Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა”, დევნილთათვის კუთვნილი კომპენსაციის გადაცემის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული სარჩელით „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კოდორიდან დევნილი 4 პირის უფლებების დაცვას აპირებს.
მეუბნებოდნენ, რომ უახლოეს მომავალში, დღეს-ხვალ, დაგირეკავთ და კომპენსაციას მიიღებთო. ტყუილი. მიბარებდნენ და ისევ მატყუებდნენ. ...

კოდორიდან დევნილი პირები, რომელთაც დახმარებისთვის „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ მიმართეს, თბილისში ბაგების სტუდქალაქის დასახლებიდან პოლიციის ძალით 2011 წლის 20 იანვარს გამოასახლეს. გამოსახლებულებს შორის იყვნენ ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს კი არა, ფინანსურ კომპენსაციას ითხოვდნენ. მათ შორისაა მერაბ არღვლიანის ხუთსულიანი ოჯახი:

”მე 2009-ში დამაწერინეს კომპენსაციის თაობაზე. ეს იყო სურვილის მიხედვით. მე რაც მეკუთვნოდა, ის მინდოდა - კანონიერად, რაც ყველასთვის იყო გათვალისწინებული. მიბარებდნენ ლტოლვილთა სამინისტროში გასაუბრებაზე და მეუბნებოდნენ, რომ უახლოეს მომავალში, დღეს-ხვალ, დაგირეკავთ და კომპენსაციას მიიღებთო. ტყუილი. მიბარებდნენ და ისევ მატყუებდნენ. ასე წავიდა დრო და ბოლოს მოვიდა 20 იანვარი. 20 იანვარს გამოგვასახლეს.”
არღვლიანების ოჯახი

მერაბ არღვლიანი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, სურვილის მიუხედავად, მისი ოჯახი სხვებთან ერთად მარნეულის რაიონში - კერძოდ, სოფელ წინწყაროში - გადაიყვანეს. დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელში მინიმალური საარსებო პირობებიც კი არ აღმოჩნდა - არ იყო წყალი, ელექტროენერგია, აღნიშნავს მერაბ არღვლიანის მეუღლე, ფიქრია ფიფია:

დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, რის გამოც იძულებულები გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის - გაიცეს 10 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში კომპენსაცია ...
”ოთხი ოთახი იყო. შიგნით არაფერი არ იყო. საცხოვრებლად არ ვარგოდა, ისეთი იყო. იქიდან წამოვედით. დროებით მულთან ვცხორობდით და მერე ქირით გადმოვედით. ქირით ვართ ბაგებში, ბუნკერში, რა ვიცი. არაფერი შემოსავალი არ გვაქვს, მარტო შემწეობის ფულს ვიღებთ.”

ფიქრია ფიფია მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მისი უფლებების დამცველმა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ფინანსური კომპენსაციის ვალდებულების საკითხზე რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:

”დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, რის გამოც იძულებულები გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის - გაიცეს 10 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში კომპენსაცია. ჩვენ მოთხოვნას ვაყრდნობთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, მათ მიერ შემუშავებულ კანონს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და ასევე სახელმწიფო სტრატეგიას და ამ სტრატეგიის შესრულების გეგმას, რითაც მათ იკისრეს ვალდებულება ან ადეკვატური პირობებით უზრუნველეყოთ დევნილები, ან გაეცათ მათზე კომპენსაცია. ჩვენს შემთხვევაში ეს ის შემთხვევაა, როდესაც 2009 წლიდან ვდგავართ კომპენსაციის მოლოდინში.”

სახელმწიფომ შესთავაზა საცხოვრებლები სხვადასხვა რეგიონში. კერძოდ, წინწყაროში სახელმწიფომ მათ შესთავაზა ორსართულიანი, ზოგ შემთხვევაში, სამსართულიანი ინდივიდუალური ბინები ...
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე თამარ გაბისონია აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დევნილთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხზე მომზადებული სარჩელი ეყრდნობა არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ გაეროსა და ევროსაბჭოს პრინციპებს. შესაბამისად, წინასწარ კეთდება განცხადებაც იმის თაობაზე, რომ სასამართლოში საქმის წაგების შემთხვევაში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საერთაშორისო მექანიზმებსაც აამუშავებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 22 000 ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით, 5267 კი - საკომპენსაციო თანხით.

”სახელმწიფოს სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, აქვს ვალდებულება დააკმაყოფილოს დევნილები საცხოვრებელი ბინით. სახელმწიფომ გამონაკლისის სახით დაუშვა ალტერნატივა- ფულადი თანხების გაცემა იმათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა შესაძლებლობა და შეეძლოთ თვითონ გადაეწყვიტათ თავიანთი პრობლემები. თუმცა სახელმწიფოს ვალდებულება ყოველთვის იყო და არის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება. და ამ ოჯახებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სახელმწიფომ შესთავაზა საცხოვრებლები სხვადასხვა რეგიონში. კერძოდ, წინწყაროში სახელმწიფომ მათ შესთავაზა ორსართულიანი, ზოგ შემთხვევაში, სამსართულიანი ინდივიდუალური ბინები, მიწებით, საკუთრებაში.”

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, წინწყაროში დევნილებისთვის შეთავაზებული სახლები კარგ მდგომარეობაშია, მცირე ხარვეზებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG