Accessibility links

logo-print

ჰააგის სასამართლო არ დაიწყებს საქართველოს მიერ წარდგენილი სარჩელის არსებით განხილვას


ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაიზიარა რუსეთის შუამდგომლობა და გადაწყვიტა, რომ არ დაიწყებს ეთნოწმენდის ბრალდებით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი სარჩელის არსებით განხილვას. სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან სარჩელის წარდგენამდე მხარეებს არ ჰქონდათ ამოწურული მოლაპარაკების რესურსი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 1 აპრილს გამართულ საჯარო სხდომაზე გამოცხადდა, საქართველოს წარმომადგენლები არ იზიარებენ. თუმცა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ საქართველოს კვლავ ექნება შესაძლებლობა დაბრუნდეს ჰააგის სასამართლოში მას შემდეგ, რაც რუსეთთან ექნება ეთნოწმენდის სადავო საკითხის განხილვის კიდევ ერთი მცდელობა. ამასთან, თინა ბურჯალიანმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების პირველ ნაწილში დაადასტურა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დავა ეთნოწმენდის თაობაზე არსებობს სწორედ საქართველოსა და რუსეთს და არა ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის, როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებდა.
XS
SM
MD
LG