Accessibility links

logo-print

”სახალხო კრების” ახალი პროექტი- ”სამართალი მოდის”


საპროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ

საპროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ

”სახალხო კრებამ” უზენაესი სასამართლოს შენობის წინ სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი მოძრაობის აქცია-პრეზენტაცია გამართა. პროექტის სახელწოდებაა ”სამართალი მოდის”. ახალ პროექტს ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე უხელმძღვანელებს. სამოქალაქო წინააღმდეგობის ამ პროექტის მიზანი, შალვა ოგბაიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობისა და დანაშაულებების აღწერა იქნება.

ხელისუფლების გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ: სამართალი მოდის!
შალვა ოგბაიძემ, კოორდინატორმა პროექტისა ”სამართალი მოდის”, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ის 8 კითხვა დასვა, რომელთა საფუძველზეც „სახალხო კრება“ მოქმედებას შეუდგება:

”გდევნის ხელისუფლება?
გამოგაგდეს სამსახურიდან?
წაგართვეს კანონიერი საკუთრება?“

და კიდევ, თუ გითვალთვალებენ ან ტელეფონზე გისმენენ, შეგილახეს უფლება და უკანონოდ დაგაპატიმრეს, მაშინ შალვა ოგბაიძე ხელისუფლებას აფრთხილებს:

”ხელისუფლების გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ: სამართალი მოდის!”

შალვა ოგბაიძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ყველა უფლებადარღვეული ადამიანის შესახებ ინფორმაციის ასახვას და სპეციალური ბაზის შექმნას. „სახალხო კრების“ წარმომადგენლები, ახალგაზრდულ მოძრაობა ”არასთან” ერთად, ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლება დაირღვა, მოუწოდებენ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას და ახალ მოძრაობას და შეატყობინონ მათი უფლების დარღვევის ფაქტები. ყველა კონკრეტულ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნებაო, ამბობენ „სახალხო კრების“ წევრები.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოძრაობა "არას" ლიდერმა, ლევან ჩიტაძემ განაცხადა, მათ აქვთ ასევე ჩამონათვალი კონკრეტული თანამდებობის პირებისა, რომელთა ქონების შესახებაც ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.

ახალი მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ყველა უფლებადარღვევის შესახებ ისინი სასამართლოს მიმართავენ, ოღონდ არა დღევანდელ სასამართლოს, არამედ იმას, რომელიც მომდევნო ხელისუფლების პირობებში იმუშავებს. დღეს კი მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო იწყება, რაც „სახალხო კრების“ წარმომადგენლის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, პროექტის ”სამართალი მოდის” მთავარი მიზანია.

”ამ ყველაფერს სჭირდება აღრიცხვა, თანადგომა, ამას სჭირდება რეაგირება. ეს პროექტი სწორედ ამისთვის არის მობილიზებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ.”

ირაკლი ბათიაშვილისვე განცხადებით, მოძრაობა ”სამართალი მოდის” იმ პროექტების ნაწილია, რომელთაც ”სახალხი კრება” 2 მაისამდე გეგმავს. თუმცა იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს 2 მაისს, ირაკლი ბათიაშვილი ამჯერად საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG