Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიო ვარგას ლიოსას "დეიდა ხულია"


მარიო ვარგას ლიოსა
მარიო ვარგას ლიოსა
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გასული წლის ბოლოს ლიტერატურული ნობელის ბოლო ლაურეატის, მარიო ვარგას ლიოსას, ცნობილი რომანი გამოსცა.

ქართველი მკითხველი ვარგას ლიოსას ნაწერებს ამირან გაბესკირიას თარგმანებიდან იცნობდა. 1979 წელს გამოცემული "ქალაქი და ძაღლები" მან რუსულიდან თარგმნა და აი, მრავალი წლის შემდეგ, 2010-ში, ლიოსას კიდევ ერთი რომანი გამოვიდა, ისევ რუსულიდან თარგმნილი. ქართულად რომანს რატომღაც "დეიდა ხულია" ჰქვია, არადა, დედანში, მათ შორის, რუსულ თარგმანშიც, საიდანაც წიგნია გადმოქართულებული, სათაურში კიდევ ერთი მთავარი გმირის სახელია გამოტანილი. ეს არის მწერალი, უფრო სწორად, ვაი-მწერალი - გნებავთ, კალმოსანი, გრაფომანი, ისტორიების მთხზველი - ვინმე პედრო კამაჩო. რომანს ასეც ჰქვია - La tía Julia y el escribidor. რუსებმა სათაური ასე თარგმნეს: Тетушка Хулия и писака, ინგლისურ ენაზე სცენარისტად გადმოიტანეს ის ვაი-მწერალი, Scriptwriter, მაგრამ ვუყურებ ქართულ გამოცემას და ვხედავ, რომ რომანის მთავარი გმირი სათაურიდან გამქრალია. გასაგებია, რომ საუკეთესოდ არ ჟღერს: "დეიდა ხულია და ვაი-მწერალი", "დეიდა ხულია და კალმოსანი" ან გრაფომანი, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას სათაურის ნახევარი მხოლოდ კეთილხმოვანების გამო ამოვაგდოთ. თან, არც ეს ობლად დარჩენილი "დეიდა ხულია" ჟღერს მაინცდამაინც კარგად.

სათაურის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია უცხოური რომანების ან ფილმების თარგმნისას, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება ხოლმე - მით უმეტეს, როდესაც მთელი მსოფლიო რომანს კონკრეტული სათაურით იცნობს, ცოტა უხერხულია მისი ასეთი შეკვეცა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" ნაცვლად რომ გვეთარგმნა მხოლოდ ომი, ანდა ჰესეს "ნარცისი და გოლდმუნდის" ნაცვლად - მხოლოდ ნარცისი.

სიამოვნებით დავწერდი დღევანდელ წერილს ლიოსას ამ რომანის შექმნის ისტორიაზე, სტრუქტურაზე, თემებზე. გრაფომანები ჩვენც ხომ ბევრი გვყავს! ჩვენც ხომ ვიხრჩობით სერიალებში! ამ გრაფომანებსაც ხომ აქვთ დიდი თუ პატარა ტრაგედიები. დავწერდი რომანის მთხრობელისა და დეიდა ხულიას სასიყვარულო თავგადასავალზე, ვარგას ლიოსას თხრობის ოსტატობაზე, ენაზე, მის ადგილზე ე.წ. სამხრეთამერიკული ლიტერატურის ბუმში. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ძირითადად შენიშვნებით უნდა შემოვიფარგლო, რადგან წიგნში ბევრი უზუსტობა და ხარვეზია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ესპანურენოვანი წიგნი რუსულიდანაა თარგმნილი, ეს არაა დიდი ტრაგედია, ბევრი ასეთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე. არც გურამ გოგიაშვილს უთარგმნია რაბლე ფრანგულიდან, მანაც რუსულიდან თარგმნა, მაგრამ ქართული ლიტერატურის ისტორიაში მაინც მოვლენად იქცა ეს წიგნი. აქ სხვა რამეშია საქმე, პირველ რიგში, თარგმანის ხარისხზე გვაქვს საუბარი, შემდეგ კი რედაქტორის ნამუშევარზე, რომელმაც ვერ დაიცვა მკითხველი უზუსტობებისა და ხარვეზებისგან.

ჯერ ერთი, თუკი ვერანაირად ვერ ხერხდება დედნის ენიდან წიგნის თარგმნა, იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ წიგნს რედაქტორი გამოვუძებნოთ ისეთი, ვინც დედანთან შეადარებდა ბუნდოვან თუ უხერხულ ადგილებს. ასეთები კი საკმაოდაა წიგნში. დავიწყებ საკუთარი სახელების გადმოტანის წესით. საქმე ისაა, რომ რუსულ თარგმანში მეტსახელებიც გადმორუსულებულია და ქართულად მთარგმნელმაც გადაწყვიტა, რომ თავადაც ასე მოქცეულიყო, რაც, ჩემი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

მაგალითად, პერსონაჟი, რომელსაც დედანში Negro Humilla ჰქვია, რუსულ თარგმანში Негр Умилья-დ არის გადმოტანილი, ქართულად კი ზანგო უმილია ჰქვია. კიდევ ერთი გმირია ვაშლა არევალო, რუსულში Яблочко Аревало. მივაკითხავთ დედანს და აღმოჩნდება, რომ იქ მართლაც წერია Manzanita. თუმცა რატომაა აუცილებელი მაინცდამაინც ითარგმნოს ეს სახელი, ვერ ვხვდები. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება მეტი გამომგონებლობითა და მოქნილობით ვთარგმნოთ?! თუ არადა, დაეტოვებინა Manzanita. აი სხვა სახელები: კნაჭა ჯიბგირი, წუწუნა გვრიტო, თათუნა როდრიგესი (Ручонка Родригес), კნაჭა ნანსი, პედრიტო მგუდავი, უამბაჩოელი ჩლახო (კოჭლი იგულისხმება). დისნეის პერსონაჟის ხსენებისას მთარგმნელს არ ეზარება და ყოველთვის დონალდ იხვის ჭუჭულს წერს.

რომანის IV თავში, გრაფომან პედრო კამაჩოს მიერ დაწერილ ნოველაში ასეთი სცენაა: პოლიციელს შავკანიანი უცნობი ჰყავს დაკავებული, ერთი ტიტლიკანა ველური, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მიათრიეს: "- არ გაინძრე, თორემ გესვრი და სულს გაგაფრთხობინებ, შავდრუნჩავ! - ისე დაიღრიალა ლიტუმამ, ლამის ყრონტი გაუსკდა...". კარგი, დავანებოთ თავი ყრონტს და შავდრუნჩას ჩავეძიოთ. რუსულ ტექსტში, საიდანაც თარგმანია შესრულებული, ვკითხულობთ: Тихо, не то сдохнешь, черномазый! (დედანშია zambo). როგორც ვხედავთ, შავდრუნჩა ძალიან გადამეტებული, ხატოვანი ფორმაა, მაგას სჯობდა თუნდაც შავტრაკა ყოფილიყო თარგმანში, უფრო ახლოა პოლიციურ ჟარგონთანაც და 50-იანი წლების სამხრეთამერიკული არაპოლიტკორექტულობის სურათსაც ხატავს. "შავდრუნჩა" კიდევ არაერთხელ გვხვდება, მაგალითად, ასე: "ჩავარდი, გამოგიჭირე, შავდრუნჩავ!". ცხადია, როდესაც ასეთ რამეს კითხულობ, თხრობის რიტმიც ეცემა და კითხვისაც, ანუ ავტორიც აგებს და მკითხველიც იმედგაცრუებული რჩება.

რომანში ბევრი პერსონაჟია შეიარაღებული, დედანში ეს იარაღი ძირითადად revólver-ია, მაგრამ მთარგმნელს ეს სიტყვა რატომღაც ყოველთვის დამბაჩად გადმოაქვს. თავი მეკობრულ რომანში გეგონება და არა XX საუკუნის 50-იანი წლების პერუში. სქესობრივ აქტს ქართველი მთარგმნელი ერთი უცნაური ზმნით აღნიშნავს, გადაკოტრიალებით. ანუ სექსი აქ უდრის კოტრიალს: "ცოლად რად გინდა, გადააკოტრიალე და მორჩა".

ერთგან რადიოგადაცემის სახელი ასეა თარგმნილი: "კინოლენტა და ეკრანი", ხოლო ყველგან, სადაც კრეოლური უნდა ეწეროს, კრიოლური წერია. გასაგებია, რომ ესპანურად criollo-ა, მაგრამ ქართულ ენაში უკვე ათწლეულების მანძილზე მიღებულია „კრეოლური“, ფრანგული créole-დან და ეს "კრიოლური" დამაბნეველიც კი იქნება მკითხველისთვის. რომანში ერთგან ხორხე ლუის ბორხესიცაა ნახსენები და იქვე სქოლიოში განმარტებულია, თუ ვინ არის ბორხესი: "ხორხე ლუის ბორხესი - თანამედროვე არგენტინელი მწერალი, რეაქციონერი". აშკარაა, რომელიღაცა საბჭოთა ლიტერატურული ცნობარიდანაა ამოღებული ეს მოკლე წინადადება.

კითხვისას საკმაოდ ბევრი მოვნიშნე ზედმეტად ტკბილქართული ფრაზები თუ წინადადებები: "მეღამური ლოთიბაშები", "ღიმღამში ბუნდად ჩანდა...", "დაჩურთული კარტოფილი" (სატენიანი კარტოფილი იგულისხმება). ერთ-ერთი პიესის სახელწოდება, რომელსაც დედანში La Malquerida ჰქვია, ხოლო რუსულ თარგმანში Нелюбимая, თარგმნილია როგორც "აბუებული ქალი". ერთი პერსონაჟი კი ასე მიმართავს მეორეს: "გიჟი და ობროდი ხდები, წოწოლავ" (რუს. «Ты становишься психом, долговязый»). ხშირია გამოთქმები: ჩამოყაჭე, ძალუმად ხეთქე, ფეშხვი - სიტყვები, რომლების „ილიადასა“ და „ოდისეას“ ქართული თარგმანების მერე არსად შემხვედრია. დაბოლოს, ძალიან მაგარი წინადადება: "ამ ჯირკუტანა კაცს ჯაგარა თმა ბუძგად ადგა და სახე სპილენძისფერი ჰქონდა..."

მოკლედ, ჯობია თავიდანვე ტექსტის მეორე გამოცემაზე დავიწყოთ ფიქრი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საქმეს ორი კარგი რედაქტორი დასჭირდება, ერთი - ესპანურენოვანი, ვინც დედანთან შეადარებს და მეორე - კარგი მოქართულე, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი უცნაურობებისგან დაიცავს ტექსტს. მხოლოდ გამომცემლობის რედაქტორებით, სულაც ოთხმა რედაქტორმა რომ წაიკითხოს წიგნი, საქმეს არ ეშველება, უფრო პირიქით. ასე რომ, მოვემზადოთ მეორე გამოცემისთვის, "ძალუმად" მოვემზადოთ.
XS
SM
MD
LG