Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი საარჩევნო სისტემაზე საუბრობს


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, პოეტ მუხრან მაჭავარიანის სახლის ეზოში მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკაზეც ისაუბრა და დაიცვა მმართველი პარტიის პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე. მისი თქმით, „რამდენიმე რადიკალურ პარტიას“ სურს, რომ რაიონებს არ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში და პარტიებმა თავად გადაწყვიტონ, ვინ აირჩევს მთავრობას: „საქმე არის ძალიან კონკრეტული - ეს მაჟორიტარი თქვენი არჩეულია და თუ კიდევ აირჩევთ, შემდეგი მთავრობა უნდა დააკომპლექტოს მან. მან უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრიც, მან უნდა შეარჩიოს მინისტრებიც. და თუ თქვენ აღარ გკითხავენ, მაშინ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს შეარჩევს ერთი და იგივე 30-40 კაცი, რომელიც მაქსიმუმ რუსთაველზეა ნამყოფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და იქვე სადმე, გვერდით ქუჩაზეა ნაქეიფარი“ - განაცხადა სააკაშვილმა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ თემის გარშემო უთანხმოებამ მმართველ პარტიასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო რეფორმის ირგვლივ მოლაპარაკების დაწყებიდან მალევე იჩინა თავი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG