Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუ მოკლავ მეგობარს!


4 აპრილს უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს თბილისში. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა საზოგადოებას მოუწოდა მეტი თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინოს უპატრონო ცხოველების მიმართ, რომელთაც ხშირად სასტიკად და არაჰუმანურად ეპყრობიან. არაოფიციალური სტატისტიკით, თბილისში ყოველდღიურად 50-მდე უპატრონო ძაღლს კლავენ. როგორ აღინიშნა თბილისში უპატრონო ცხოველების მიმართ თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღე?

ბითო ჯანმრთელი და კარგად მოვლილი კავკასიური ნაგაზია, რომელსაც, ბევრი სხვა ძაღლისგან განსხვავებით, გაუმართლა, როცა ორი წლის წინ, პატრონის მიერ მოძულებული და ლისის ტბაზე ბედის ანაბარად მიტოვებული, თამაზ ელიზბარაშვილის ხელში მოხვდა:

ურეკავენ ძაღლების დამჭერებს ისე, რომ არც იციან რა დღეში ჩააგდებენ ამ ძაღლებს. მათი ნაწილი ადგილზე კვდება - კისერს უტეხენ...
„ეტყობა, ძაღლმა გადაწყვიტა ქალაქში ჩამოსულიყო და კორპუსებისკენ წამოვიდა. გზად რამდენიმე მოქალაქე დააფრთხო... დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება. წავედი, დავიჭირე და წამოვიყვანე ჩემს თავშესაფარში. ორი წელია ჩემთან არის და არაჩვეულებრივად ვმეგობრობთ. ახლა ვეძებ ბითოსთვის კარგ პატრონს.“

თავშესაფარში ბითოს გარდა ახალ პატრონს 50-მდე ძაღლი ელოდება, სულ, როგორც თავშესაფრის პატრონი და „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში 600-ზე მეტი მიტოვებული ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. მათი აბსოლუტური უმეტესობა ჯიშიანია, რაც ერთიორად ზრდის ახალი პატრონის მოძებნის ალბათობას. გაცილებით რთული ვითარებაა ეგრეთ წოდებულ უჯიშო, ქუჩის ძაღლებთან მიმართებით. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წარმომადგენლის სოფიკო გაბისონიას თქმით, „ოთხფეხა მეგობრების“ მკვლელობაში მონაწილეობის მიღება თბილისელთა უმეტესობის ჩვეული, ყოველდღიური საქამიანობაა:

„ურეკავენ ძაღლების დამჭერებს ისე, რომ არც იციან რა დღეში ჩააგდებენ ამ ძაღლებს. მათი ნაწილი ადგილზე კვდება - კისერს უტეხენ „მაშებით“. თანაც კლავენ არა მხოლოდ აგრესიულ ძაღლებს, არამედ მშვიდებსა და ლეკვებსაც კი.“

ამასთან, უპატრონო ძაღლების დაჭერა და იზოლირება ხდება არაჰუმანური გზით, რასაც ძაღლების დამჭერი ორგანიზაციის - „დებიუტის“ - წარმომადგენელი ნინო კალმახელიძეც არ უარყოფს:

სამწუხაროდ, უპატრონო ძაღლების დიდი ნაწილი ქუჩაში არ იბადება, მათ სახლებიდან ყრიან ...
„დასაჭერად იყენებენ ბადესა და სპეციალურ კაუჭს. არანაირი დაძინება, რომელიც ვცადეთ, მაგრამ მოსახლეობამ გააპროტესტა, ადგილზე ნუ კლავთო.“

საზოგადოების ამგვარ დამოკიდებულებას, ძაღლების მკვლელობასა და „დებიუტის“ საქმიანობას წლების განმავლობაში აკრიტიკებენ ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, როგორც „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ხელმძღვანელი თემურ წიქორიძე ამბობს, 4 აპრილის აქცია უფრო ინფორმაციის გავრცელების მიზნით ჩატარდა, ვიდრე პროტესტის გამოსახატად.

„საჭიროა ცხოველებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. სამწუხაროდ, უპატრონო ძაღლების დიდი ნაწილი ქუჩაში არ იბადება, მათ სახლებიდან ყრიან“, ამბობს თემურ წიქორიძე:

„რატომღაც მეგობარ ცხოველად წარმოუდგენიათ მარტო მონადირე ძაღლი, რომელსაც წაიყვანენ სანადიროდ და რომელიც მიუტანს ნანადირევს. ან კიდევ ჯიშიანი ძაღლი უნდათ, რომ იტრაბახონ: როცა ჰკითხავენ, როგორი კაცი ხარო, უპასუხებს, აი, ასეთი მაგარი ძაღლი მყავსო! - ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ელემენტარულად ცხოველსა და ადამიანს შორის არსებობს ჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება: თუ გაჭირვებაშია ცხოველი, ადამიანი ეხმარება მას, აწვდის საკვებს ან მიჰყავს სახლში.“

თემურ წიქორიძემ და ცხოველთა უფლებების სხვა დამცველებმა 4 აპრილი ამ მარტივი ჭეშმარიტებების შესახსენებლად გამოიყენეს. თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კი გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ვითარებას შეცვლიან და თბილისის მერიას ხელს ააღებინებენ უპატრონო ცხოველების უკანონო ხოცვაზე. ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში თბილისში 20 ათასამდე ძაღლს კლავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG