Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური ”რვიანის” ახალი სამოქმედო გეგმა


"ოპოზიციური რვიანის" ერთ-ერთი შხვედრა
"ოპოზიციური რვიანის" ერთ-ერთი შხვედრა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური ”რვიანი” ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის. მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური „რვიანის“ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, „რვიანში“ გაერთიანებული პარტიები ახალ გეგმებს სახავენ. ერთობლივი განცხადების გაკეთება 4 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ”რვიანის” ერთ-ერთი წევრი, მემარჯვენე მამუკა კაციტაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ოპოზიციური „რვიანი“ დამატებით წინადადებებსა და შეთავაზებებს ხელისუფლებას ხვალ, 5 აპრილს, წარუდგენს. მანამდე კი ექსპერტები პოლიტიკის დარგში ცდილობენ შეაფასონ ოპოზიციური „რვიანის“ სამომავლო პერსპექტივები, ხელისუფლების დამოკიდებულება საარჩევნო გარემოს შეცვლის მიმართ და რადიკალური ოპოზიციის სულ უფრო და უფრო აქტიურად ლაპარაკი ხელსუფლების რევოლუციის გზით შეცვლის თაობაზე.

პოლიტიკური ბრძოლის არსენალში არსებულ ბრძოლის ყველა ფორმასა და მეთოდს გამოვიყენებთ მანამ, სანამ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ წავიდეს გარკვეულ შეთანხმებებზე.
სანამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური ”რვიანისა” და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხამდე მივიდოდა, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე არაერთი ოთხშაბათი მიილია ხელისუფლებისა და ”რვიანის” მოლაპარაკების პროცესში. მაინცდამაინც ოთხშაბათზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, მცირე შესვენებას თუ არ ჩავთვლით, ოპოზიციური „რვიანი“ და ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველ ოთხშაბათს დავით აღმაშენებლის ხეივანში - კონკრეტულად, მე-13 კილომეტრზე, უფრო კონკრეტულად კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში - იკრიბებოდნენ და, კიდევ უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, ერთ გრძელ მაგიდასთან სხდებოდნენ. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ისე გამოვიდა, რომ საერთო მაგიდასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოტივით ჯდომამ და სჯა-ბაასმა შედეგი ვერ გამოიღო, ანუ, როგორც ამბობენ, მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა და ახლა ოპოზიციური „რვიანი“ ახალ სამოქმედო გეგმაზე გადასვლას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ 4 აპრილს ქართული პრესის მეთაური წერილები საზოგადოებას ამცნობდნენ, რომ ოპოზიციური „რვიანი“ სწორედ 4 აპრილს გააკეთებდა განცხადებას ხელისუფლებისათვის ახალი შეთავაზებების შესახებ, ”რვიანმა” განცხადების გაკეთება ერთი დღით გადადო, თუ რატომ, ამის მიზეზს რადიო თავისუფლების მსმენელს მემარჯვენე მამუკა კაციტაძე უხსნის. ის ამბობს, რომ შესაჯერებელია რიგი საკითხები, რომლებიც ოთხი აპრილის სამუშაო შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს. 5 აპრილს კი აღნიშნული საკითხების დეტალებს საზოგადოებაც შეიტყობს.
”ჩვენ მთავარი პრინციპების დონეზე გვექნება შეთავაზებები ყველა დაინტერესებული მხარისათვის, თუ რა პრინციპები უნდა იყოს დაცული მოლაპარაკების პროცესში და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, იმ თემებთან დაკავშირებით, რასაც საარჩევნო თემატიკა ჰქვია და, ბოლოს, გვექნება დამატებითი წინადადებები და შეთავაზებები მაგიდის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ შეთავაზებებსა და, მთლიანობაში, განცხადებას, ოპოზიციური ”რვიანი“ 5 აპრილს გააკეთებს”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

მამუკა კაციტაძე ოპოზიციური „რვიანის“ იმ სამ კომპონენტზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლების შეუვალ პოზიციას დაუპირისპირდება და რომელიც „რვიანის“ წარმატების გარანტად იქცევა. პირველი, ეს არის „რვიანის“ ერთსულოვნება, მეორე - საზოგადოების მხარდაჭერა და მესამე -საერთაშორისო საზოგადოების ინტერესიო, ამბობს ის.

”პოლიტიკური ბრძოლის არსენალში არსებულ ბრძოლის ყველა ფორმასა და მეთოდს გამოვიყენებთ მანამ, სანამ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ წავიდეს გარკვეულ შეთანხმებებზე”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

ვერც რადიკალური და ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ მიაღწევს წარმატებას, თუკი ამ პროცესში არ იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა...
მაშინ, როდესაც ოპოზიციური ”რვიანი” ხელისუფლების შეცვლას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით ცდილობს, ოპოზიციის მეორე ფრთა, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, მაისის თვეში რევოლუციებს აანონსებს და მედიის საშუალებით იმედსაც გამოთქვამს, რომ რევოლუციას არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან ძალა, არამედ თავად ხალხი მოაწყობს. პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერება არანაირად არ აძლევს ხელს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციურ „რვიანს“. მისი ვარაუდით, სწორედ ამის გამო გადადის ოპოზიციური „რვიანი“ შეთავაზებების ახალ პაკეტზე:

”მოლაპარაკების თვალსაჩინო წარუმატებლობა რადიკალური ოპოზიციისათვის იქნება მომგებიანი. ეს, მგონი, კარგად ესმის ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ ”რვიანსაც” და შეიძლება ამით ავხსნათ ისიც, რომ როდესაც მოლაპარაკებები საბოლოოდ შევიდა ჩიხში, ”რვიანი” ცდილობს საკუთარი მოთხოვნების მოდიფიკაციას და მოთხოვნების ახალი პაკეტის წარდგენას”, - მიაჩნია გია ნოდიას.

გია ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ოპოზიციური ”რვიანის” მოთხოვნასთან, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ამ მიმართულებით რადიკალურ ოპოზიციას არასწორი გზა აქვს არჩეულიო, ამბობს გია ვოლსკი. ის ოპოზიციის წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაში ხედავს:

”ვერც რადიკალური და ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ მიაღწევს წარმატებას, თუკი ამ პროცესში არ იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ყბადაღებული სიტყვა რომ არის ”შეშფოთება”... საკმარისია შეშფოთება გამოხატოს საერთაშორისო საზოგადოებამ შექმნილი ვითარების მიმართ, რომ ეს გზას გაუხსნის სიტუაციის დარეგულირებას. მიმაჩნია, რომ როგორც რადიკალებს, ასევე კონსტრუქციულ ოპოზიციას შიდა რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს”, - ამბობს გია ვოლსკი.
XS
SM
MD
LG