Accessibility links

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს უდანაშაულოდ მიიჩნევენ


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა საქართველოში პატიმრობიდან გამოიხსნას ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებსაც უდანაშაულოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ დღეს ინტერნეტ-პორტალ izrus.co.il-ს განუცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა პინხას ავივიმ. ამასთან, მან დასძინა, რომ ფუქსის და ფრენკელის საქმემ ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობა არ უნდა გააუარესოს და პირიქით, მრავალწლიანი თანამშრომლობა ისრაელმა ბიზნესმენთა დასახმარებლად უნდა გამოიყენოს. პინხას ავივის განაცხადებითვე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ყოფილა ინფორმირებული ქვეყანაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სტუმრობის შესახებ. დიპლომატის განმარტებით, მთავრობის ჩინოვნიკები აფხაზურ დელეგაციას ვერ მიიღებდნენ, რადგან ისრაელი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამასთან, ავივიმ არ გამორიცხა, რომ დელეგაციის წევრები ქნესეთის დეპუტატებს და ბიზნესმენებს შეხვდნენ. izrus.co.il რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით 3 აპრილს იუწყებოდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბიზნესმენების ფუქსის და ფრენკელის საქმის გამო ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობის დაძაბვით ისარგებლა და გარკვეული კონტაქტების დასამყარებლად, მარტის ბოლოს ისრაელში მიავლინა დელეგაცია, რომლის წევრებიც პარლამენტის დეპუტატებსა და ბიზნესმენებს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG