები დამნაშავედ ცნო და მათი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრა: სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის მიცემა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. გამოძიების მასალების მიხედვით, ფუქსმა და ფრენკელმა 7 მილიონი დოლარის ქრთამი შეაძლიეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებდა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბიზესმენებს გადაუხდიდა 72 მილიონ დოლარს 1996 წელს ჩაშლილ ენერგეტიკულ პროექტში.

საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოსული ისრაელი ბიზნესმენები 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს ბათუმში. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის გარდა რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს ფულადი ჯარიმის - შესაბამისად, ნახევარი მილიონი და ასი ათასი ლარის - გადახდაც დააკისრა. პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააპროტესტა განსასჯელთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა და იქვე შენიშნა, რომ სხვა შედეგს არც ელოდა:
ისრაელში დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მათ საქმეს უკერავს ...

„ეს ადამიანები ხუთი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. ახლა რომ მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, გამოვიდოდა, რომ ყველა ის მტკიცება და ბრალდება, რაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არსებობდა, სინამდვილის შეუსაბამოა, რაც შექმნიდა უხერხულობას. ამიტომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა არ იყო მოსალოდნელი.“

არჩილ კბილაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლომ უკანონო გადაწვეტილება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას დაელოდება. ადვოკატის მსგავსად, ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარებათ განსასჯელთა სამშობლოშიც. აი, რა განაცხადა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის ინტერნეტპორტალის, "იზრუსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ ალექსანდრ გოლდენშტეინმა:

„ისრაელში დარწმუნებულნი არიან (და უფრო მეტიც), რომ საქართველოს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მათ საქმეს უკერავს, რადგანაც რონი ფუქსისთვის მეტად სოლიდური თანხა უნდა გადაეხადათ.”

საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ისრაელელი ბიზესმენების დაპატიმრება უარყოფითად აისახა საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე. კერძოდ, გადაიდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის დაგეგმილი ვიზიტები ისრაელში, სადაც ეჭვობენ, რომ საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის მიწვევით ბათუმში ჩატყუებულ ბიზნესმენებს სისხლის სამართლის საქმე შეუთითხნა, თუმცა ამ ბრალდებას არ იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, რომლის თქმითაც, ნებისმიერი ინვესტორი თუ ბიზნესმენი, რომელიც შეეცდება კორუფციულ სქემაში შესვლასა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვას, აუცილებლად დაისჯება, მიუხედავად იმისა, ვისი მოწვევით იმყოფება საქართველოში.
ფუქსმა და ფრენკელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საარბიტრაჟო დავის შეწყვეტის სანაცვლოდ - ჯერ თბილისში, შემდეგ სტამბულსა და ბათუმში - ქრთამის სახით შესთავაზეს 7 მილიონი დოლარი ...

ისრაელი ბიზნესმენები საქართველოს მთავრობისგან, ჯამში, 98 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. მათი ეს მოთხოვნა გამყარებულია ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2010 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა საქართველოში ბევრს ეჭვი ეპარება თავად ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაში. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა, იხსენებს ფუქსისა და ფრენკელის მოღვაწეობას 1991-96 წლებში და მათ მიერვე აღებულ ვალდებულებებს. კერძოდ:

„უნდა დაეწყოთ ნავთობის მოპოვება, ნავთობის ტრანსპორტირება და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა. ორ საწარმოზე იყო ლაპარაკი: ერთი უნდა ყოფილიყო მცირე ქარხანა, რომელიც ერთ მილიონ ტონა ქართულ ნავთობს გადაამუშავებდა წელიწადში და მიიღებდა ნედლეულს მაღალი ხარისხის ნორიოლის ტიპის საცხებებისათვის. მეორე საწარმო, 8-10 მილიონი ტონის წარმადობის, უნდა აშენებულიყო ბათუმში.“ - ასეთი იყო ვალდებულება, თუმცა, თენგიზ სიგუას თქმით, ბიზნესმენებმა დანაპირებიდან თითქმის არაფერი არ შეასრულეს:

„დაწყებული 1991 წლის ნოემბრიდან, ვიდრე 1996 წლამდე (როცა საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა კონტრაქტი), ანუ 5 წლის განმავლობაში, ამ ფირმას ერთი აგური არ დაუდვია, ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ გაუთხრია, ერთი მეტრი მილი არ ჩაუდვია.“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ აღწერილი ამ გარემოების გამო, საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმედოვნებენ, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოს მთავრობის არგუმენტებს გაითვალისწინებს და საქართველოს არ მოუწევს 100 მილიონამდე დოლარის გადახდა. პროკურატურის წარმომადგენლის ზაზა ქაჩიბაიას თქმით, განსასჯელებს ქრთამის გაღებისკენ საქართველოს მთავრობის არგუმენტირებულმა აპელაციამ უბიძგა:

„...სწორედ ამის შემდეგ ფუქსმა და ფრენკელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საარბიტრაჟო დავის შეწყვეტის სანაცვლოდ - ჯერ თბილისში, შემდეგ სტამბულსა და ბათუმში - ქრთამის სახით შესთავაზეს 7 მილიონი დოლარი.“

ვალის გადახდასთან, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ უახლოეს ერთ თვეში უნდა მიიღოს. ისრაელელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში გამოტანილ განაჩენს კი, მაღალი ალბათობით, ადვოკატები გაასაჩივრებენ. არჩილ კბილაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ბიზნესმენები მიიღებენ, რომლებიც განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას ელოდებიან. კანონით, მოსამართლის განკარგულებაში ორი კვირაა.
XS
SM
MD
LG