Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის გაზრდა გადაწყვიტა


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში მთავრობამ ახლახან შეიტანა. კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ცვლილება ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერების დარიგებამ და პენსიების 100 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებამ განაპირობა. ამ ინიციატივას მომხრეებთან ერთად ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა როგორც პოლიტიკოსებში, ასევე ეკონომიკის ექსპერტებს შორის.
ვალი, რომელიც ქვეყანას უნდა გადაეხადა 2013 წელს, მისი გადახდის ვალდებულება გადაიწევს 7-8 წლით და ეს ფული მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკის რეინვესტირებას...

მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა 2011 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილებების პროექტი. მთავრობის ინციატივის მიხედვით, მიმდინარე ბიუჯეტის მოცულობა 350 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს თანხები ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ბიუჯეტის კანონის ცვლილებას უკავშირდება ეგრეთ წოდებული ევრობონდების, ანუ საგარეო ვალების, გასტუმრების საკითხიც. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის გასტუმრების რეფინანსირება გადაწყვიტა:

”ვალი, რომელიც ქვეყანას უნდა გადაეხადა 2013 წელს, მისი გადახდის ვალდებულება გადაიწევს 7-8 წლით და ეს ფული მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკის რეინვესტირებას. მეორე საკითხი არის სოციალური ვალდებულებები, რომელიც სწრაფი ჩარევის შედეგად განხორციელდა, რომელიც მოიცავს ვაუჩერების საკითხს, ასევე პენსიების ზრდას.”

ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4, 3 პროცენტიდან 3, 7 პროცენტამდე მცირდება. მაგრამ ეს ეკონომიკის ექპერტების ნაწილს ნაკლებ წარმატებად მიაჩნია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების ზრდის ფონზე. სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, როდესაც ბიუჯეტის ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპს აჭარბებს, ეს თავად ეკონომიკას აზარალებს.
შემოსავლები თუ გაიზარდა, ესე იგი ინფლაციას უმუშავია კარგად. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ სამასი მილიონით გაზრდილიყო შემოსავლები...

”ზოგადად, პრინციპების დონეზე რომ ვისაუბროთ, რაც უფრო ნაკლებ ფულს ამოიღებს სახელმწიფო კერძო სექტორიდან და მეტ ფულს დატოვებს ბაზარზე, მით უკეთესი, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა.”

მთავრობა ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ საგადასახადო შემოსავლების ჭარბ რაოდენობას ასახელებს, თუმცა მის კონკრეტულ მოცულობაზე არაფერს ამბობს. მაშინ, როდესაც გადასახადების განაკვეთი უცვლელია და ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად არ იზრდება, საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ექსპერტების აზრით, ინფლაციით უნდა იყოს გამოწვეული. ამგვარად ფიქრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი:
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი

”შემოსავლები თუ გაიზარდა, ესე იგი ინფლაციას უმუშავია კარგად. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ სამასი მილიონით გაზრდილიყო შემოსავლები. ამ ზრდის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტი 35 პროცენტს მიაღწევს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც, ჩემი აზრით, კარგი არ არის. მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს მცირე ბიუჯეტი ჰქონდეს, მით უმეტეს, ინფლაციის პირობებში.”

ექსპერტთა ასეთ არგუმენტებს ხელისუფლება სოციალური პროგრამების დაფინანსების აუცილებლობით უპასუხებს, რაც დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საბიუჯეტო ცვლილებებით, პენსიების ზრდას 55 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის მშენებლობას 30 მილიონი, ხოლო სოფლის მეურნეობას 9 მილიონი ლარი მოხმარდება.

ოპოზიცია მთავრობისგან ხარჯების შემცირების ნაცვლად ხარჯების გაზრდას ითხოვს. პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი პენსიების უმალვე 100 დოლარამდე გაზრდას მოითხოვს, ნაწილი კი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის 150 მილიონი ლარის გამოყოფას. მათ შორისაა ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე:
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე

”მთავრობა დაგვპირდა, რომ 150 მილიონი დაემატებოდა სოფლის მეურნეობას. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ და ვიხილეთ მხოლოდ 9 მილიონი, რომელიც ჩვენს უკიდურესად მიტოვებულ გლეხს არაფერში წაადგება.”

მთავრობის ნაბიჯს სულ სხვა მიზეზებით აკრიტიკებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათ შორისაა დავით ნარმანია, რომელიც ბიუჯეტის შედგენისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეუთავსებლობის შესახებ საუბრობს:

”ერთბაშად პენსიების ზრდა არის მიზანშეუწონელი როგორც ინფლაციის რეგულირების თვალსაზრისით, ასვე საბიუჯეტო სახსრების მობილიზების თვალსაზრისით. გაცილებით უმჯობესია, როდესაც ეტაპობრივი ზრდა ხდება და ეს პოლიტიკა წინასწარ არის გათვლილი და დაგეგმილი, რაც არ მგონია არსებობდეს ასე ნაჩქარევად მომზადებული დოკუმენტის შემთხვევაში.”

ეკონომიკის სხვა ექსპერტები საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ და, საერთოდ, მთავრობისგან ეკონომიკაში ნაკლებ ჩარევას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG