Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 5 აპრილი 2011


”რეზონანსი” 4 აპრილს გამართული აქციების შესახებ წერს. პირველ გვერდზე იწყება პუბლიკაცია, სათაურით - ”სახალხო კრება ხელისუფლების მიერ უფლებაშელახული ადამიანების საინფორმაციო ბაზას ქმნის. ”სამართალი მოდის” ჩაგრულთათვის”.შალვა ოგბაიძე,ხელმძღვანელი მოძრაობისა ”სამართალი მოდის”, ”რეზონანსს” განუმარტავს, რომ ახალი მოძრაობის მიზანია ხელისუფლების მიერ მოქალაქეების მიმართ ჩადენილი უკანონობა აღნუსხოს, და განაგრძობს: ”ახალი ხელისუფლების, რომელიც ალბათ ოდესმე მოვა, პირველი დავალება იქნება ის, რომ ამ ადამიანების ზარალი ანაზღაურდეს.”

”რეზონანსის” ბიზნეს-ჩანართში ჟურნალისტი ნავთობკომპანია ”სან ოილ ჯორჯიას” მიერ ბიზნესის გაფართოებასა და ამ კომპანიასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კავშირის შესახებ წერს.

”ალია” კი საკრებულოს წევრ თინა ხიდაშელთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის პარლამენტის წევრ არჩილ გეგენავას ბიზნესზე ლაპარაკობს. ”ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება ელიტარული კორუფციის”, - ამბობს ხიდაშელი, რომლის ინფორმაციითაც, ”2011 წელს გეგენავას მოგებული აქვს 102 მილიონი ლარის კონტრაქტი. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში”, - ამბობს ხიდაშელი და ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არჩილ გეგენავას კომპანიაში მეწილედ ნიკა რურუას ძმა - გიორგი რურუა - ჩნდება.

”ბოკერიას გუნდი მხარდაჭერას რუსეთში ეძებს?” - ასეთ სათაურს ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ. უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუში ჟურნალისტი რესპონდენტს ეუბნება: ”გიგა ბოკერიას გვერდით ფიგურირებს კახა ბენდუქიძე და ითქვა, რომ ეს ძალა დასაყრდენს რუსეთში ეძებსო...”. გელა ნიკოლაიშვილი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნების როლის თემას განავრცობს და ამბობს, რომ სულაც არ უკვირს, თუკი ესა თუ ის პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსასვლელად დასავლეთიდან ან რუსეთიდან მხარდაჭერის მიღებას შეეცდება. ამავე ინტერვიუში გელა ნიკოლაიშვილი ამბობს: ”პროცესები ქუჩაში ყველა ვარიანტში გადაინაცვლებს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოხდება სისხლისღვრა, შეტაკება. ქუჩიდან ზეწოლის გარეშე ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ არსებობს.”

”24 საათის” ავტორი სტატიაში, სათაურით - ”ბიძგი სახალხო დამცველის ანგარიშიდან”, წერს: ”ოპოზიციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დებატები, შეიძლება ითქვას, სამთავრობო კვირეულის დროს მხოლოდ დაიწყო. სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში ამჯერად ახალი, ერთთვიანი პაექრობის საფუძველი გახდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, მათ მიერ სამთავრობო დებატებზე წამოჭრილი ბევრი საკითხი ომბუდსმენის ანგარიშშიც დადასტურებულია, რომელიც ბიუროზე გუშინ დაარეგისტრირეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG