Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტიურობით ჩატარდა


ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კიდევ ერთ ხუთწლიან ვადას მოიპოვებს. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩევლის აქტიურობამ 89.9 პროცენტი შეადგინა - რაც ბევრად აღემატება წინა არჩევნებზე აღრიცხულ 76.8 პროცენტს. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, 70 წლის ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები ყაზახ ამომრჩეველში არსებულ „ერთიანობას“ წარმოაჩენს, მას კი ქვეყნის განვითარების გეგმების განხორციელების საშუალებას მისცემს. კენჭს კიდევ სამი კანდიდატი იყრიდა - თუმცა, გავრცელებული აზრით, ნაზარბაევის რეალურ მეტოქეს არც ერთი წარმოადგენს. მათგან ერთ-ერთმა, გარემოს დამცველმა მელის იელეუსიზოვმა ისიც კი აღიარა, რომ თავად მან ხმა ნაზარბაევს მისცა.ყაზახეთის ოპოზიცია კენჭისყრისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა და მას ფარსი უწოდა. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო იდეა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე - რომელსაც ნაზარბაევის პრეზიდენტობის ვადა 2020 წლამდე უნდა გაეგრძელებინა. დღევანდელ არჩევნებს ეუთოს დამკვირვებლები ადევნებდნენ თვალს. მათი ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება. ყაზახეთში არასოდეს ჩატარებულა არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები თავისუფლად ან სამართლიანად შეაფასებდნენ.
XS
SM
MD
LG